Ferrari sticking with 'pullrod' in 2015 – report
10 იანვარი
„ფერარი“ თავისი ახალი ბოლიდის წინა ბორბლების
საკიდარში, ისევ გამწევბერკეტიან სისტემას შეინარჩუნებს. მარანელოელები ასეთ
კონსტრუქციას 2012 წლიდან იყენებენ. არადა, მიჩნეულია, რომ გამწევბერკეტიანი
საკიდარის ტრასის მახასიათებლების შესაბამისად მომართვა მეტისმეტად რთულია და
ხშირად ვერც ხერხდება. სხვათა შორის, მსგავსი კონსტრუქცია „ფერარიმდე“ ბოლოს
„მინარდიმ“ (ახლანდლი ტორო როსო) 2001 წელს გამოიყენა.
არსებობს მოსაზრება, რომ გამწევბერკეტიანი წინა
საკიდარი არის ძირითადი მიზეზი იმისა, რომ კიმი რაიკონენი გასული სეზონის მანქანას
ვერაფრით მოერგო. სამაგიეროდ, ფინელმა კარგად იასპარეზა 2013 წლის სეზონის „ლოტუსით“,
რომელსაც ადვილად დასარეგულირებელი წინა საკიდარი ჰქონდა. გასულ სეზონში ის
ყველაზე ხშირად სწორედ ავტომობილის ცუდ მართვადობას უჩიოდა.
მიუხედავად იმისა, რომ გამწევბერკეტიანი სისტემა ძნელად
დასარეგულირებელია, მას ბევრი კარგი თვისებაც აქვს. კერძოდ, ნაკლებ წინააღმდეგობას
უქმნის ჰაერის შემხვედრ ნაკადს და შესაბამისად, აუმჯობესებს აეროდინამიკას;
საშუალებას იძლევა, რომ ავტომობილის ცხვირი დაბლა იყოს დაწეული; და სიმძიმის
ცენტრს დაბლა სწევს.
რაიკონენის აწ უკვე ყოფილ თანაგუნდელ ფერნანდო
ალონსოს, ვინც ახალ სეზონში „მაკლარენში“ იასპარეზებს, ამ ტიპის საკიდარით აღჭურვილი
ავტომობილის მართვამ 2001 წელს მოუწია, როცა „მინარდის“ წევრი იყო. ის უკეთ შეეგუა
„რთულ“ საკიდარს. მაგრამ ასეთი პრობლემების მიუხედავად, მარანელოში გადაწყვიტეს,
რომ „ფერარი 666“ ასეთ საკიდარს შეინარჩუნებს.
კორესპონდენტი რობერტო კინკერო ამბობს: „რაიკონენი მუდმივად
უჩიოდა მანქანის წინა ნაწილის არაზუსტ მუშაობას, რაც გამწევბერკეტიანი საკიდარის
უარყოფითი თვისებაა. და ფინელის სტილი ძალიან ახლოსაა სებასტიან ფეტელის სტილთან. ისიც
ზუსტ და მგრძნობიარე წინა საკიდარს ამჯობინებს“. მეორე მხრივ, რაიკონენმა განაცხადა,
რომ ახალ სეზონში ნაკლებ პრობლემას ელის.
სხვათა შორის, ტექნიკური რეგლამენტის ცვლილებათა
მიუხედავად, ბევრმა გუნდმა გასული სეზონის მანქანის განვითარება ამჯობინა სრულიად
ახლის შექმნას. როგორც ჩანს, მათ შორის არაა „ფერარი“, რადგან, კიმი ამბობს: „ახალი
სეზონი განსხვავებული იქნება. მანქანა განსხვავებულია და ამიტომ, ისეთ პრობლემებს
აღარ ველი, რაც გასულ სეზონში მქონდა“.
No comments:
Post a Comment