Active Glovebox Knee Airbag Equips 2015 Ford
Mustang
19 ივნისი
„ფორდმა“ კიდევ ერთი სიახლე გაამხილა, რომლითაც
თავის ახალ „მუსტანგს“ აღჭურვავს და რომლის გამოყენების მხრივაც, ავტოინდუსტრიის პიონერი
გახდება. ესაა ეგრეთ წოდებულ სახელთათმანო ყუთში განლაგებული აირბალიში, რომელმაც წინა
მგზავრის ფეხები ტრავმებისგან უნდა დაიცვას. ეს სისტემა ახალი ავტომობილის
სტანდარტულ ეკიპირებაში შევა.
სისტემის ძირითადი ნაწილი დრეკადი, პლასტიკური
გასაბერი ბუშტია, რომელიც სახელთათმანე ყუთის ხუფის შიდა და გარე შრეებს შორისაა
მოქცეული. როგორც კი სპეციალური სენსორი დააფიქსირებს, რომ შეჯახება მოხდა,
სისტემა ბუშტს მაღალი წნევით აავსებს აირით. ამ დროს, სახელთათმანე ყუთის გარე პანელი
(ხუფი) გაფართოვდება და მგზავრის ფეხებს მიაღწევს. როგორც კი ბუშტი მთლიანად
გაიბერება, ხუფის გარე პანელი მთლიანად დაფარავს მგზავრის ფეხებს და მათ დარტყმისგან
დაიცავს.
სისტემა ჩვეულებრივ აირბალიშზე 75 პროცენტით
კომპაქტური და 65 პროცენტით მსუბუქია. გაშლისას ის არ ჩადის სალონის ძირამდე. რაც
მთავარია, სახელთათმანე ყუთის ხუფი, ამორტიზებულ დარტყმის ძალას თანაბრად
გადასცემს ფეხებს და მათ უფრო დიდი ფართობით ფარავს, ვიდრე ამას ჩვეულებრივი
აირბალიში შეძლებდა. ეს ყველაფერი, ფეხების უფრო მაღალ დონეზე დაცვას
უზრუნველყოფს.
აღსანიშნავია, რომ ახალი „მუსტანგისთვის“ ცისფერმა
ოვალმა სულ 15 სიახლე დააპატენტა. ამ სიახლეებს კომპანია თანდათან, ავტომობილის
ბაზარზე გამოსვლამდე გვაცნობს, რითაც პოპულარული ავტომობილისადმი მუდმივად მაღალი
ინტერესის შენარჩუნებას ახერხებს. საინტერესოა, რომ ახლანდელ „მუსტანგთან“
შედარებით, ახლის სტანდარტულ ეკიპირებაში ორჯერ მეტი, რვა აირბალიში შევა.
„ჩვენს მომხმარებლებს და მათს მგზავრებს, უმაღლესი
დონის უსაფრთხოებას, შესრულების უმაღლეს ხარისხს და დახვეწილ დიზაინს ვთავაზობთ.
ამ ინოვაციური აირბალიშის სახით, ჩვენ შევიმუშავეთ ტექნოლოგია, რომელიც მანქანაში
მყოფებს იცავს და იმავდროულად, ავტომობილის წონის შემცირებაში და შიდა სივრცის
ოპტიმალურად გამოყენებაში გვეხმარება“, - ამბობს „ფორდის“ მენჯერი შონ უესტი.
No comments:
Post a Comment