Vettel will have say over 2014 teammate - Marko
28 ივნისი
მიუხედავად იმისა, რომ საინტერესო სხვაც ბევრი რამ
ხდება, სილვერსტოუნზე მთავარი თემა მაინც „რედ ბულში“ მოულოდნელად წარმოქმნილი
ვაკანსიაა. მარკ ვებერის მიერ „პორშეში“ გადასვლის გამოცხადებას დიდი აჟიოტაჟი
მოჰყვა და ის ასე ადვილად არ ჩაცხრება. უფრო სწორედ, მანამ არ ჩაცხრება, სანამ წითელი
ხარები ვებერის შემცვლელს დაასახელებენ. მანამდე კი ვარაუდებს გაეხსნა ასპარეზი.
პრაქტიკების შემდეგ, კიმი რაიკონენმა აღიარა, რომ ავსტრიულ
გუნდთან „მცირე საუბარი“ ჰქონდა. ამაზე სებასტიან ფეტელმა განაცხადა, ჩემთვის
სულერთია, ვინ მეყოლება თანაგუნდელადო. და ისიც დასძინა, კიმისთან ვმეგობრობ და
გუნდში მის მოსვლას მივესალმებიო. ფინელმაც გამოხატა ინტერესი: ჩემთვის საინტერესო
იქნება მასთან ერთნაირი მანქანებით პაექრობაო.
„ეს დიდი გამოწვევა იქნება. ჩვენ აქ სწორედ ასეთი
გამოწვევებისთვის ვართ. თუ გაქვს შანსი, აუცილებლად უნდა გამოიყენო. ახლა მხოლოდ
იმის თქმა შემიძლია, რომ მხოლოდ „რედ ბულსა“ და „ლოტუსს“ შორის მომიწევს არჩევანის
გაკეთება“, - ბრიტანულ ტელეკომპანია „სკაისთან“ საუბრისას განაცხადა რაიკონენმა.
ერთი შეხედვით, ფინელისთვის დასაფიქრებელიც არაფერი
უნდა იყოს - „რედ ბულში“ გარანტირებულად უკეთესი მანქანით მოუწევს ასპარეზობა და
ესე იგი, ჩემპიონობის მეტი შანსიც ექნება. ეს კი მისთვის მთავარია. მაგრამ არის
ერთი გარემოება, რომელმაც შესაძლოა „ლოტუსში“ დარჩენა გადააწყვეტინოს. საქმე ისაა,
რომ ამ გუნდში მინიმალური სპონსორული ვალდებულებები აქვს და მაქსიმალური
თავისუფლება. „რედ ბულში“ კი ამის იმედიც არ უნდა ჰქონდეს.
მეორე მხრივ, „რედ ბულს“ მსოფლიო ჩემპიონატზე ეგრეთ
წოდებული ფრამ გუნდი ჰყავს „ტორო როსოს“ სახით, რომელშიც პერსპექტიულ ახალგაზრდა
მრბოლებს იწვევს, რათა მათში საჩემპიონო ნიჭის (როგორც ფეტელის შემთხვევაში იყო) აღმოჩენის
შემთხვევაში, ისინი მთავარ გუნდში გადაიყვანოს. „ტორო როსოს“ ამჟამდ ავსტრალიელი
დანიელ რიკიარდო და ფრანგი ჟან-ერიკ ვერნი ჰყავს, რომელთაგან სპეციალისტები
უპირატესობას პირველს ანჭებენ. თუმცა თავად მრბოლი ცოტა სკეპტიკურადაა განწყობილი
- ბოლო ხანს რაღაც არ გამომდისო.
„არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ჩემპიონ გუნდზე
ვლაპარაკობთ და ეს ნიშნავს, რომ ბიჭებს სეზონის მეორე ნახევარში ექსტრაორდინარული
უნარების გამოვლენა მოუწევთ“, - ამბობს „ტორო როსოს“ შეფი ფრანც ტოსტი. მისი
სიტყვებიდან გამოდის, რომ „რედ ბულში“ ვებერის შემცვლელის არჩევაზე არ იჩქარებენ.
ამ დროს, ფეტელი არ მალავს, რომ მას რაიკონენის
მოწვევა სურს, თუმცა არც ვერნის და რიკიარდოს ვარიანტებს გამორიცხავს: „უსამართლობა
იქნება, თუ კიმის დანიელთან, ან ჟან-ერიკთან შედარებას დავიწყებ. მათ სრულიად განსხვავებული
კარიერები აქვთ“, - ამბობს ფეტელი. თუმცა, როგორც კომპანია „რედ ბულის“ მოტორ
სპორტის მრჩეველი ჰელმუტ მარკო ამბობს, გადამწყვეტი სიტყვა სწორედ ფეტელს
ეკუთვნის.
„ეს
ჩემი გადასაწყვეტი არაა, მაგრამ თუ მკითხავენ, ჩემს აზრს გამოვთქვამ. უნდა ვეცადოთ,
რომ გუნდში ჰარმონიული ურთიერთობები გვქონდეს. საუკეთესო გადაწყვეტილება ის იქნება,
რომელიც ყველა მხარეს დააკმაყოფილებს. მათ შორის, სებასტიანსაც“, - ამბობს მარკო.
No comments:
Post a Comment