New 2014 BMW
X5 Officially Unveiled in All its Evolutionary Glory
30 მაისი
„ბეემვე“ ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერას
ფრანკფურტის მოტორ შოუზე, სექტემბერში ჩაატარებს. თუმცა, ფოტოებით და ტექნიკური
მონაცემების გამოქვეყნებით, ის ინტერნეტით ახლავე გაგვაცნა. ამ ინფორმაციის წინ
უძღოდა ასევე ინტერნეტით,ბავარიული კომპანიის ფანების ერთ-ერთ ფორუმზე
გავრცელებული ფოტოები, რომლებიც ამერიკის დიდი კანიონის ფონზეა გადაღებული.
ისე კი, ახალი X5 წინამორბედის ევოლუციური
განვითარების პროდუქტია და ეს სალონშიც იგრძნობა. რა თქმა უნდა, სიახლე ბევრია,
ოღონდ ისეთები, რომლებიც ტექნოლოგიურმა განვითარებამ და ბაზრის ტენდენციებმა
მოითხოვა. ასეთებია მაჩვენებლების დაფაზე ოთხი მრგვალი მაჩვენებელი და 10.2-დუიმიანი
სენსორული მრავალფუნქციური მონიტორი.
განსაკუთრებულად კომფორტული გარემოა სალონის უკანა
ნაწილში. იქ არსებული სავარძლები 40:20:40 პროპორციით იკეცება, რაც საბარგულის
მოცულობასაც ზრდის (650-დან 1870 ლიტრამდე) და თუ საჭროა, სავარძლებს შორის
სახელდახელოდ მაგიდის გაშლის საშუალებასაც იძლევა. კარის ჯიბეები იმდენად
გაიზარდა, რომ მათში თავისუფლად ეტევა 1.5-ლიტრიანი ბოთლები.
ბავარიულმა კომპანიამ ახალ ავტომობილთან ერთად, მყიდველს
ეკიპირების ორ ახალ პაკეტსაც შესთავაზებს. ესენია ლაქშერი ლაინ და იქსლაინ. მათ ინტერიერის
და ექსტერიერის გამორჩეული და დამახასიათებელი დეტალები აქვთ. რა თქმა უნდა,
ბავარიელთა შტო M თავის ვერსია M სპორტსაც გამოუშვებს, რომელსაც აეროდნმიკური
ელემენტების ახალი პაკეტი, სორტული სავარძლები და ბევრი სხვა სპორტული ელემენტი
ექნება. მათ შორის აღსანიშნავია M-ის ადაპტირებადი საკიდარი.
ახალი X5-ის (მისი საქარხნო კოდური სახელია F15)
გაბარიტებია: სიგრძე 4 886 მილიმეტრი, სიგანე 1 938 მილიმეტრი, სიმაღლე 1 762
მილიმეტრი და ბორბლებს შორის ბაზა 2 933 მილიმეტრი. ამგვარად, ის წინამორბედზე 29
მილიმეტრით გრძელი, 5 მილიმეტრით განიერი და 14 მილიმეტრით დაბალია. ბაზა კი
უცვლელი დარჩა. მართალია, ავტომობილი ზომებში გაიზარდა, მაგრამ სამაგიეროდ, წონაში
90 კილოგრამი დაიკლო.
ევროპული გაყიდვების დაწყების მომენტში (ფრანკფურტის
მოტორ შოუს შემდეგ) ევროპელ მყიდველს სამ ძრავს შორის მოუწევს არჩევანი. ვერსია xDrive30d
აღჭურვილია 3.0-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი (ერთრიგა) ძრავით, რომელიც 255 ცხენის
ძალას გამოიმუშავებს. ვერსია xDrive50i-ზე ბენზინის 4.4-ლიტრიანი V8 დგას, რომლის სიმძლავრეც
444 ცხენის ძალაა. M50d M ვერსია კი სამტურბოიანი 3.0-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი
(ერთრიგა) დიზელით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრე 376 ცხენის ძალაა. ამ აგრეგატით,
ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ-ს აკრეფა 5.3 წამში შეუძლია. სამივე ძრავის შემთხვევაში,
X5 აღჭურვილია სტანდარტული სრულამძრავიანი ტრანსმისიით და 8-საფეხურიანი ავტომატური
ტრანსმისიით.
დეკემბერში X5-ის გამა შეივსება xDrive40d დიზელის,
xDrive35i ბენზინის ტურბო და xDrive25d დიზელის ვერსიებით, ასევე ამ მოდელის
ისტორიაში პირველად, უკანა ამძრავიანი ტრანსმისიით, რომელსაც sDrive25d-ვერსიაზე გამოიყენებენ. ამ
უკანასკნელის შემთხვევაში, ავტომობილი ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროს
მხოლოდ 149 გრამი ნახშირორჟანგით დააბინძურებს.
ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე, ახალი X5 დილერთა შოურუმებში
წლის ბოლოს გამოჩნდება. მყიდველს მხოლოდ ორ ძრავს შესთავაზებენ. ვერსია sDrive35i-ზე
ბენზინის 3.0-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი (ერთრიგა) ძრავი დგას, რომელიც 300 ცხენის
ძალას იძლევა და უკანა ამძრავიანი ტრანსმისიითაა აღჭურვილი. ვერსია xDrive35i კი
სრულამძრავიანია და მის ბორბლებს მამოძრავებელ ძალას ბენზინის 4.4-ლიტრიანი V8
ანიჭებს, რომლის სიმძლავრეც 444 ცხენის ძალას აღწევს. ამ აგრეგატით აღჭურვილი
ავტომობილი, ადგილიდან 100 კმ/სთ-ს აკრეფას 4.9 წამში ასწრებს. ამერიკელებს დიზელისძრავიან
X5-ს მერმისს შესთავაზებენ.
No comments:
Post a Comment