Stripped-out interior of the McLaren P1 GTR
revealed
22 ოქტომბერი
„მაკლარენმა“ თავის ჰიბრიდულ სუპერ ავტომობილ P1-ის
სატრეკო ვერსიის ინტერიერის ფოტოები გაავრცელა. P1 GTR ჯერ ისევ სრულყოფის
პროცესშია და ტრეკზე ტესტებს გადის. მისი ინტერიერის ჩვენებით კი უოკინგელებმა
ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ ავტომობილი მაქსიმალურადაა შემსუბუქებული და
შესაბამისად, საბაზო ვერსიაზე უკეთესი მახასიათებლები ექნება.
მართალია, ამ სახით კოკპიტი სპარტანულად
გამოიყურება, თუმცა მასში ყველაფერია იმისათვის, რომ პილოტმა თავი კომფორტულადაც და
დაცულად იგრძნოს და მთელი ყურადღება ავტომობილის ექსტრემალურ მართვაზე გადაიტანოს.
ფოტოებზე ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ კოკპიტი ძრითადად კარბონის კომპოზიტის
ნაწარმითაა გაწყობილი და ინფორმაციის გადმოსაცემად ძირითადად ციფრული ტექნიკაა
გამოყენებული.
განსაკუთრებულ ყურადღებას საჭის რგოლი იმსახურებს,
რომლის ბაზისადაც ფორმულა ერთის 2008 წლის საჩემპიონო MP4-23-ის საჭეა გამოყენებული.
და ის ამ ავტომობილისთვის ექსკლუზიურად შეიქმნა. შეგახსენებთ, რომ უოკინგელებმა P1
GTR-ი პირველად საზოგადოებას პებლ ბიჩის ელეგანტურობის კონკურსზე, აგვისტოში
წარუდგინეს.
საჭის ცენტრში ძირითადი გადამრთველებია მოთავსებული,
რაც პილოტს მანქანის პარამეტრების რეგულირების საშუალებას აძლევს. რაც მთავარია,
ამ დროს მისი ხელები საჭეზე დარჩება. საჭეზევეა მოთავსებული DRS-ის
(უკანა ანტი ფრთის წინააღმდეგობის შემცირების სისტემა) და სიმძლავრის მყისიერი
დამხმარე სისტემის (IPAS - ელექტრო ძრავის დახმარებით, აქსელერატორზე მყისიერ
რეაგირებას უზრუნველყოფს) ღილაკებიც. როგორც „მაკლარენი“ ამბობს, საჭეზე გადამრთველები
და ღილაკები ისეა განლაგებული, რომ სრულად ეკიპირებულმა (კომბინეზონი, ჩაფხუტი და
ხელთათმანები) პილოტმა იოლად ორიენტირება და გამოყენება შეძლოს.
სავარძლები რა თქმა უნდა, კარბონისგანაა დამზადებული.
ისინი DTM-ის
სარბოლი ავტომობილის სტილშია შესრულებული და ექვსწერტილოვანი ღვედებითაა ეკიპირებული.
სავარძლებიც და ღვედებიც მყიდველის მონაცემების შესაბამისად, უშუალოდ შასიზე მაგრდება
და იმის გამო, რომ შუალედური სამაგრები საჭირო აღარაა, ამითაც წონა შემცირებულია.
სავარძლების კონსტრუქცია სისტემა HANS-თან (კისრის და თავის დამცავი,
რომელიც ჩაფხუტზე მაგრდება) თავსებადია.
კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული მონოკოკი საგზაო
P1-ისგანაა აღებული. ის 90 კილოგრამს იწონის. ის მოიცავს ზედა და ქვედა
სტრუქტურებს, სახურავის სტრუქტურას, ძრავის ჰაერის ამღების მილს, ელემენტების
ბლოკისა და ელექტრონული ძალური დანადგარის სექციებს. უკანა ანტი ფრთა ფიქსირებულია
და უფრო მაღლაა განლაგებული.
ავტომობილის შემუშავების პროგრამა, მისი გაძლიერებული
ძრავის, შეცვლილი აეროდნმიკისა და „პირელის“ სლიკ-საბურავების პარამეტრების
შესაბამისადაა შედგენილი და ბალანსის და მართვადობის ოპტიმიზაციას ითვალისწინებს.
როგორც კომპანია აცხადებს, ტესტებისას ავტომობილმა წინასწარ დასახული მიზნობრივი
პარამეტრები სრულად დააკმაყოფილა, ან რიგ შემთხვევებში, გაცილებით უკეთესი შედეგებიც
კი აჩვენა. ამჟამად კომპანია ტესტებს ბაჰრეინში, ძლიერი სიცხის პირობებში ატარებს.
No comments:
Post a Comment