26 იანვარი
ფორმულა ერთის შეფი
ბერნი ეკლსტოუნი ამბობს, რომ წლევანდელ სეზონში შეიძლება მაინც 20 ეტაპი შევიდეს. როგორც
ცნობილია, ამ სეზონში ნიუ ჯერსის ეტაპის ჩატარება ვერ ხერხდება. ამიტომ კალენდარში
მის ადგილზე რომელიმე ევროპული ეტაპის ჩასასმელად, ბერნიმ გერმანული რბოლა ერთი
კვირით გადასწია. შემცვლელი ეტაპისთვის თარიღად 21 ივლისი აირჩიეს.
ამ ვაკანსიის
შევსების სურვილი თურქეთს და ავსტრიას ჰქონდათ, მაგრამ ბერნიმ თურქებისგან სათანადო
ფინანსური გარანტიები ვერ მიიღო, ავსტრიელებს კი ის გარემოება დაუწუნა, რომ „რედ
ბულ რინგის“ სიახლოვეს ცოტა სასტუმრო მდებარეობს. ბერნიმ ისიც კი თქვა, როგორც
ჩანს, კალენდარში მხოლოდ 19 ეტაპი დარჩებაო.
მაგრამ კალენდრის
საბოლოო ვარიანტი აქამდე არ გამოქვეყნებულა, რაც იმის ეჭვს ბადებს, რომ ეკლსტოუნი მეოცე
რბოლაზე ჯერაც ფიქრობს. უფრო მეტიც, მან განაცხადა, რომ მოლაპარაკებას პორტუგალიის
ალგარვეს ტრეკის მფლობელებთან აწარმოებს. ამასთან, მან ისევ ახსენა საფრანგეთი.
„ჯერ დარწმუნებით ვერაფერს
ვიტყვი. საფრანგეთში ჯერაც არსებობს რბოლის ჩატარების ინტერესი. ეტაპის
მასპინძლობა პორტუგალიელებსაც სურთ, სადაც რბოლის ალგარვეს ახალ ტრეკზე ჩატარებას
გვთავაზობენ. გერმანიაში კი ნურბურგრინგზე ვიასპარეზებთ. ვნახოთ, ევძლებთ თუ არა
დაინტერესებულ მხარეებთან შეთანხმებას“, - ამბობს ბერნი და დასძენს, რომ გუნდებს
არ სურთ კალენდარში მეოცე რბოლის დამატება:
„თუ ვინმეს სურს
რბოლის ჩატარება, ჩვენ მათ დავეხმარებით ორგანიზებაში. მაგრამ გუნდებს ეს არ
მოსწონთ. მათ ურჩევნიათ, რომ სულის მოთქმის საშუალება ჰქონდეთ. დღეს დარწმუნებით
მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია - კალენდარში ეტაპების რიცხვი ოცს არასდროს ასცდება“.
No comments:
Post a Comment