Ford Draws Up Jia Yue Chinese Sub-Brand
17 მაისი
„ფორდ მოტორმა“ და მისმა ჩინელმა პარტნიორმა „ჩანგ’ანის“
საავტომობილო ჯგუფმა მწვანე შუქი აუნთეს ქვე-ბრენდს, რომელიც მხოლოდ ჩინური
ბაზრისთვის გამოუშვებს ავტომობილებს. ახალ კომპანიას სახელად „ძია იუე“ დაარქვეს,
რაც ჩინურად წინსვლას, დიდ ნახტომს ნიშნავს. ახალი კომპანიის ლოგო, ოვალურ რგოლში,
შავ ფონზე ჩასმული ორი ფრთაა. ეს ლოგო რაღაცით უკვე არარსებული „დეუს“ ლოგოს
ჰგავს.
პირველი ავტომობილი, რომელსაც „ძია იუე“
გამოუშვებს, „ფორდის“ ძველი კომპაქტური სედანი, კონკრეტულად კი მეორე თაობის „ფოკუსი“
იქნება, რომელსაც ცისფერი ოვალი 2005-2011 წლებში აწარმოებდა. ეს „ფორდის“
ერთ-ერთი პირველი ავტომობილია, რომელიც „კინტიკური დიზაინის“ ფილოსოფიითაა
შემუშავებული და ძალიან პოპულარულია ცისქვეშეთში.
ავტომობილი აღიჭურვება 1.8-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი
ძრავით, რომელსაც მოდიფიკაცია ჩაუტარდება. ძრავის სიმძლავრე 122 ცხენის ძალას,
მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 160 ნიუტონმეტრს მიაღწევს. მამოძრავებელი ძალა,
წინა ბორბლებს სტანდარტული მექანიკური გადაცემათა კოლოფის დახმარებით გადაეცემა. ოპციის
სახით, მყიდველს ავტომატურ კოლოფსაც შესთავაზებენ.
„ფორდმა“
და „ჩანგ’ანმა“ გამოაცხადეს, რომ მათი ახალი ერთობლივი ქვე-ბრენდის პირველი
ავტომობილის პრემიერა ჩინეთში, ჩენდუს მოტორ შოუზე, სექტემბერში გაიმართება. ავტომობილი
ახალგაზრდა თაობის მყიდველისთვის არის განკუთვნილი. რაც შეეხება ფასს, ის 90 000
იუანი (დაახლოებით14 500 დოლარი) ეღირება, რაც მეორე თაობის „ფოკუსის“ ფასზე მნიშვნელოვნად
ნაკლებია.
No comments:
Post a Comment