დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, September 21, 2013

ფეტელი რბოლას ისევ პოულიდან დაიწყებს

Vettel storms to pole position in Singapore
21 სექტემბერი
მათთვის, ვისაც ჯერაც დარჩა მცირე იმედი იმისა, რომ სებასტიან ფეტელს ჩემპიონობას ვინმე შეეცილება, გერმანელმა სინგაპურის დიდი პრიზის კვალიფიკაციაზე კიდევ ერთხელ გაიბრწყინა. რომ იტყვიან, გერმანელმა მეტოქეებს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა. კვალიფიკაციის მესამე ნაწილის დასაწყისშივე, შესანიშნავი დრო დააფიქსირა და ამის შემდეგ, ტრასაზე აღარც დაბრუნებულა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მისი დროის გაუმჯობესებით, თავი მაინცდამაინც აღარც მეტოქეებს შეუწუხებიათ. ბოლო წამებზე მათ მორიგი სწრაფი წრეები შეასრულეს, რომლებსაც განლაგებაში პრაქტიკულად არაფერი შეუცვლია.
რა თქმა უნდა, დარჩენილ შვიდ რბოლაში 53-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა ფერნანდო ალონსოს თეორიულად შეუძლია, მაგრამ აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ უკვე შვიდი რბოლაა, ესპენელს ერთი გამარჯვებაც არ აქვს. მის ხელთ არც ისეთი მანქანაა, რომელიც ფეტელთან და „რედ ბულთან“ ბრძოლის საშუალებას მისცემს. უფრო კარგად რომ წარმოვიდგინოთ 53 ქულის „ღირებულება“, უნდა წარმოვიდგინოთ, სიტუაცია, როცა ფეტელი ამ შვიდ ეტაპზე ორს უქულოდ ასრულებს და ამ ორს ალონსო იგებს. ამ შემთხვევაში, გერმანელის უპირატესობა 3 ქულამდე შემცირდება. მაგრამ ასეთი რამ ძალიან ძნელად წარმოსადგენიცაა და მოსახდენიც...
„სასტარტოდ პოული შესანიშნავი ადგილია, რადგან ამ ვიწრო ტრასაზე გასწრება ძნელია. თუმცა, რბოლაში შანსები ყველას ექნება“, - ამბობს ფეტელი, ვისაც სინგაპურის რბოლა ორჯერ აქვს მოგებული. მას ამჯერად არ გასჭირვებია „მერსედესის“ პილოტების დამარცხება. არადა, კვალიფიკაციებზე სამქიმიანები ხშირად უსწრაფესები არიან ხოლმე. ამჯერად ფეტელის უახლოესი მდევარი ნიკო როსბერგი იყო, რომელმაც თანამემამულესთან 0.091 წამი წააგო.
ფეტელმა კვალიფიკაციის ბოლო ორი წუთი ეკრანთან გაატარა, რადგან „რედ ბულმა“ ჩათვალა, რომ მის დროს ვერავინ გააუმჯობესებდა. ბუნებრივია, სანერვიულოც ბევრი ჰქონდა. „ძალიან უცნაური გრძნობა დამეუფლა, როცა გარაჟში ეკრანთან ვიდექი და სხვების გამოსვლებს ვუცქერდი. ჩემთვის უჩვეულო სიტუაციაში ვიყავი, რადგან არაფერზე ზემოქმედება არ შემეძლო. სექტორებზე ნაჩვენებ შედეგებს ყურადღებით ვაკვირდებოდი. ჯერ მარკს, შემდგ კი ნიკოს და რომენს, პირველ სექტორზე საუკეთესო დროები ჰქონდათ, მაგრამ ჩემდა ბედად, ბოლო სექტორზე ყველაზე სწრაფი მე ვიყავი. ძალიან მიხარია, რომ მოვიგე. მანქანა ფენომენურად მუშაობს“, - განაცხადა ფეტელმა, ვისთვისაც ეს ამ სეზონში მეხუთე, კარიერაში კი 41-ე პოულია.
როსბერგს გული დასწყდა იმის გამო, რომ ვერ შეძლო ფეტელის ჯობნა. თუმცა, თავისი გამოსვლით, საერთო ჯამში კმაყოფილი დარჩა. რაც მთავარია, ის დარწმუნბულია, რომ მანქანა რბოლისას სწრაფი იქნება და გამარჯვებისთვის ბრძოლის შანსს მისცემს.
კარგად იასპარეზა გროჟანმა, რომელმაც მესამე საუკეთესო დრო აჩვენა. ის ამბობს, რომ გუნდმა რბოლისთვის კარგი სტრატეგია შეიმუშავა, რაც გამარჯვებისთვის ბრძოლის საშუალებას მიეცემს. სამწუხაროდ, მოწინავე ათეულში ვერ მოხვდა მისი თანაგუნდელი კიმი რაიკონენი, რომელმაც მე-13 დრო დააფიქსირა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ფინელს ზრგში ტკივილები აქვს და მათ გამაყუჩებლებით უმკლავდება.

სინგაპურის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:42.841
2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:42.932
3. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                 1:43.058
4. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                     1:43.152
5. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)         1:43.254
6. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:43.890
7. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                 1:43.938
8. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:44.282
9. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)     1:44.439
10. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)               დროის გარეშე
- - - - - - - - - -
11. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)              1:44.555
12. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)            1:44.588
13. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                      1:44.658
14. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                     1:44.752
15. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)            1:45.185
16. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                1:45.388
- - - - - - - - - -
17. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)          1:46.121
18. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    1:46.619
19. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)                     1:48.111
20. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)  1:48.320
21. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                    1:48.830
22. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)   1:48.930

No comments:

Post a Comment