Hamilton - Vettel 'fantastic driver' in 'awesome
car'
16 ივლისი
ლუის ჰამილტონი ამბობს, რომ „ფანტასტიური მრბოლია“
და ის „საოცარი მანქანით“ ასპარეზობს, რითაც უარყო მოსაზრება, თითქოს ის და ფერნანდო
ალონსო ერთმანეთის ქებაში ისე გაერთნენ, რომ მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი სულ
გადაავიწყდათ. არადა, გერმანელი მრბოლი მეოთხე ტიტულისთვისაც მისთვის ჩვეული
შეუპოვრობით იბრძვის.
მანამდე ფეტელმა განაცხადა, რომ არ ადარდებს ჰამილტონისა
და ალონსოს ურთიერთქება და მათ მიერ ყოველთვის იმის ხაზგასმა, რომ ფეტელი „რედ
ბულის“ საუკეთესო ავტომობილით ასპარეზობს. კითხვაზე, რას ფიქრობს გერმანელის ასეთ
აგდებულ დამოკიდებულებაზე, ჰამილტონი პასუხობს:
„უსამართლობა იქნება იმის თქმა, რომ ჩვენ მას
ვაკრიტიკებთ და ვამბობთ, რომ ის ჩვენი დონის მრბოლი არაა. რა თქმა უნდა, ის
ერთ-ერთი საუკეთესოა. ის აბსოლუტურად ფანტასტიური მრბოლია, თუმცა ისიც ფაქტია, რომ
საოცარი მანქანით ასპარეზობს“.
მაგრამ ჰამილტონი ასევე დასძენს: „ჩემი აზრით, მას
გაცილებით გაუჭირდებოდა, თუ სხვა მრბოლების თანაგუნდელი იქნებოდა. ჩემი ეს აზრი იმ
სიტუაციებიდან ჩამოყალიბდა, როცა მასთან ბორბალი ბორბალში პაექრობა მიწევს იმ
მცირე წამების დროს, სანამ ის სტარტიდან მოსწყდება ხოლმე პელოტონს. დარწმუნებული
ვარ, ყველა მრბოლი ფიქრობს - რა იქნებოდა, ასეთ მანქანაში მეც რომ ვიჯდე?“ -
დასძენს მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონი.
მიმომხილველები კი საკითხს სხვაგვარად უყურებენ -
ჰამილტონმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს, რატომ არის ამდენ ხანს მხოლოდ ერთგზის
ჩემპიონი. ამაზე ფ1-ის ერთ-ერთ წამყვან ინჟინერ გერი ანდერსონს ასეთი მოსაზრება
აქვს: „ჩემი აზრით, რამდენიმე წლის წინ მოხდა რაღაც, როცა ლუისს ფ1-ის მიღმა, სხვა
მიზნებიც გაუჩნდა. ჩემი აზრით, მან ფოკუსი დაკარგა. მან უნდა გააცნობიეროს, რომ
რასაც კვირას აკეთებს, საკმარისი არაა. კვირაში შვიდი დღე მხოლოდ წარმატებაზე და
მისი მიღწევის გზებზე უნდა იფიქროს. მე ვეღარ ვხედავ მასში ასეთ მონდომებას“.
მსგავსი შეხედულება აქვს 1996 წლის ჩემპიონ დეიმონ
ჰილსაც: „არ მინდა ვთქვა, რომ ლუისი გულუბრყვილოა. მაგრამ ჯერაც ბევრი რამე აქვს
სასწავლი. მას უნდა, რომ საკუთარი კარიერა, თავისი გზით ატაროს. მაგრამ სპორტი,
რომელშიც ისაა, ძალიან შეეფერება მაკიაველის. ფ1-ში წარმატებისთის ცოტათი დაუნდობელიც
კი უნდა იყო, აუცილებელია მუდმივად მობილიზებულობა და ბიზნესმენის აზროვნება“.
ანდერსონი თვლის, რომ ჰამილტონი თავისი ხასიათით
უფრო „მაკლარენს“ შეეფერებოდა. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ბრიტანულ გუნდს
ამ სეზონში კრიზის აქვს, ანდერსონი ამბობს: „ჯენსონ ბატონი ასეთი სიტუაციისთვის
მეტისმეტად კარგია? დარწმუნებული ვარ, ლუისი გაცილებით მეტ ხმაურს გამოიწვევდა“.
No comments:
Post a Comment