დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, July 7, 2013

ფეტელმა ბოლოს და ბოლოს, გერმანიაშიც გაიმარჯვა

Vettel wins at home at last in incident-packed race
7 ივლისი
სებასტიან ფეტელი სამგზის მსოფლიო ჩემპიონია, მაგრამ აქამდე საშინაო რბოლა მოგებული არ ჰქონდა. დღეს კი ეს ნაკლი გამოასწორა - ნურბურგრინგზე გამართული გერმანიის დიდი პრიზი მოიგო და რაც მთავარია, ლიდერობა, რომელსაც ის მეოთხე ტიტულისკენ მიჰყავს, კიდევ უფრო განიმტკიცა. ამ გამარჯვების შემდეგ, კლასიფიკაციაში უახლოეს მდევარ ფერნანდო ალონსოს, რომელმაც ამჯერად მეოთხე ადგილი დაიკავა, 34 ქულას უგებს.
კვარცხლბეკის ქვედა ორი საფეხური „ლოტუსის“ პილოტებმა, კიმი რაიკონენმა და რომენ გროჟანმა დაიკავეს. ეს ორი მთელი რბოლის განმავლობაში ფეტელს ახლოს მისდვდა. ამასთან, თუ დასაწყისში კიმი იყო წინ, რბოლის მეორე ნახევარში, გროჟანი დაწინაურდა, თუმცა ბოლო წრეებზე ფინელმა მაინც შეძლო თანაგუნდელის ჩამოტოვება, რაშიც თავისი წვლილი გუნდის ჩარევამაც შეიტანა.
ისიც უნდა ითქვას, რომ რბოლის მიწურულს, სანამ ბოლო პიტსტოპს შეასრულებდა, რაიკონენი ლიდერი იყო, მაგრამ ფინიშამდე ათი წრით ადრე, ბოწსებში უხმეს და ლიდერობაც ფეტელს გადააბარა. არადა, ნარბოლევს ფინელმა განაცხადა, შეიძლება სჯობდა, ბოლო პიტსტოპისგან თავი შემეკავებინაო. საქმე ისაა, რომ სანამ რეზინს გამოცვლიდა, ფეტელი წრეზე ნახევარ წამზე მეტს ვერ უგებდა. თუმცა, მოსალოდნელი იყო, რომ ბოლო წრეებზე მისი საბურავების მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდებოდა.
ალონსომაც, ბოლო წრეებზე შეძლო „ლოტუსის“ ბიჭების დაწევა, თუმცა ამჯერად გროჟანისთვის არავისთვის უთხოვია გზის დათმობა. მან კი თანაგუნდელს ზურგი კარგად გაუმაგრა და ამგვარად, კიმის ალონსოსთან კლასიფიკაციაში ჩამორჩენის შემცირების საშუალება მისცა. მხოლოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა ლუის ჰამილტონი, რომელმაც სტარტი პოულიდან კი აიღო, მაგრამ ლიდერის პოზიცია პირველივე მოსახვევამდ დათმო. მას ორივე „რედ ბულმა“ გაასწრო, დანარჩენები აღარ გაატარა, მაგრამ შუა რბოლაში, საბურავების მეორე კომპლექტი არ გამოადგა, რამაც რბოლა გაუფუჭა.
არ გაუმართლა ვებერსაც, ოღონდ ამაში დამნაშავე მისი მექანიკოსები აღმოჩნდნენ. პიტსტოპზე მას დაძვრის ნიშანი ისე მისცეს, უკანა მარჯვენა ბორბალი დამაგრებული არ იყო. ჰოდა, ეს ბორბალი იქვე მოსძვრა და მეზობელი გუნდების ბოქსების წინ გაგორდა. ერთგან კი მას გზაზე უნებურად ტელეოპერატორი პოლ ალენი გადაეღობა, რომელმაც ის ვერც კი შენიშნა... ბორბალი მოულოდნელად ჰაერში აიჭრა და ოპერატორს კამერა თავზე მიამტვრია. ის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც ტვინის შერყევა და დაჟეჟილობები დაუდგინეს.
ვებერს რადიოთი სთხოვეს, ძრავი გამოერთო. შემდეგ გუნდმა სამბორბლიანი მანქანა უკუსვლით შეათრია ბოქსში, იქ ბორბალი დაუყენეს და ტრასაზე დააბრუნეს. საბოლოოდ, ავსტრალიელმა როგორღაც რბოლის მეშვიდე ადგილზე დასრულება შეძლო, რაშიც ტრასაზე უსაფრთხოების მანქანის გამოსვლა დაეხმარა. მისი გამოსვლის მიზეზი კი კურიოზული იყო: ჟიულ ბიანკის „მარუსიას“ ძრავი დაეწვა და ფრანგმა პილოტმა მანქანა ბალახებზე გააჩერა. თითქოს არაფერი - რბოლა არ შეწყვეტილა და მხოლოდ ტრასის ამ მონაკვეთში ყვითელი დროშები ააფრიალეს. მაგრამ როგორც კი „მარუსიას“ ევაკუატორი მიუახლოვდა, ბოლიდი მოულოდნელად დაგორდა, ტრასა გადაკვეთა და მის მეორე მხარეს გაჩერდა. ეს ყველაფერი დაღმართის ბრალი იყო. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ევაკუატორს ტრასის გადაკვეთა უწევდა და სწორედ ამიტომ, ტრასაზე პეისკარს უხმეს.

გერმანიის დიდი პრიზი
ნურბურგრინგი, დისტანცია 308.623 კმ (5.148 კმ, 60 წრე)
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:41:14.711
2. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                        +00:01.008
3. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                 00:05.830
4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                 00:07.721
5. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)        00:26.927
6. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)              00:27.996
7. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                     00:37.562
8. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                       00:38.306
9. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   00:46.821
10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)              00:49.892
11. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)          00:53.771
12. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)   00:56.975
13. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)           00:57.738
14. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)               01:00.160
15. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)   01:01.929
16. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)               1 წრე
17. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)                    1 წრე
18. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი) 1 წრე
19. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                  1 წრე
გ. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)             38 წრე
გ. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                      39 წრე
გ. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                           57 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: ფერნანდო ალონსო - 1:33.468, 51-ე წრე

მრბოლთა კლასიფიკაცია
1. სებასტიან ფეტელი - 157 ქულა; 2. ფერნანდო ალონსო - 123; 3. კიმი რაიკონენი - 116; 4. ლუის ჰამილტონი - 99; 5. მარკ ვებერი - 93; 6. ნიკო როსბერგი - 84; 7. ფელიპე მასა - 57; 8. რომენ გროჟანი - 41; 9. პოლ დი რესტა - 36; 10. ჯენსონ ბატონი - 33; 11. ადრიან სუტილი - 23; 12. სერხიო პერესი - 16; 13. ჟან-ერიკ ვერნი - 13; 14. დანიელ რიკიარდო - 11; 15. ნიკო ჰულკენბერგი - 7

კონსტრუქტორთა თასი

1. რედ ბულ-რენო - 250 ქულა; 2. მერსედესი - 183; 3. ფერარი - 180; 4. ლოტუს-რენო - 157; 5. ფორს ინდია-მერსედესი - 59; 6. მაკლარენ-მერსედესი - 49; 7. ტორო როსო-ფერარი - 24; 8. ზაუბერ-ფერარი - 7

No comments:

Post a Comment