Carlos Tavares Parts Ways with Renault Shortly
after Saying He’d Like to Run GM or Ford
29 აგვისტო
კორპორატიულ სამყაროში ასეა - თუ ბევრს ილაპარაკებ,
რაოდენ კარგი მენეჯერიც უნდა იყო, წასვლა მოგიწევს. ახლახანს სწორედ ასე მოუვიდა
„რენოს“ აწ უკვე ყოფილ უფროს მმართველ დირექტორ კარლოს ტავარესს, რომელიც ფრანგულ
კომპანიაში ფაქტობრივად მეორე კაცი იყო. სულ ორი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც
ტავარესმა ხმამაღლა (სააგენტო ბლუმბერგთან საუბრისას) განაცხადა თავისი სურვილის
შესახებ - უხელმძღვანელოს რომელიმე საავტომობილო კომპანიას, კონკრეტულად კი
„ფორდს“ ან „ჯენერალ მოტორსს“ და ის „რენოდანაც“ თამაშგარეში დატოვეს.
ტავარესის არგუმენტი სრულიად გასაგები იყო - მას
კარგად ესმის, რომ კარლოს გონი „რენო-ნისანის“ ალიანსის გამორჩეული ფიგურაა და მას
ვერასდროს შეცვლის. არც იმის შანსი აქვს, რომ გონი პენსიაში გავა და თავად დაწინაურდება,
რადგან ისინი თითქმის თანატოლები არიან. მაღალი დონის მენეჯერებს კი ყოველთვის
აქვთ იმის ამბიცია, რომ მწვერვალს მიაღწიონ. ტავარესიც არაა გამონაკლისი. და
რადგან იცის, რომ „რენო-ნისანის“ ხელმძღვანელობა არ უწერია, ხმამაღლა გამოთქვა
თავისი სურვილი.
„ჩვენ დიდი ლიდერი გვყავს, რომელიც არსად წასვლას
არ აპირებს. ყველამ, ვინც ჩახედულია საავტომობილო ინდუსტრიაში, კარგად იცის, რომ
დგება მომენტი, როცა გრძნობ, რომ გაქვს ენერგია და სურვილი იმისა, რომ პირველი იყო“,
- ბლუმბერგთან საუბრისას განაცხადა ტავარესმა.
გნებავთ, ამას დამთხვევა უწოდეთ, მაგრამ ფაქტია,
რომ სწორედ ამ ინტერვიუს შემდეგ გადაწყვიტა „რენომ“ ძალიან წარმატებული მენეჯერის
დათხოვნა, რომელიც მას 30 წელი ემსახურა. ფრანგული კომპანიის განცხადებით, 55 წლის
პორტუგალიელი დაუყოვნებლივ ტოვებს თანამდებობას, რის მიზეზადაც „პირადი გეგმები“
სახელდება. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მხარეებმა ერთად მოილაპარაკეს ამ
გადაწყვეტილებაზე. ტავარესის წასვლის შემდეგ, მის თანამდებობას დროებით კარლოს გონი
შეითავსებს.
ტავარესმა „რენოში“ სატესტო ჯგუფის ინჟინრად დაიწყო
მუშაობა და 30 წლის განმავლობაში, კომპანიის ხელმძღვანელობაში აღმოჩნდა. ერთხანს
ის „რენოს“ თანაალიანსელ „ნისანის“ ამერიკულ შტოს ედგა სათავეში. ორი წლის წინ კი
ფრანგული კომპანიის მეორე კაცი გახდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც შპიონაჟის
სკანდალის გამო, კომპანია პატრიკ პელატამ დატოვა.
ტავარესის
ერთ-ერთ დამსახურებათაგანია ბრენდ „ალპინის“ აღდგენა. ამასთან, ის ლობირებდა
პრემიუმ ქვე ბრენდ „ინიტიალე პარიზის“ შექმნას და სპორტული ავტომობილების
მწარმოებელ ბრიტანულ კომპანია „კატერჰემთან“ პარტნიორობის“ დაწყებას.
No comments:
Post a Comment