EVA electric taxi can travel 200 km on a
15-minute charge
28 ნოემბერი
ტაქსიზე მომუშავე ავტომობილები ყოველდღიურად ასობით
კილომეტრს გადიან. და ბუნებრივია, ისინი დიდი რაოდენობით საწვავს მოიხმარენ.
ამიტომ, ამ დანიშნულებით ელექტრომობილების გამოყენება მომგებიანი უნდა იყოს.
მაგრამ არსებობს ერთი პრობლემა - თანამედროვე ელექტრომობილებს სვლის შედარებით
მცირე სიშორე აქვთ. ენერგიის შესავსებად კი დიდი დროა საჭირო. მაგრამ როგორც ჩანს,
მალე ეს ნაკლიც გამოსწორდება და ამის ნიშანი, ელექტრომობილ „ევას“ სახით, ახლახანს
ტოკიოს მოტორ შოუზე გამოჩნდა.
„ევას“ შექმნაში მონაწილეობა მიუნხენის ტექნიკური
უნივერსიტეტის და სინგაპურის ნანიანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სპეციალისტებმა
მიიღეს. როგორც პროექტის ავტორები ირწმუნებიან, „ევას“ ექსპერიმენტულ პროტოტიპს
ერთი დამუხტვით, რომელიც მხოლოდ 15 წუთს გრძელდება, 200 კილომეტრის გავლა შეუძლია.
ეს კი საკმარისი პირობაა იმისათვის, რომ საყოველთაო ყურადღება მიიქციოს. სვლის
სიშორე - 200 კილომეტრი ის მანძილია, რომელსაც სინგაპურში ტაქსი საშუალოდ დღეში
გადის. ამასთან, ტესტის დროს, სალონში მუდმივად ჩართული იყო ჰაერის კონდიციონერი.
ასეთი კარგი მახასიათებლის მიღწევა ნაწილობრივ ავტომობილის
სიმსუბუქემ განაპირობა. მისი მზიდი სტრუქტურისა და ძარის შესაქმნელად კარბონის ბოჭკოთი
გაძლიერებული პოლიმერია გამოყენებული. გარდა ამისა, ავტომობილს სპეციალური სისტემა
ემსახურება, რომელიც ტემპერატურის ოპტიმალურად განაწილებას უზრუნველყოფს. ეს
სისტემა ლთიუმ-იონური ელემენტების ბლოკს, მისი დამუხტვისას გადახურებისგანაც
იცავს.
გარდა ამისა, სისტემა ჰაერის კონდიცირების სისტემასაც
აკონტროლებს. ის ყოველ ადგილს, გაგრილებულ ჰაერს ინდივიდუალურად, საჭიროების
შესაბამისად აწვდის. ამგვარად, ის ენერგიას არ ანიავებს. სავარძლებს ემსახურება
სისტემა, რომელიც მგზავრების მიერ გამოყოფილ ტემპერატურას და სინესტეს გადაამუშავებს.
გარდა ამისა, „ევას“ ექსპერიმენტული პროტოტიპი სხვა
საინტერესო სისტემებითაცაა აღჭურვილი. მაგალითად, მისი წინა მგზავრის სავარძელი იკეცება
და საბავშვო სავარძლად გარდაიქმნება. სალონში წინა სავარძლებს შორის მოთავსებულია მულტიმედიური
სისტემა დიდი ზომის მონიტორით, რომელიც სმარტფონთან თავსებადია. სისტემა ინტერნეტშია
ჩართული.
„ევა“
ხუთკარიანი, ჰეჩბეკის ტიპის ელექტრომობილია, რომლის სალონშიც ოთხი სრულფასოვანი
ადგილია. ავტომობილის ძრავის შესახებ, მის შემქმნელებს ტოკიოში არაფერი უთქვამთ.
სამაგიეროდ რელიზში აღნიშნულია, რომ „ევას“ ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა
დაახლოებით 10 წამში შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე კი 111 კმ/სთ-ს აღწევს.
No comments:
Post a Comment