Fernando Alonso says F1 championship was lost in
July
15 ოქტომბერი
ფერნანდო ალონსო დარწმუნებულია, რომ ტიტულის
მოპოვების შანსი ივლისში დაკარგა და არა ახლა, როცა სებასტიან ფეტელი ერთმანეთის
მიყოლებით იგებს რბოლებს. ესპანელს ახლაც აქვს ჩემპიონობის მათემატიკური შანსი,
თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ დარჩენილ ოთხ რბოლაში
ფეტელი ათი ქულის აღებას ვერ შეძლებს, თავად კი ოთხივეს მოიგებს. ეს კი პრაქტიკულად
შეუძლებელია.
ბრიტანეთის დიდ პრიზზე „ფერარიმ“ რამდენიმე სიახლე ჩაიტანა,
რომლებმაც სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. ამის გამო, იტალიური გუნდი მეტოქეებს
ძიერ ჩამორჩა. სიტუაცია მას შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა, რაც „პირელი“ იძულებული
გახდა, შეეცვალა საბურავების კონსტრუქცია და გასული სეზონის კონსტრუქციაზე
გადასულიყო.
„ვფიქრობ, პრობლემა ჩვენს განვითარებაში იყო. ჩვენ
ვერ შევძელით ახალ საბურავებთან დროულად შეგუება. იმავდროულად, განვითარების
გარკვეულმა ეტაპმა, სასურველი შედეგი ვერ მოგვცა. ფურცელზე თითქოს ეფექტური სიახლეები
გვქონდა, მაგრამ ტრეკზე ეს ვერ გამოვლინდა. დამატებითი სირთულეები საბურავების
შეცვლამ შეგვიქმნა. სადაო არაა, რომ ზოგი გუნდისთვის საბურავების შეცვლა უკუსვლის
მიზეზი გახდა. ეს ჩვენს შეგვეხო. ზოგმა გუნდმა კი, მაგალითად „ზაუბერმა“, იხეირა.
თუმცა „პირელის“ ეს ცვლილება უნდა განეხორციელებინა, რადგან საბურავები სკდებოდა.
ასე რომ, ეს არ იყო ის გადაწყვეტილება, რომლითაც ერთ გუნდს უნდა ეხეირა, სხვას კი
- წაეგო. უბრალოდ, ზოგს გაუმართლა, ზოგს - არა“, - ყვება ალონსო.
ესპანელმა იაპონიის დიდი პრიზი მეოთხე ადგილზე
დაასრულა. ალბათ უფრო წინაც იქნებოდა, კვალიფიკაციაში უკეთესი შედეგი რომ ჰქონდა.
მაგრამ ამ სეზონში „ფერარი“ კვალიფიკაციაში ვერ ბრწყინავს, რაც მარანელოელთა კიდევ
ერთი პრობლემაა. თავად ალონსოც თვლის, რომ უფრო მეტის მიღწევა შეუძლებელი იყო.
თუმცა, ეს რბოლა „ფერარითვის“ მაინც პოზიტიური გამოდგა - იტალიურმა გუნდმა
კონსტრუქტორთა პირველობაზე თავის უშუალო მეტოქეზე - „მერსედესზე“ მეტი ქულა
მოაგროვა. ამჟამად ამ ორ გუნდს მხოლოდ 10 ქულა აშორებს და უპირატესობა „ფერარის“
აქვს.
No comments:
Post a Comment