New McLaren 'adapted' for Button's style – Perez
ესპანურმა გამოცემა „ას-მა“ პერესს ჰკითხა, 0-დან
10-ქულით შეაფასოს თავისი ადაპტაცია „მაკლარენთან“, რაზეც მექსიკელმა მიუგო, რომ
6-7 ქულას დაწერდა. ის ამბობს, რომ „ზაუბერსა“ და „მაკლარენს“, მათს მმართველობებს
შორის ფუნდამენტური განსხვავებაა. თუმცა არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რაში
გამოიხატება ეს განსხვავება. მისი თქმით, ბატონს უპირატესობა აქვს, რადგან MP4-28-ს
შემუშავების პროცესში უშუალოდ მონაწილეობდა.
21 თებერვალი
მართალია, სერხიო პერესი ბარსელონას ტესტების მეორე
დღეს უსწრაფესი იყო, მაგრამ მანქანიდან გადმოსულმა, ჟურნალისტებთან საუბრისას პირველ
რიგში განაცხადა, ეს მანქანა ჯენსონ ბატონზეა მორგებულიო. თუმცა, არ დაუწუწუნია,
უბრალოდ ის ფაქტი დააფიქსირა, რომ როდესაც „მაკლარენი“ ახალ მანქანაზე მუშაობას
იწყებდა, ბატონის ფიზიკური პარამეტრები გაითვალისწინაო.
„რა თქმა უნდა, ჯენსონი ძალიან გამოცდილი მრბოლია
და მან მანქანის შემუშავებისას მონაწილეობა მიიღო. ბუნებრივია, მანქანა უფრო
მასზეა მისადაგებული. ახლა ჩემზეა დამოკიდებული, როგორ მოვერგები სიტუაციას და ავსტრალიისთვის
სრულ მზადყოფნაში ვიქნები. ნებისმიერ შემთხვევაში, გუნდით კმაყოფილი ვარ. მთელი
ჩემი ცხოვრება, ამ გუნდში მოხვედრაზე ვოცნებობდი. ჰოდა, პირველივე დღიდან ისე ვარ,
თავი საკუთარ სახლში მგონია“, - ყვება პერესი.
პერესი 23 წლისაა და უკვე მოასწრო სწრაფი მრბოლის
რეპუტაციის მოპოვება. მაგრამ „მაკლარენში“ ესპანურენოვანი პილოტები, სხვადასხვა
მიზეზის გამო, დიდხანს ვერ რჩებიან. მაგალითად, ხუან პაბლო მონტოია და ფერნანდო
ალონსო - ორივემ კონტრაქტის დასრულებამდე დატოვა „მაკლარენი“. ეს მას ბარსელონას
ტესტების შემდეგაც შეახსენეს...
„ყოველ
სეზონში, ყოველი რბოლისას, სხვადასხვა გარემოებები იქმნება. ამას პილოტების
განსხვავებული ხასიათებიც უწყობს ხელს. სხვა ლათინოამერიკელებიც ყოფილან, ვისაც ამ
გუნდთან ერთად ტიტულები აქვთ მოგებული. ეროვნება აქ ბევრს არ ნიშნავს. მთავარია,
კარგი მანქანა გქონდეს და გარემოებებმაც შეგიწყოს ხელი. მანქანა განსხვავებულია
იმისგან, რასაც მიჩვეული ვარ, მაგრამ მთავარია, რომ კონკურენტულია“, - ამბობს პერესი.
No comments:
Post a Comment