Tuesday, November 3, 2015

„რენოს“ ძრავები „რედ ბულისთვის“... ბრენდირების გარეშე

Red Bull could be saved by 'unbranded' Renault plan
3 ნოემბერი
ფორმულა 1-ში „რედ ბულის“ მომავალი შესაძლოა მალე დადებითად გადაწყდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ „რენო“ თავისი ახლანდელი პარტნიორისთვის აგრეგატების მიწოდების გაგრძელებას გადაწყვეტს. ოღონდ, ფრანგული კომპანია ამას ბრენდირების გარეშე გააკეთებს. და რა თქმა უნდა, ლაპარაკი არ იქნება პარტნიორული ურთიერთობის გაგრძელებაზე.
გავრცელებული ინფორმაციით, საკითხს ამგვარად „რენოს“ მთავარი აღმასრულებელი კარლოს გოსნი განიხილავს. ის მზადაა, ავსტრიულ გუნდს ძრავები ბრენდირების გარეშე შესთავაზოს. და ამაზე წამსვლელი მხოლოდ იმიტომაა, რომ „რედ ბული“ ფ1-დან არ წავიდეს. იმავე ინფორმაციის შესაბამისად, ამ შეთავაზებას „რედ ბული“ ამ დღეებში მიიღებს.
„რენოსთან“ მიმდინარე კონტრაქტის (რომელიც მომავალ სეზონშიც გრძელდებოდა) გაწყვეტის შემდეგ, „რედ ბული“ ჯერ „მერსედესს“ დაუკავშირდა და მისგან რომ უარი მიიღო, „ფერარის“ მიმართა. მაგრამ მარანელოელებმა ამ სეზონის აგრეგატი შესთავაზეს, რაზეც ხარებს დათანხმება არ შეეძლოთ. მესამე ვარიანტი „ჰონდა“ იყო, რომელსაც პრინციპში, „რედ ბულთან“ თანამშრომლობის დაწყების საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდათ. მაგრამ მათ შორის გარიგება „მაკლარენმა“ დაბლოკა, რომელსაც ამის უფლებას, „ჰონდასთან“ არსებული კონტრაქტი აძლევდა. იყო სხვა ვარიანტებიც, რომლებიც ბერნი ეკლსტოუნმა შეიმუშავა, მაგრამ არც ამ მხრივ გამოვიდა რამე.
ჯერჯერობით უცნობია, გოსნის ვარიანტი არაბრენდირებული აგრეგატების შესახებ რას ითვალისწინებს. მექსიკაში „რედ ბულის“ შეფ კრისტიან ჰორნერს ჰკითხეს, „რენოს“ ვერსია ერთადერთია, თუ არსებობს კიდევ ალტერნატიული გეგმა, რაზეც მან უპასუხა: „ბევრი ვარიანტი არ გვაქვს, მაგრამ შესაძლოა რაღაც გამოჩნდეს“. მისივე თქმით, „ჰონდა“ მზად იყო „რედ ბულთან“ თანამშრომლობისთვის, მაგრამ „მაკლარენის“ შეფი რონ დენისი ამის წინააღმდეგ წავიდა. ჰორნერმა თქვა, რომ დენისს თავად ესაუბრა, რომელმაც მიანიშნა, რომ მისი პოზიცია ურყევია.
დრო კი გადის. იმ დროს, როცა მეტოქე გუნდებს უკვე დაწყებული აქვთ მომავალი სეზონისთვის მზადება, „რედ ბულს“ ჯერ აგრეგატიც კი არ აქვს. ჰორნრი ამბობს, რომ მის გუნდს უახლოეს მომავალში სჭირდება იმის ცოდნა, თუ რა ძრავი იქნება მისთვის ხელმისაწვდომი. სხვა შემთხვევაში, პირველი ტესტებისთვის მომზადება ვერ მოესწრება.
„ჯერჯერობით, ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ პირველი ტესტისთვის მომზადება მოვასწროთ. ჩვენს გუნდს მილტონ კეინსში აქვს იმის გამოცდილება, რომ ძალიან შემჭიდროებულ ვადებში მოემზადოს ახალი სეზონისთვის. და დარწმუნებული ვარ, რაც საჭირო იქნება, ყველაფერს გავაკეთებთ. ოღონდ, ძრავი უახლოეს კვირეებში უნდა გვქონდეს“, - ამბობს ჰორნერი.

No comments:

Post a Comment