დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, August 27, 2013

ჰამილტონი სინგაპურში გარდატეხას აპირებს

Motor racing-Hamilton targets Singapore as a turning point
27 აგვისტო
ლუის ჰამილტონი იმედოვნებს, რომ სინგაპურის დიდი პრიზიდან მოყოლებული, ის კვლავ შეძლებს ჩემპიონობისთვის ბრძოლას და დაწინაურებული სებასტიან ფეტელისთვის კონკურენციის გაწევას. სპაზე ფეტელმა ამ სეზონში მეხუთე გამარჯვება (11-დან) მოიპოვა, რის შემდეგაც, უახლოეს მდევარ ფერნანდო ალონსოსთან მისმა უპირატესობამ 46 ქულას მიაღწია. სეზონის დასრულებამდე კი რვა ეტაპია დარჩენილი.
ჰამილტონთან ფეტელის უპირატესობა კიდევ უფრო მეტი - 58 ქულაა. ბრიტანელი ამჟამად მესამე ადგილზეა. ფეტელს რეალური შანსი აქვს, ზედიზედ მეოთხედ გახდეს მსოფლიო ჩემპიონი. მაგრამ ჰამილტონი დანებებას არ აპირებს და გადამწყვეტი ბრძოლისთვის განაწყობს საკუთარ თავს.
„ეს დიდი ჩამორჩენაა. ძალიან ძნელი იქნება მისი აღმოფხვრა. მაგრამ ბრძოლას ვაპირებ“, - ამბობს ჰამილტონი, ვინც ბელგიაში მესამე ადგილს დასჯერდა. შემდეგი გაჩერება იტალიაა, სადაც მონცას უსწრაფეს ტრეკზე, ჩემპიონატის ევროპული ნაწილი დასრულდება. ამის შემდეგ, დიდი პრიზების ქარავანი სინგაპურს, სამხრეთ კორეასა და იაპონიას მიადგება, ტრეკებს, რომლებიც ჰამილტონის „მერსედესს“ მიესადაგება.
„ბიჭები ამ დღეებში ბევრს იმუშავებენ, რათა გაიგონ იმის მიზეზი, თუ რატომ ვიყავით სპაზე ნელები. განსაკუთრებით ნელი ო რუჟში და დაღმართის სწორ მონაკვეთებზე ვიყავი. იქნებ, შემდეგ რბოლამდე რამე მიზეზს მივაგნოთ. თუ არა, მაშინ სინგაპურის იმედი მექნება“, - ამბობს ჰამილტონი, ვისაც ბოლო ოთხი ეტაპის კვალიფიკაციები აქვს მოგებული.
ყველა თვლის, რომ ჰამილტონი ფეტელის ყველაზე რეალური კონკურენტია, მაგრამ ბრიტანელმა სპაზე ლიდერს ვერაფერი დაუპირისპირა. სტარტიდან პირველ მოსახვევში დაშვებული შეცდომის გამო კი გერმანელს დაწინაურების საშუალება მისცა. სპას შემდეგ, ყველა ვარაუდობს, რომ მონცაზეც რბოლა იმავე სცენარით ჩატარდება.
„ამ ორი ტრასისთვის, დაახლოებით ერთნაირი აეროდინამიკა გვაქვს ხოლმე. ამიტომ მონცაზეც დაახლოებით ისეთივე მანქანით ვიქნებით. ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რას მოვასწრებთ მანამდე. მთავარია, რომ ამაზე უარესი შედეგი არ უნდა გვქონდეს. თუ ჩაჭიდებასთან დაკავშირებულ პრობლემებსაც მოვაგვარებთ, მაშინ შედეგიც გვექნება. იმედი მაქვს, ასეც მოხდება“, - დასძენს ჰამილტონი.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში, ალონსო ფეტელს ბელგიის წინ დიდი უპირატესობით უგებდა, მაგრამ საბოლოოდ, სამი ქულით წააგო ჩემპიონატი. „რედ ბულის“ შეფი კრისტიან ჰორნერი თვლის, რომ ასეთი რამ შეიძლება კვლავ მოხდეს, ოღონდ ამჯერად ფეტელი მოგებული ვეღარ იქნება. ამიტომ, ყურადღების მოდუნება არაფრით შეიძლება. „მოგებისთვის 25 ქულაა და ამ სიტუაციაში, ერთი უქულოდ დასრულებული რბოლა ყველაფერს შეცვლის. ჯერაც ბევრი ქულის აღება შეიძლება და მათთვის ბრძლა აუცილებელია. მიმაჩნია, რომ კვარცხლბეკზე დღეს ასული ბიჭები ტიტულისთვის იბრძოლებენ“, - განაცხადა ჰორნერმა.

No comments:

Post a Comment