How does Sebastian Vettel find the speed?
5 ნოემბერი
აბუ დაბის რბოლის შედეგ, მარკ ვებერმა აღიარა - „სები
დღეს სულ სხვა პლანეტაზე იყო. მისი ტემპი განსაკუთრებით მაღალი რბოლის დასაწყისში,
ბოქსებში შესვლამდ იყო. მან რბოლა სულ სხვა კატეგორიაში ჩაატარა. გარდა იმისა, რომ
ძალიან სწრაფი იყო, საბურავებსაც უფრთხილდებოდა. სწორედ ესაა იმის მთავარი მიზეზი,
რომ ჩემი ჩათვლით, ყველა მეტოქე გაანადგურა“.
არადა, სულ რაღაც ერთი დღით ადრე, იმავე მანქანებით
ასპარეზობისას, ვებერმა შეძლო პოულის მოპოვება. კვალიფიკაციის შემდეგ, მანქანების მომსახურება
არ შეიძლება. ესე იგი, ფეტელის და ვებერის ბოლიდების რეგულირებები პრაქტიკულად
უცვლელი დარჩა. ამიტომ სრულიად ბუნებრივია კითხვა, რომელიც ნებისმიერს გაუჩნდებოდა
- როგორ ახერხებს ფეტელი პირველივე წრეებზე თანაგუნდელის ასე შორს ჩამოტოვებას და
თან საბურავების გაფრთხილებას?
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, ფ1-ის ტექნიკის ცნობილი
სპეციალისტი, „ტოიოტას“ და „უილიამსის“ ყოფილი მთავარი ოპერატიული ინჟინერი მარკ
გილანი საინტერესო ანალიზს გვთავაზობს, რომელიც ფეტელის სხვა რბოლებსაც თავისუფლად
მიესადაგება.
ანალიზისთვის
ის იყენებს გრაფიკს, რომელზეც აბუ დაბის რბოლაში პირველ ოთხ ადგილზე გასული პილოტების
გამოსვლაა ასახული. გრაფიკის ვერტიკალური სვეტი, წრის გავლის დროს გვიჩვენებს
(წამებში), ჰორიზნტალურ სვეტზე კი წრეებია აღნიშნული. ამ გრაფიკის მიხედვით
შეგვიძლია ერთმანთს შევადაროთ ნებისმიერი წრის გავლის დროები. გრაფიკი
კორექტირებულია იმის გათვალისწინებით, რომ ყოველ წრეზე მანქანის წონას გამოყენბული
საწვავის წონა - 2.6 კილოგრამი საწვავი აკლდება. გრაფიკზე ფეტელის რბოლა ლურჯი
ხაზითაა აღნიშნული, ვებერისა - მწვანეთი, ნიკო როსბერგის ცისფერით და რომენ გროჟანის
- წითლით.
გრაფიკიდან აშკარად ჩანს ფეტელის უპირატესობა
პირველივე წრეებიდან. განსხვავება მეტოქეებთან დაახლოებით 0.8 წამია. ინჟინრები ამ
განსხვავების შესაფასებლად ამბობენ, რომ კონსტრუქციაში ცვლილებების შეტანის გზით,
ასეთი ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად, აეროდინამიკურ მილში დაახლოებით 20 კვირის
მუშაობაა საჭირო. ეს კი თითქმის ნახევარი სეზონია. მეტოქე გუნდბის ინჟინრები
ამბობენ, კიდევ კარგი, მომავალ სეზონში რეგლამენტი რადიკალურად იცვლებაო. თუმცა,
როცა გუნდში ედრიან ნიუი გყავს, არც ამ ცვლილებების შიში უნდა გქონდეს. თუმცა,
ალენ პროსტი ამბობს, რომ ჩასაბერი დიფუზორის აკრძალვის გამო, მართვის სრულიად
განსხვავებული სტილი იქნება საჭირო...
ნაწილობრივ, ფეტელის უპირატესობას სწორედ
გამონაბოლქვ აირებზე მომუშავე ჩასაბერი დიფუზორი განაპირობებს. ამ კვანძის
ეფექტურობა განსაკუთრებით თვალში საცემი იას მარინა ცირკვიტის იმ 13 მოსახვევშია,
რომლების გავლის სიჩქარეც 130 კმ/სთ-ზე მეტი არ არის. გილანი ამბობს, რომ „რედ
ბულს“ აქცენტი სწორედ ჩასაბერ დიფუზორზე აქვს გაკეთებული, რასაც მისთვის დიდი
მოგება მოაქვს.
მეორე მხრივ, მსგავსი მანქანით ასპარეზობს ვებერიც,
რომელმაც აბუ დაბის კვალიფიკაციაზე დაამტკიცა, რომ ერთ წრეზე მასაც შეუძლია
მანქანისგან მაქსიმუმის გამოწურვა. მაგრამ რბოლის დასაწყისში, მანქანა 150
კილოგრამით მძიმეა იმასთან შედარებით, რაც კვალიფიკაციაზეა. ეს კი მართვის
განსხვავებულ სტილს მოითხოვს, რადგან თვითონ ბოლიდიც განსხვავებულად მუშაობს.
საკვალიფიკაციო სწრაფ წრეზე მართვის სტილის რბოლაში გამოყენება, საბურავებს ძალიან
სწრაფად გაანადგურებს.
ფეტელმა შეძლო და მიაგნო სტრატეგიას, რომლის
დახმარებითაც, საბურავებისა და მანქანისგან მაქსიმუმს ღებულობს. ის სტარტიდან
მაღალ ტემპს ავითარებს, რათა სანამ მეტოქეებს DRS-ის
უფლება მიეცემათ, ისინი წამზე მეტით ჩამოიტოვოს. სასურველი უპირატესობის მიღწევის
შემდეგ, საბურავებზე ზრუნვას იწყებს და შესაბამისად, ტემპიც შედარებით კლებულობს.
რა თქმა უნდა, ტემპის კლებას საბურავების ცვეთაც იწვევს. შემდეგ პიტსტოპი
(ვერტიკალური ორი ზოლი) და ისევ ორი-სამი სწრაფი წრე. რის შემდგაც, მისი ტემპი
თანდათან უახლოვდება მეტოქეებისას.
საბურავების გაფრთხილების რეჟიმში რბოლისას, ფეტელი
ნაკლები ინტენსივობით იყენებს მუხრუჭებს და მოსახვევიდან გამოსვლის დროს, ოპტიმალურად
იყენებს აქსელერატორს, რათა საბურავების მოსრიალება არ გამოიწვიოს. საბურავების
გაფრთხილების მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სუბ 130 კმ/სთ სიჩქარიანი
მოსახვევები, რადგან მუხრუჭების და აქსელერატორის ინტენსიური ექსპლუატაცია სწორედ
ასეთ მოსახვევებში ხდება. აქ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საჭით ზუსტი მოქმედება.
მოკლედ, სტარტზე ფეტელის მიზანია მაქსიმალური
სისწრაფე, თითქმის საკვალიფიკაციო რეჟიმი, შემდეგ კი საბურავების გაფრთხილების
რეჟიმში გადასვლა. სათქმელად ადვილია, შესასრულებლად კი კომპიუტერული სიზუსტეა
საჭირო. როგორც ჩანს, მსოფლიოს აწ უკვე ოთხგზის ჩემპიონის „კომპიუტერი“ ყველაზე ზუსტად
და გამართულად მუშაობს...
გილანი
აღტაცებული ამბობს, რომ ასეთი სიზუსტით პილოტის მუშაობას პირველად აკვირდება. „შთამბეჭდავია,
როცა ადარებ ისეთივე ავტომობილით მოასპარეზე მისი თანაგუნდელის სტილს. იმ თანაგუნდელის,
რომელმაც წინა დღით პოული მსგავსი მანქანით მოიპოვა და არაერთხელ დაუმტკიცებია,
რომ მანეკენი არ არის. მე ყოველთვის მაოცებდა ფეტელის შესაძლებლობები, ახლა კი
აშკარად ვხედავ, რომ ის მართლა ძალიან კარგი მრბოლია“, - ასკვნის გილანი.
No comments:
Post a Comment