დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, November 3, 2013

ფეტელის ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება

Motor racing-Vettel chalks up seventh win in row
3 ნოემბერი
სად პოულობს სებასტიან ფეტელი მოტივაციის წყაროს მას შემდეგ, რაც ზედიზედ მეოთხე ტიტული 26 წლისამ გაინაღდა, ძნელი სათქმელია. ფაქტი კი ისაა, რომ აბუ დაბიში ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა და ამით, მიხაელ შუმახერის ერთ მიღწევასაც გაეთამაშა. ოღონდ, ეს მოთელვაა, რადგან შუმახერის მთავარ მიღწევებთან ჭიდილს ფეტელი ახლო მომავალში აპირებს.
უკვე შუა რბოლაში იყო აშკარა, რომ ფეტელს ძალიან უნდა მოენდომებინა, რომ ფინიშზე პირველი ვერ მისულიყო. რა თქმა უნდა, მან არ მოინდომა. და რბოლაც ისე ჩატარდა, თითქოს ტრასაზე ბრძოლა თავიდანვე მეორე ადგილისთვის უნდა გამართულიყო. რა თქმა უნდა, მეტოქეებმა მისთვის ამაში ხელის შეშლა სტარტზე მოისურვეს, მაგრამ როგორც თითქმის ყოველთვის, ახლაც არაფერი გამოუვიდათ.
მას შემდეგ, რაც ფინიში „ჩაიბარა“, ფეტელმა ტრასას ისევ ბდღვირი ადინა. თანაც, თუ ინდოეთში გამარჯვების შემდეგ, ეს მხოლოდ პიტლეინის წინ გააკეთა, ამჯერად ბოქსებში დასაბრუნებელ წრეზე, ადგილ-ადგილ ჩერდებოდა და რგოლებს ხაზავდა. ანგარიში არც იმას გაუწია, რომ ინდოეთში მისი ტემპერამენტის ამგვარი გამოვლენა 25 000 ევრო დაუჯდა.
ერთ-ერთი ასეთი „გაბოლების“ შემდეგ, ჩემპიონს რადიოთი სთხოვეს, ეცადე, მანქანა ბოქსებამდე მოიყვანოო, რაზეც კიმი რაიკონენის სტილში უპასუხა: „დიახ, დიახ, დიახ, ვიცი, რასაც ვაკეთებ“. სწორედ აბუ დაბიში შარშანდელი რბოლისას, რაიკონენმა თავისიანებს ზუსტად ამ სიტყვებით უპასუხა, როცა ბოქსებიდან არასასურველ რჩევებს ღებულობდა.
რაც შეეხება ჯარიმას, „რედ ბულის“ შეფმა კრისტიან ჰორნერმა განაცხადა, მსოფლიო ჩემპიონის ასეთი რბოლისთვის ჯარიმას სიამოვნებით გადავიხდითო. სხვათა შორის, ფეტელმა ინდოეთში ჯარიმა იმისთვისაც დაიმსახურა, რომ მანქანა დახურულ პარკში არ მიუყვანია - ის ტრასაზევე, მთავარი ტრიბუნის წინ დატოვა. ამჯერად კი ბოქსშიც დაბრუნდა და თავისი RB9, გამარჯვებულის პირველნომრიან დაფასთან დააყენა.
ფეტელმა ლიდერობა პირველივე მოსახვევში იგდო ხელთ და მთელი რბოლის განმავლობაში, წინ აღარავინ გაუშვია მაშინაც კი, როცა რეზინს ცვლიდა. უფრო მეტიც, მეორე პიტსტოპის წინ, მდევრებთან მისმა უპირატესობამ 40 წამსაც კი მიაღწია. ფეტელის უპირატესობის ცქერა იმდენად მოსაბეზრებელი და უინტერესო იყო, რომ რბოლის განმავლობაში, ტელე რეპორტაჟის დროს, მისი ბოლიდი სულ რამდნჯერმე გამოჩნდა.
რბოლა პირველივე მოსახვევში დაასრულა რაიკონენმა, ვინც სტარტი ბოლო ადგილიდან აიღო და სასტარტო ქაოსში, გიედო ვან დერ გარდეს „კატერჰემს“ დაეჯახა. ფინელის განმარტებით, შეჯახება არ იყო ძლიერი, თუმცა საკმარისი გამოდგა იმისათვის, რომ „ლოტუსისთვის“ რბოლის გაგრძელებაში ხელი შეეშალა. კიმიმ იას მარინა ცირკვიტი ისე დატოვა, რბოლის დასრულებას არც დალოდებია.

აბუ დაბის დიდი პრიზი
აბუ დაბი, იას მარინა, დისტანცია 305.355 კმ (5.554 კმ, 55 წრე)
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:38:06.106
2. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                     +00:30.829
3. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   00:33.650
4. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  00:34.802
5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                  01:07.181
6. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)             01:18.174
7. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)         01:19.267
8. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            01:22.886
9. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                        01:31.198
10. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)            01:33.257
11. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    01:35.989
12. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)             01:43.767
13. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)               01:44.295
14. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)              1 წრე
15. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                1 წრე
16. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)   1 წრე
17. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)            1 წრე
18. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)  1 წრე
19. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)                     1 წრე
20. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                     2 წრე
21. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                   2 წრე
გ. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                         55 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: ფერნანდო ალონსო  - 1:43.434, 55-ე წრე


მრბოლთა კლასიფიკაცია
1. სებასტიან ფეტელი- 347 ქულა; 2. ფერნანდო ალონსო - 217; 3. კიმი რაიკონენი - 183; 4. ლუის ჰამილტონი - 175; 5. მარკ ვებერი - 166; 6. ნიკო როსბერგი - 159; 7. რომენ გროჟანი - 114; 8. ფელიპე მასა - 106; 9. ჯენსონ ბატონი - 60; 10. პოლ დი რესტა - 48; 11. ნიკო ჰულკენბერგი - 39; 12. სერხიო პერესი - 35; 13. ადრიან სუტილი - 29; 14. დანიელ რიკიარდო - 19; 15. ჟან-ერიკ ვერნი - 13; 16. ესტებან გუტიერესი - 6; 17. პასტორ მალდონადო - 1; 18. ვალტერი ბოტასი - 0; 19. ჟიულ ბიანკი - 0; 20. შარლ პიკი - 0; 21. გიედო ვან დერ გარდე - 0; 22. მაქს ჩილტონი - 0

კონსტრუქტორთა თასი
1. რედ ბულ-რენო - 513 ქულა; 2. მერსედესი - 334; 3. ფერარი - 323; 4. ლოტუს-რენო - 297; 5. მაკლარენ-მერსედესი - 95; 6. ფორს ინდია-მერსედესი - 77; 7. ზაუბერ-ფერარი - 45; 8. ტორო როსო-ფერარი - 32; 9. უილიამს-რენო - 1; 10. მარუსია-კოსუორტი - 0; 11. კატერჰემ-რენო - 0

No comments:

Post a Comment