დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, February 28, 2013

ახალი „აუდი RS Q3“ ახალი ტურბო ძრავით

New Audi RS Q3 with 306HP 2.5-liter Turbocharged Inline-Five is Official
28 თებერვალი
ჟენევის მოტორ შოუსთვის, „აუდის“ ხუთი (!) სიახლე აქვს მომზადებული, მათ შორის, ერთ-ერთია Q3-ის ტემპერამენტიანი ვერსია, ინდექსით RS. ამ ავტომობილის კონცეპტუალური ვერსია ინგოლშტადტელებს პეკინის შარშანდელ ავტო შოუზე ჰქონდათ წარდგენილი.
სერიული RS Q3 უმნიშვნელოდ განსხვავდება კონცეპტუალურისგან. და ეს განსხვავებაც მხოლოდ კოსმეტიკურია. კერძოდ, ძარა აღარაა გაფორმებული კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული ელემენტებით. სხვათა შორის, კონცეპტუალურ ავტომობილს პეკინშივე ეტყობოდა, რომ კონვეიერამდე ის თითქმის აღარ შეიცვლებოდა.
სამაგიეროდ, აღჭურვილობის მხრივ, სიახლეა - ავტომობილი აღჭურვილია TT RS-ის დეფორსირებული ხუთცილინდრიანი 2.5-ლიტრიანი ტურბო ძრავით, რომლის სიმძლავრეც 350-დან 306 ცხენის ძალამდე შემცირდა. სამაგიეროდ, მაქსიმალურ მომენტს - 420 ნიუტონმეტრს, ძრავი მუხლა ლილვის ბრუნვების ფართო დიაპაზნში (1500-5200 ბრ/წთ) ავითარებს.
ძრავთან ორდისკოიანი ქუროთი დაკავშირებულია 7-საფეხურიანი ნახევრად ავტომატური გადაცემათა კოლოფი (S ტრონიკი), რომელიც სრულამძრავიანი კვატრო სისტემის გავლით, ამძრავი ძალით ოთხივე ბორბალს ამარაგებს. სისტემა კვატრო მოიცავს უკანა ღერძზე მჯდარ მრავალფენიან ქუროს, რომელიც ელექტრონული სისტემით იმართება და ჰიდრავლიკურით მოქმედებს.
ინგოლშტადტელების განცხადებით, ამ აღჭურვილობით, RS Q3-ს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 5.5 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი ელექტრონიკით, ხელოვნურადაა შეზღუდული 250 კმ/სთ დონეზე. ასეთი ტემპერამენტის მქონე ავტომობილი (მისი წონაა 1730 კილოგრამი) არც საწვავის უსაშველო ხარჯით გამოირჩევა - 100 კილომეტრზე მას 8.8 ლიტრი საწვავი ჰყოფნის.
მართვის გასაუმჯობესებლად, ინჟინრებმა საკიდარიც გადააკეთეს. მათ 25 მილიმეტრით შეამცირეს კლირენსი, აკუმულატორი საბარგულში გადაიტანეს (წონის ბალანსის შესაცვლელად). წინა მუხრუჭები დასვრეტილი (გაგრილებისთვის) დისკოებით აღჭურვეს, უკანები კი გაზრდილი დიამეტრის დისკოებით და რვაცილინდრიანი სუპორტებით. სტაბილურობის ელექტრონული კონტროლი კი მხოლოდ სპორტულ რეჟიმში იმუშავებს.

ინტერიერი სპორტულ ყაიდაზე გამოაწყეს. პირველ რიგში, იქ ყურადღებას სპორტული სავარძლები იქცევს, რომლებიც შავი ტყავითა და ალკანტრითაა გაწყობილი. მაჩვენებლების დაფის გაფორმებაც შეცვლილია. რუხი ფერის მაჩვენებლებზე, თეთრი ციფერბლატები და წითელი მაჩვენებლებია გამოსახული. ზოგი დეტალი, მაგალითად საჭის რგოლი, გადაცემათა კოლოფის ბერკეტი და ზოგიერთი სხვა, ალუმინის ჩანამატებითაა გაწყობილი.
გერმანული კომპანია RS Q3-ს მიწოდებას ევროპულ ბაზარზე შემოდგომაზე დაიწყებს. გერმანიაში საბაზო ვერსიის ფასი 54 600 ევრო იქნება.

No comments:

Post a Comment