Charlie Whiting reveals Red Bull were warned
after just five laps of rules breach
18 მარტი
ფორმულა ერთის რბოლების დირექტორი ჩარლი უაიტინგი
ამბობს, რომ „რედ ბულმა“ საწვავის გადამწოდთან დაკავშირებით, საკვალიფიკაციო
რბოლის შემდეგ, ორჯერ მიიღო გაფრთხილება და ეს რბოლის დაწყებიდან მეხუთე წრეზეც
განმეორდა. გაფრთხილებაში ნათქვამი იყო, რომ ავსტრიული გუნდის ბოლიდზე
გამოყენებული საწვავის სისტემა, რეგლამენტს არ შეესაბამებოდა.
ავსტრალიის დიდი პრიზის რბოლის დასრულებიდან ხუთი
საათის შემდეგ, სტიუარდებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გაეუქმებინათ მეორე
ადგილზე გასული ავსტრალიელი დანიელ რიკარდოს შედეგი. ამის მიზეზად დასახელდა ის
ფაქტი, რომ მის RB10-ის მიერ საწვავის მოხმარება დაშვებულ 100 კილოგრამს გასცდა.
ამის პასუხად, „რედ ბულმა“ განაცხადა, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
ხარების არგუმენტი ისაა, რომ მათი მტკიცებით, FIA-ს
მიერ მიწოდებული სენსორი, რომელიც საწვავის მოხმარების ინტენსივობას ზომავს,
არასაიმედოდ მუშაობდა. „რედ ბულმა“ ეს სენსორი „არასანდო“, „პრობლემურ“ და „გაუაზრებელ
ტექნოლოგიად“ მოიხსენია. მაგრამ უაიტინგი და მისი გუნდი დარწმუნებულები არიან, რომ
ჩემპიონებმა საკუთარ თავს უნდა დააბრალონ მომხდარი, რადგან მათ რამდენიმე
გაფრთხილება არ გაითვალისწინეს.
„კვალიფიკაციის შემდეგ ისინი ორჯერ გავაფრთხილეთ და
ეს რბოლის დაწყებიდან მეხუთე წრეზეც გავიმეორეთ, რათა რეგლამენტთან შესაბამისობაში
მოეყვანათ საწვავის ხარჯის მზომი სისტემა და ცდომილების გათვლები. მათ კი არჩიეს, რომ საკუთარ გათვლებს
დაყრდნობოდნენ და ამით უნდათ დაგვაჯერონ, რომ მოთხოვნებს ასრულებენ. მათ რომ რჩევა
გაეთვალისწინებინათ, რომელიც თავის დროზე მივეცით, მაშინ პრობლემაც არ წარმოიქმნებოდა
და მათ არ დავაჯარიმებდით“, - ამბობს უაიტინგი.
რიკარდოს მანქანაზე აღნიშნული სენსორი ორჯერ
შეიცვალა. პირველად ეს პარასკევის პრაქტიკების შემდეგ მოხდა. მეორედ კი -
კვალიფიკაციის შემდეგ. მეორე შეცვლის მიზეზი ის გახდა, რომ სენსორი მწყობრიდან
გამოვიდა. ამის შემდეგ, „რედ ბულმა“ მითითება მიიღო, რომ დაეყენებინათ პირველი
სენსორი და გაეთვალისწინებინათ ცდომილება. მაგრამ გუნდმა საკუთარი სენსორი
გამოიყენა, რადგან ჩათვალეს, რომ ცდომილების ზუსტად განსაზღვრა შეუძლებელი იყო.
მოსალოდნელია, რომ საკითხის განხილვა აპრილის
ბოლომდე გაგრძელდება. მიმომხილველები კი დარწმუნებულები არიან, რომ ეს საწვავის
ხარჯთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემა ერთადერთი არ იქნება. ყოველ
შემთხვევაში, FIA-მ პირველივე რბოლის შემდეგ აშკარად დაგვანახა, რომ საწვავის
ხარჯის საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს.
ცნობისათვის,
ამ სეზონში, პილოტებს თითო რბოლაზე მაქსიმუმ 100 კილოგრამი საწვავის გამოყენების
უფლება აქვთ. გასულ სეზონში ლიმიტი 150 კილოგრამი იყო.
No comments:
Post a Comment