დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, April 13, 2013

ჰამილტონის პირველი პოული „მერსედესს“

Hamilton takes his first pole for Mercedes
13 აპრილი

ჩინეთში რბოლა ერთგვარად ყისმათიანია „მერსედესისთვის“ - ერთი წლის წინ, სწორედ აქ შეძლო ნიკო როსბერგმა პოულის მოპოვება და მერე რბოლაც მოიგო. ახლა კი კვალიფიკაციაში გამარჯვება მისმა ახალმა თანაგუნდელმა, ლუის ჰამილტონმა მოიპოვა. შეძლებს, თუ არა ჰამილტონი როსბერგის შარშანდელი მიღწევის გამეორებას, ამას რბოლა გვიჩვენებს.

თუმცა, ახლავე შეიძლება ითქვას, რომ ძალიან გაუჭირდება, რადგან გვერდზე და უკან, გამარჯვებაზე დამშეული ორი ნადირი - კიმი რაიკონენი და ფერნანდო ალონსო ეყოლება. ფინელმა სეზნის გახსნით რბოლაში გამარჯვებით დაგვიმტკიცა, რომ ისევ ის კიმია, როგორმაც თავისი ჯერჯერობით ერთადრთი ტიტული მოიპოვა (2007 წელს), ალონსოს კი, ამჯერად მანქანაც უწყობს ხელს იმაში, რომ ისევ ტიტულისთვის (კარიერაში მესამესთვის) იბრძოლოს.
და სად არიან მალაიზიური დიდი პრიზის ტრიუმფატორი წითელი ხარები? სებასტიან ფეტელმა კვალიფიკაციის მესამე სექციაზე ჩასათვლელი დრო ვერ დააფიქსირა და სტარტზე მეხუთე რიგში თანამემამულე ნიკო ჰულკენბერგთან ერთად დადგება, მარკ ვებერს კი უფრო მეტად არ გაუმართლა. ავსტრალიელს კვალიფიკაციის მეორე სექციის დროს, საწვავი გამოელია და კონკურენტული დრო ვერც მან აჩვენა. საწვავის გამოლევის გამო კი სტიუარდებმა დააჯარიმეს და სტარტზე პელოტონის კუდში მიუჩინეს ადგილი...
„შესანიშნავი დღეა. ჩემს კარიერაში დიდი ცვლილების შემდეგ, ისევ მოწინავე რიგში ვარ. განსაკუთრებული გრძნობა დამეუფლა. თავს ბედნიერად ვგრძნობ, შესანიშნავი წრე გამომივიდა“, - ამბობდა პრესკონფერენციაზე ეიფორიაში მყოფი ჰამილტონი. როსბერგი, ვინც შარშან სამქიმიანებს, როგორც გუნდს, პირველი პოული მოაპოვებინა, ამჯერად მეოთხე შედეგს დასჯერდა.
ალონსო ამ სეზონში პირველად დადგება ფელიპე მასაზე წინ. არადა, ბრაზილიელს რეალური შანსი ჰქონდა, თავისი ტიტულოვანი თანაგუნდელი ზედეზედ მეხუთე კვალიფიკაციაში დაემარცხებინა, რაც ესპანელის კარიერაში არასდროს მომხდარა. ალონსო თვლის, რომ გამარჯვებისთვის მას რაიკონენთან პაექრობა მოუწევს, რადგან „ლოტუსი“ უფრო კონკურენტუნარიანი გუნდია, ვიდრე „მერსედესი“.
ფეტელის არჩევანი, არ დაეფიქსირებინა დრო, სტრატეგიის ნაწილი აღმოჩნდა. მან რბოლის მედიუმ რეზინით დაწყება ამჯობინა, რადგან ის გაცილებით მეტხანს გაძლებს, ვიდრე სოფტი, რომლითაც მის წინ მყოფებმა კვალიფიკაცია გაიარეს. როგორც ჩანს, გერმანელი ბოლოს დააყენებს სოფტებს და ამით, რბოლის მიწურულს უპირატესობის მოპოვებას ეცდება. ეს გადაწყვეტილება კი მას შემდგ მიიღო, რაც კვალიფიკაციის ბოლო წამებზე შეცდომა დაუშვა და წრე აღარ დაასრულა. მოგვიანებით, ამის მიზეზად მუხრუჭების გაჭედვა დაასახელა.
რაიკონენმა პრესკონფერენციაზე დაიჩივლა, მეტოქეები ჩვენზე სწრაფები არიან და ამ სიტუაციაში მეორე ადგილი ცუდი შედეგი არააო. ჰამილტონმა კი საიწუწუნა, ეს ბიჭი (რაიკონენს გახედა) საბურავებს ჩვენზე უკეთ იყენებს და ეს მას უპირატესობას მიანიჭებსო. მოკლედ, ყველაფერი რბოლაზე გამოჩნდება...

ჩინეთის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)          1:34.484
2. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                         1:34.761
3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                  1:34.788
4. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                    1:34.861
5. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                             1:34.933
6. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1:35.364
7. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)      1:35.998
8. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                2:05.673
9. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)             დროის გარეშე
10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)               დროის გარეშე
- - - - - - - - - -
11. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)           1:36.287
12. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                      1:36.314
13. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)            1:36.405
14. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                    1:36.679
15. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    1:37.139
16. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)            1:37.199
- - - - - - - - - -
17. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                 1:37.769
18. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                1:37.990
19. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                     1:38.780
20. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                    1:39.537
21. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)                      1:39.614
22. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)   1:39.660

სასტარტო განლაგება
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)
2. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)
3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)
4. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)
5. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)
6. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)
7. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)
8. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)
9. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)
10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)
11. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)
12. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)
13. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)
14. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)
15. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)
16. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)
17. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)
18. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)
19. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)
20. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)
21. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)
22. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)

No comments:

Post a Comment