Ferrari F12 TRS: the one-off made for the 2014
Ferrari Cavalcade
23 ივნისი
რა აქვს ამ ავტომობილს (ფოტოზე) იმისა, რომ მასში
თუნდაც მულტიმილიონიანი ქონების პატრონმა, ვინც გვარის გამხელასაც არ აპირებს, 4 მილიონ
დოლარზე მეტი გადაიხადოს? ეს თანხა ხომ თითქმის ათჯერ მეტია იმ დონორი ავტომობილის
ფასზე, რომლის საფუძველზეც აგებულია? თანაც, როგორც ირკვევა, „ფერარის“ სპეციალური
პროექტების შტოს ხელიც არ უხლია ძრავისა და დონორის მექანიკური ნაწილისთვის...
მთავარი მოტივი ისაა, რომ ასეთი ავტომობილი მთელს
მსოფლიოში სხვას არავის არასდროს ეყოლება. ის ინდივიდუალური პროექტით, „ფერარი
ჩენტრო სტილეს“ შემოქმედებაა, პროექტს კი ამ ცენტრის შეფი ფლავიო მანცონი
ხელმძღვანელობდა. დიზაინერებმა კი თურმე შთაგონების წყაროდ, ლეგენდარული „ფერარი 250
ტესტა როსა“ გამოიყენეს, რომელიც მარანელოში 1957 წელს გამოუშვეს და რომლის ერთი
ეგზემპლარიც მცირე ხნის წინათ რეკორდულ ფასში, 39 მილიონ დოლარად გაიყიდა.
როგორც სათაურშიც წერია, ამ ძვირფასი „კვიცის“
სახელია „ფერარი F12 TRS“. ის სერიული „ფერარი F12 ბერლინეტას“ ბაზაზეა დამზადებული
და დონორისგან მხოლოდ გარეგნობით განსხვავდება. სხვათა შორის, იყო ვარაუდი, რომ მის
კაპოტქვეშ „ლაფერარის“ ჰიბრიდული აგრეგატის მსგავსი რამ მოთავსდბოდა, მაგრამ ეს ვარაუდი
არ გამართლდა და ერთჯერად ავტომობილს მამოძრავებელ ძალას ისევ სტანდარტული, თუმცა
ძალიან ძლიერი 6.3-ლიტრიანი ატმოსფერული მონსტრი ანიჭებს.
ავტომობილის წინა ნაწილში მოთავსებული ამ ძრავის
არქიტექტურა V12-ია. ის 730 ცხენის ძალას და 690 ნიუტონმეტრს იძლევა. ეს კი
საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარე 3.1 წამში
აკრიფოს, 200 კმ/სთ სიჩქარეს კი 8.1 წამში მიაღწიოს. მაქსიმალური სიჩქარეც
შესაფერისია - 340 კმ/სთ. გარეგნულ ცვლილებათაგან ერთიც ძრავს უკავშირდება - კაპოტის
უკანა ნაწილი გამჭვირვალეა და იქიდან ეს წითელკოლექტორიანი მონსტრი ამაყად
გიმზერთ...
და რაღა დარჩა ისეთი, რაც „ფერარიმ“ 3 მილიონ დოლარზე
მეტად შეაფასა? ჯერ ერთი, შეიცვალა შუშები - გვერდითა შუშები წაჭრილია და უკანა
ბოლოებით უკანა საყრდენებში გადადის. ეს საყრდენები ინდივიდუალურია და მათ ორივე
სავარძლის, უფრო სწორედ, მათში მჯდომი ადამიანების დაცვა ევალება. ეს საყრდენები
უკნისკენ, 50-60-იანი წლების სტილშია წაგრძელებული.
ცვლილებებია ინტერიერშიც, ოღონდ მათ შედეგად, ავტომობილმა
ფუფუნების ის მწირი საშუალებებიც კი დაკარგა, რომლებიც გააჩნდა. ესაა კონდიციონერი,
აუდიო სისტემა, ვენტილაციის დეფლექტორები და სახელთათმანო ყუთი... სამაგიეროდ, კოკპიტი
გაწყობილია კარბონის დეტალებით, ტყავით და ალკანტარით. ფერიც ახალი ჩანს... ესაა „ფერარისთვის“
ჩვეული „როსო კორსა“, მაგრამ ძარა მისი მრავალი ფენითაა დაფარული, რაც მას
ამუქებს. ამგვარად, ახლად შეიძლება ჩაითვალოს.
ავტომობილის
პირველი ჩვენება ახლახანს, გარბენ „ფერარი კავალკადს“ დროს გაიმართა. ეს გარბენი
კი, რომელშიც მარანელოში გამოშვებული 90 სუპერ ავტომობილი მონაწილეობდა, ამჯერად
სიცილიაში ჩატარდა.
No comments:
Post a Comment