დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, August 18, 2013

გოჩა ქსოვრელის კონცეპტუალური სუპერ ავტომობილი

18 აგვისტო
ქართველი ავტო გურმანებისთვის სახელი გოჩა ქსოვრელი ცნობილია - ჩვენ მისი არაერთი საინტერესო ნამუშევარი გაგაცანით, იყო ეს ტუნინგი, თუ საკუთარი დიზაინის ავტომობილი. ისინი მნახველში ყოველთვის აღტაცებას იწვევენ. გოჩას ნებისმიერი კონცეპტუალური ავტომობილი, საერთაშორისო დიდ გამოფენებზე სათანადო ყურადღებას მიიქცევდა. მთავარი მიზეზი, რომლის გამოც ასე არ ხდება და ეს ავტომობილები კონცეპტუალურადვე (ხშირად მასშტაბურ მოდელებად) რჩება, ფინანსების არქონაა.
ამის მიუხედავად, გოჩას ხელების ჩამოშვება არ სჩვევია და მცირე შთაგონების მიღებისთანავე, ახალი ნააზრევი ჯერ ფურცელზე, ესკიზებში გადააქვს, შემდეგ კი, თუ მოეწონა, საქმეში პლასტელინს რთავს. ახლახანს მან ერთ-ერთი ასეთი კონცეპტუალური ავტომობილის 1:5 მასშტაბის მოდელი შექმნა, რაც პროექტის განხორციელების პირველი ფაზაა.
ჯერჯერობით უსახელო ავტომობილის გაბარიტებია: სიგრძე 4200 მილიმეტრი, სიგანე 2000 მილიმეტრი, სიმაღლე 1030 მილიმეტრი და ბორბლებს შორის ბაზა 2500 მილიმეტრი. ავტომობილის (პირობითად „ქსოვრელი GQ01“ ვუწოდოთ) წონა 800 კილოგრამამდე უნდა იყოს. სხვათა შორის, მცირე წონა, ამ ავტომობილის ერთ-ერთი მთავარი ღირსება იქნება - თანამედროვე ავტომობილებში ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრი გახდა, რადგან მწარმოებლებს საწვავის დაზოგვის საშუალებას აძლევს.
თუმცა, „ქსოვრელი GQ01-ს“ შემთხვევაში, სიმსუბუქე ავტომობილის დინამიურობას და ტემპერამენტს განაპირობებს. თავის დროზე, სწორედ მცირე წონის მეშვეობით ახერხებდა მეტოქეების მძლავრ ძრავებთან ჩამორჩენის აღმოფხვრას ლეგენდარული ბრიტანელი ინჟინერი, „ლოტუსის“ დამაარსებელი კოლინ ჩეპმენი, რომელმაც ფორმულა ერთს და საერთოდ, საავტომობილო სამყაროს, არაერთი სიახლე შესძინა. და საინტერესოა ისიც, რომ დღესაც, „ლოტუსი“ თავის საგზა ავტომობილებში მთავარ აქცენტს არა მძლავრ ძრავებზე აკეთებს, არამედ აეროდინამიკასა და სიმსუბუქეზე.
ამ ავტომობილის გარეგნობას და პროპორციებს, მისი გაბარიტები განაპირობებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი თითქმის მეტრიანი სიმაღლე, რაც ამ ტიპის სუპერ ავტომობილებშიც კი დიდი იშვიათობაა. მანქანას გლუვი ფორმები აქვს, კაპოტიც კი არაა პროფილირებული. საქარე შუშა პრაქტიკულად ტეხილის გარეშე გადადის ფსევდო კაპოტში. ფსევდო იმიტომ, რომ მის ქვეშ ძრავი არ მდებარეობს. როგორც ამ ტიპის ავტომობილს შეეფერება, მამოძრავებელი აგრეგატი ბაზაშია მოთავსებული.
ორიგინალური კონსტრუქციისაა კარი. მას ორი საყრდენი აქვს - საქარე შუშის კიდეზე და წინა საყრდენის ძირიდან მანქანის სიმეტრიის ცენტრისკენ, რამდენიმე სანტიმეტრში. ამასთან, კარის ზედა ნაწილი, სახურავშია შეჭრილი. ასეთი ფორმა კი იმისთვის აქვს, რომ ძალიან დაბალი ავტომობილის სალონში შესვლა და იქიდან გადმოსვლა გაადვილდეს.

საინტერესო მოყვანილობა აქვს წინა სპოილერს. ის რადიატორს შუაზე ჰყოფს, შემდეგ ორივე მხარეს დაბლდება და ორივე ბორბლის წინ, ვერტიკალური სტაბილიზატორის ფორმით მთავრდება. მოკლედ, ძალიან ორიგინალური გადაწყვეტაა. იგივე ფორმის სტაბილიზატორის მსგავსი წარმონაქმნია უკანა ბორბლის წინაც. რა თქმა უნდა, ორივე შემთხვევაში, ამ ელემენტს აეროდინამიკური დატვირთვა აქვს და მისი დანიშნულება, ჰაერის ნაკადის მოწესრიგებაა. რადიატორის ორივე მხარეს, ზორბა ჰაერის ამღებია, რომელთა ზევითაც წვრილი, შუქდიოდური ფარები მოთავსდება. წინა ბორბლის უკან, ჰაერის გამომშვებია, რომლის ღარიც, ავტომობილს მთელი ბაზის სიგრძეზე მიჰყვება და უკანა ჰაერის ამღებში გადადის. ამ უკანასკნელს ორმაგი დანიშნულება აქვს: ერთია ძრავის ტურბინის გასაგრილებელი ჰაერის შეგროვება, მეორე კი აეროდინამიკა - აქ აკრეფილი ჰაერის ნაწილით, უკანა დიფუზორის არარსებობის კომპენსირება ხდება.
ორიგინალური ფორმა აქვს კაპოტს (ნამდვილს, ძრავის ზევით არსებულს), რომელზეც სამი ტეხილი ჰაერის გამომშვები განლაგდა. სამივეზე პატარა, რეგულირებადი ელერონია მოთავსებული, რომლებსაც რა თქმა უნდა, ავტომობილის აეროდინამიკის გაუმჯობესება ევალება. მათ გასწვრივ, იქ სადაც დიფუზორი უნდა ყოფილიყო, ორი მრგვალი გამოსაბოლქვი მილი მოთავსდა. მოკლედ, ყველაფერი სუპერ ავტომობილების სტილშია.
ახლა იმას განგიმარტავთ, თუ რატომაა ზოგიერთი დეტალის ფორმა უხეშად დამუშავებული. საქმე ისაა, რომ ეს არის მასტერ მოდელი, რომელიც 1:1 მასშტაბის ლეკალოების დასამზადბლადაა საჭირო. ლეკალოებით ახალი მასტერ მოდელი (ორიგინალური ზომის) შეიქმნება, რომელზეც ყველა ზედაპირი იდეალურად იქნება დასამუშავებელი. თუმცა, ესეც შუალედური ეტაპია. დიდი მასტერ მოდელიდან ამოიღებენ მატრიცებს, რომლებსაც შემდგომში ძარის ელემენტების კომპოზიციური მასალებით ფორმირებისთვის გამოიყენებენ. ამავე მიზეზით, მასშტაბური მოდელი ფაქტობრივად ნახევარ მანქანაა, მეორე ნახევრის დანახვაში კი სარკე გვეხმარება.
სუპერ ავტომობილი, ფოლადის თხელკედლიანი კვადრატული მილებით შეკრულ სივრცულ ჩარჩოზე აიგება. მას მამოძრავებელ ძალას „ჰონდას“, ან „მიცუბიშის“ 2.0-ლიტრიანი ძრავი მიანიჭებს, რომელიც ტურბოკომპრესორით აღიჭურვება. „მიცუბიშის“ ძრავი ისედაც ტურბოიანია, თუმცა ამჯერად უფრო მოზრდილი ტურბინით აღიჭურვება და მისი სიმძლავრე 260-280-დან 450 ცხენის ძალამდე გაიზრდება. „ჰონდას“ ძრავიც ფორსირების შემდეგ, ამდენივე სიმძლავრეზე ავა. ორივე ძრავს, დონორი ავტომობილის 5-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი გადმოჰყვება. დონორი ავტომობილისავე იქნება მუხრუჭები და საჭის მექანიზმი. რაც შეეხება საკიდარს, ავტომობილს წინა ბორბლებთან, ეგრეთ წოდბული ჩანგლისებრი ბერკეტები დააკავშირებს, უკან კი მაკფერსონის სისტემა.
ორიოდ სიტყვა იმაზე, თუ რატომაა წინა და უკანა ბორბლები განსხვავებული. გოჩამ წინა ბორბალი ხისგან გააკეთა. და როცა უკანა ბორბლის დამზადების დრო დადგა, აღმოაჩინა, რომ პლასტიკური ბოთლის ძირს, დაახლოებით ისეთი ფორმა აქვს, როგორიც მის სუპერ ავტომობილს მოუხდებოდა. და... ეს ბორბალი სწორედ პლასტიკური ბოთლის ძირისგან დაამზადა.
დაბოლოს, გოჩა ქსოვრელი იმედოვნებს, რომ მისი ნამუშევარი, ამ ტიპის ავტომობილების დამფასებლებს დააინტერესებს. ჯერჯერობით ამაზე ლაპარაკი ზედმეტია, მაგრამ სავარაუდოდ, მისი სუპერ ავტომობილი, პრემიუმ კომპაქტური ჰეჩბეკის ფასის ფარგლებში ეღირება. ამ ეტაპზე, მოდელის კომპიუტერული დამუშავების ჯერია, რის შემდეგაც, ლეკალოების ამობეჭდვა იქნება შესაძლებელი. და გოჩა მასტერ მოდელის სკულპტურის შექმნას შეუდგება...

No comments:

Post a Comment