Motor race-Hamilton in control after Singapore
win
21 სექტემბერი
შეიძლება ითქვას, რომ ლუის ჰამილტონმა მსოფლიო ჩემპიონატის
ლიდერობა უბრძოლველად ჩაიგდო ხელში, რადგან მისი მთავარი მეტოქე და თანაგუნდელი,
ნიკო როსბერგი სტარტამდე გამოეთიშა გამარჯვებისთვის ბრძოლას. და მაინც, ბრიტანელისთვის
გამარჯვება იოლი ნამდვილად არ ყოფილა. მას ამისათვის ოფლის დაღვრა დასჭირდა როგორც
პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით.
პირდაპირი მნიშვნელობით იმიტომ, რომ ხუთკილომეტრიან
საქალაქო ტრეკზე არსებული 23 მოსახვევი პილოტებისგან გვარიან გარჯას მოითხოვს. გადატანითი
მნიშვნელობით კი იმიტომ, რომ ტრასაზე უსაფრთხოების მანქანის გამოსვლამ, ჰამილტონს
ნახევარი რბოლის შემდეგ მიღწეული უპირატესობა ჩაუყლაპა. ბოლოს კი ტაქტიკურ ბრძოლაში
ჩაება, რა დროსაც ბევრი რამ მისი საბურავების გამძლეობაზე იყო დამოკიდებული. თუმცა
ისიც უნდა ითქვას, რომ „მერსედესმაც“ ძალიან გარისკა, როცა ჰამილტონის ბოლო,
მესამე პიტ სტოპი მაქსიმალურად გვიან დაუგეგმა. თუმცა, საბოლოოდ ყველაფერი ბრიტანელისთვის
სასურველი შედეგით დასრულდა.
როსბერგმა გასახურებელ წრეზე გასვლაც კი ვერ შეძლო,
რის გამოც, ის პიტლეინზე გადააგორეს და სტარტის იქიდან აღებამ მოუწია. მიზეზი -
საჭის მექანზმი გაჭირვეულდა. რბოლაში კი ჩაება, მაგრამ მხოლოდ 14 წრის გავლა მოასწრო
და პიტ სტოპის შემდეგ, ნეიტრალიდან ტრანსმისია სამუშაო რეჟიმზე ვეღარ გადაიყვანა.
მისთვის რბოლა იქვე დასრულდა. „საჭის რგოლი აბსოლუტურად არ მუშაობდა, რის გამოც,
აგრეგატის ძალას ვერ ვიყენებდი და ვერც ტრანსმისიის საფეხურებს ვცვლიდი. რბოლის
ერთ მომენტში ერთდროულად ორი საფეხური ჩაირთო. DRS-ს საერთოდ ვერ ვიყენებდი.
მანქანამ საერთოდ ვერ იმუშავა და ასე გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა“, - განაცხადა როსბერგმა.
ჰამილტონმა იოლად ჩამოიტოვა ყველა მეტოქე, მაგრამ
საქმე შუა რბოლაში გაურთულდა, როცა სერხიო პერესმა და ადრიან სუტილმა გზა ვერ
გაიყვეს და შედეგად, მექსიკელის „ფორს ინდიას“ წინ ფრთა მოსტყდა. მისმა ნამსხვრევებმა
ტრასა გაავსო და ამიტომ, რბოლაში უსაფრთხოების მანქანა ჩაერთო. უფრო სწორედ, პელოტონს
სათავეში მოექცა. ეს 31-ე წრეზე მოხდა. იმ მომენტში მოწინავე ხუთეულში მყოფი
პილოტებიდან, მხოლოდ ფერნანდო ალონსომ გადაწყვიტა რეზინის შეცვლა. დანარჩენებიდან
- ჰამილტონი, სებასტიან ფეტელი, დანიელ რიკარდო, ბრიტანელს სუპერ რბილი რეზინი
ეყენა, „რედ ბულის“ პილოტები კი რბილებით იყვნენ.
უსაფრთხოების მანქანა პელოტონს გზიდან 38-ე წრეზე
ჩამოეცალა. მალევე „უილიამსმა“ და „რედ ბულმა“ თავის ბიჭებს აუწყეს, რომ რეზინის
გამოცვლას აღარ უპირებდნენ. ფინიშამდ 10 წრით ადრე, ჰამილტონმა ბოქსში შესვლა
ითხოვა, მაგრამ გუნდმა აცნობა, უპირატესობას ზრდი და აზრი არ აქვსო. ჰამილტონი
შიშობდა, რომ უკანა საბურავები ვერ გაუძლებდა, მაგრამ გაუძლო და ბოქსში 53-ე წრეზე
შევიდა. ამ დროს ის მეორეზე მყოფ ფეტელს უკვე 25 წამს უგებდა, რაც პიტ სტოპისთვის
საკმარისი არ იყო, თუმცა სამქიმიანების გათვლა იმას ეყრდნობოდა, რომ ბრიტანელი
ახალი რეზინით სწრაფად შეძლებდა დაწევას და გასწრებას. ასეც მოხდა.
„მინდა, ჩემს გუნდს დიდი მადლობა გადავუხადო. იმედი
მქონდა, რომ ტექნიკური პრობლემები არ შემექმნებოდა. ასე მოხდა. ჩვენ ყოველთვის
ვისწრაფვით, რომ ორი მანქანით დავასრულოთ რბოლა მოწინავე პოზიციაზე. და ახლაც ამას
ვისახავდით მიზნად. ასე რომ, მუშაობა ისევ მოგვიწევს“, - განაცხადა ჰამილტონმა,
ვინც სინგაპურში გამარჯვების შემდეგ, როსბერგს სამ ქულას უგებს. ამ სეზონში მან
მეშვიდე, კაერიერაში კი 29-ე გამარჯვება მოიპოვა. შედარებისთვის, როსბერგს ოთხი, დანიელ
რიკარდოს კი სამი რბოლა აქვთ მოგებული.
კვარცხლბეკის ორი ქვედა საფეხური, „რედ ბულის“
პილოტებმა დაიკავეს. ოღონდ, ამჯერად უფრო მაღლა ფეტელი დადგა, რომელმაც ჯერაც
ტიტულისთვის მებრძოლ რიკარდოს, ვისაც შუა რბოლაში ძრავთან დაკავშირებული
პრობლემები ჰქონდა, გასწრების საშუალება არ მისცა. ალონსომ ფინიშამდე სდია რიკარდოს,
მაგრამ გასწრება ვერ შეძლო. სხვათა შორის, ესპანელმა შესანიშნავი სტარტი აიღო და პირველ
მოსახვევში ფეტელსაც და რიკარდოსაც შეასწრო, მაგრამ მეტისმეტი მოუვიდა, გზას ასცდა
და იმისათვის, რომ სტუარდებს არ დაეჯარიმებინათ, ფეტელი გაატარა.
შესანიშნავად იასპარეზა ჟან-ერიკ ვერნმა, ვინც
რბოლის მიწურულს, ტრასის საზღვრიდან გასვლის გამო, ხუთწამიანი ჯარიმა კი
დაიმსახურა, მაგრამ ბოლო წრეებზე, რისკიანი, თუმცა ზუსტი მანევრით კიმი რაიკონენი
და სერხიო პერესი ჩამოიტოვა და ფინიშის ხაზი მეექვსემ გადაკვეთა. თანაც, ორივე ხუთ
წამზე მეტით ჩამოიტოვა, რამაც ჯარიმის გაბათილების საშუალება მისცა. ეს ამ სეზონში
მისი საუკეთესო შედეგია.
სინგაპურის დიდი პრიზი
სინგაპური, მარინა ბეი, დისტანცია 308.828 კმ (5.065
კმ, 61 წრე)
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 2:00:04.795
2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) +00:13.534
3. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 00:14.273
4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 00:15.389
5. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 00:42.161
6. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო) 00:56.801
7. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 00:59.038
8. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 01:00.641
9. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 01:01.661
10. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი) 01:02.230
11. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 01:05.065
12. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი) 01:06.915
13. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 01:08.029
14. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 01:12.008
15. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, კატერჰემი) 01:34.188
16. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია) 01:34.543
17. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია) 1 წრე
გ. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 8 წრე
გ. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი) 20 წრე
გ. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი) 43 წრე
გ. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 47 წრე
გ. კამუი კობაიაში (იაპონია, კატერჰემი) სტარტი ვერ აიღო
შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: ლუის ჰამილტონი - 1:50.417, 39-ე წრე
მრბოლთა კლასიფიკაცია
1. ლუის ჰამილტონი - 241 ქულა; 2. ნიკო როსბერგი - 238;
3. დანიელ რიკარდო - 181; 4. ფერნანდო ალონსო - 133; 5. სებასტიან ფეტელი - 124; 6.
ვალტერი ბოტასი - 122; 7. ჯენსონ ბატონი - 72; 8. ნიკო ჰულკენბერგი - 72; 9. ფელიპე
მასა - 65; 10. სერხიო პერესი - 45; 11. კიმი რაიკონენი - 45; 12. კევინ მაგნუსენი
- 39; 13. ჟან-ერიკ ვერნი - 19; 14. რომენ გროჟანი - 8; 15. დანილ კვიატი - 8; 16.
ჟიულ ბიანკი - 2; 17. ადრიან სუტილი - 0; 18. მარკუს ერიქსონი - 0; 19. პასტორ
მალდონადო - 0; 20. ესტებან გუტიერესი - 0; 21. მაქს ჩილტონი - 0; 22. კამუი
კობაიაში - 0
კონსტრუქტორთა თასი
1. მერსედესი - 479 ქულა; 2. რედ ბულ-რენო - 305; 3.
უილიამს-მერსედესი - 187; 4. ფერარი - 178; 5. ფორს ინდია-მერსედესი - 117; 6. მაკლარენ-მერსედესი
- 111; 7. ტორო როსო-რენო - 27; 8. ლოტუს-რენო - 8; 9. მარუსია-ფერარი - 2; 10. ზაუბერ-ფერარი
- 0; 11. კატერჰემ-რენო - 0
No comments:
Post a Comment