Tuesday, November 3, 2015

მოიგე კვირას, გაჰყიდე ორშაბათს

How Porsche Winning the 2015 FIA World Endurance Championship Will Make the 911 Hotter
3 ნოემბერი
ეს ცნობილი ტერმინია, რომელიც ავტომობილებით ვაჭრობასა და ავტოსპორტს შორის არსებულ პირდაპირ დამოკიდებულებას ლაკონურად გამოხატავს. როგორც ამბობენ, მისი ავტორები ამერიკელი დილერები არიან. თუმცა ავტობიზნესსა და ავტოსპორტს შორის სხვა, არანაკლებ ურთიერთმომგებიანი დამოკიდებულებაც არსებობს. კერძოდ, საავტომობილო მრეწველობის გარიჟრაჟიდან მოყოლებული, ავტოსპორტი მისთვის ახალი ტექნოლოგიების შემუშავებისა და დანერგვის ერთგვარი ლაბორატორიაცაა. შესაძლოა, ეს ყოველთვის გამოკვეთილად არ იგრძნობა, მაგრამ საქმეში ჩახედულებმა კარგად იციან, რას აძლევს საგზაო ავტომობილს ავტოსპორტი.
გასულ უქმეებზე, გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატის ბოლოსწინა ეტაპზე, რომელიც შანჰაიში გაიმართა, „პორშეს“ საქარხნო გუნდის ეკიპაჟმა, რომელიც LMP1 კლასში 17 ნომრით ასპარეზობს და რომლის საჭესაც, ფ1-ის ყოფილი პილოტის, ავსტრალიელი მარკ ვებერის გარდა, გერმანელი ტიმო ბერნჰარდი და ახალზელანდიელი ბრენდონ ჰარტლი მართავენ, „პორშეს“ გუნდურ ჩათვლაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოუპოვა. ბაჰრეინში დარჩენილი ერთი ეტაპი უკვე ვეღარაფერს შეცვლის. „პორშემ“ კონსტრუქტორთა თასი გაინაღდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ სეზონში ლე მანის ლეგენდარული 24-საათიანი რგოლაც მოიგო.
ჩემპიონი ეკიპაჟისთვის, შანჰაიში მოპოვეული გამარჯვება, ზედიზედ მეოთხეა ამ სეზონში. „პორშემ“ კი ზედიზედ მეხუთედ გაიმარჯვა და ამასთან, მეოთხედ შეასრულა დუბლი - კვარცხლბეკზე პირველი და მეორე ადგილები დაიკავა. ამგვარად, „პორშემ“ 1986 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. იგივე ტიპის რბოლებში, რომელსაც ადრე სპორტული ავტომობილების მსოფლიო ჩემპიონატი ერქვა, გერმანულ გუნდს 1964-1986 წლებში 12 ტიტული ჰქონდა მოგებული. ამ სეზონში ერთი საქმეღა დარჩა დასამთავრებელი - N17 ეკიპაჟს მსოფლიო ჩემპიონეს წოდება აქვს მოსაპოვებელი. შანჰაის შემდეგ, მის ანგარიშზე 155 ქულაა და სულ რაღაც 12 ქულას უგებს მეორეზე მყოფ „აუდის“ ეკიპაჟს, რომელსაც გერმანელი ანდრეას ლოტერერი, ფრანგი ბენუა ტრელუიე და შვეიცარიელი მარსელ ფასლერი მართავენ.
და რა საერთო აქვს სარბოლო პროტოტიპს, სახელად „პორშე 919 ჰაიბრიდ“, გერმანული კომპანიის სერიულ ავტომობილებთან? ჯერჯერობით არანაირი, მაგრამ მალე ექნება. გარდა იმისა, რომ „919 ჰაიბრიდით“ ლე მანს ტრიუმფით დაუბრუნდნენ, ცუფენჰაუზენელებისთვის ამ ბოლიდს ერთგვარი სატესტო ლაბორატორიის დანიშნულებაც აქვს. ის აღჭურვილი ძალური დანადგარით, რომელსაც სხვადასხვა ვარიაციების სახით, მალე გერმანული კომპანიის სერიულ მოდელებზეც ვიხილავთ. მათ შორის პირველი, შემდეგი თაობის 911 იქნება.
ახალი „პორშე 911“ ბაზარზე 2020 წელს გამოვა და თავისი არსებობის ნახევარსაუკუნოვან ისტორიაში პირველად, ჰიბრიდული აგრეგატით აღიჭურვება. სავარაუდოდ, ამ აგრეგატის ძირითადი ნაწილი, ოთხცილინდრიანი V4 ძრავი იქნება, რომელსაც ასისტენტობას ელექტრო ძრავ(ებ)ი გაუწევს. თუ რა შეუძლია ასეთ კომბინაციას, ეს ცუფენჰაუზენელებმა ლე მანზე და გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე გვიჩვენეს. და ეს ავტოსპორტის კიდევ ერთი პლიუსია - სკეპტიკოსები, რომლებიც ამგვარ კომბინციას და ოთხცილინდრიან ძრავებს ალმაცერად უყურებენ, განიაღაღებულები არიან.
მოკლედ, „პორშემ“ ერთი სვლით (თუნდაც მრავალმილიონიანი სვლით) ორი კურდღელი დაიჭირა: პირველი ავტოსპორტის მწვერვალზე დაბრუნებაა, რასაც უზარმაზარი მარკეტინგული მნიშვნელობა აქვს. მეორე კი - ახალი ტექნოლოგიის ტესტირება, რომლებსაც მალე სერიულ მოდელებზე დახარჯავს. ცალ-ცალკე ეს ორივე გაცილებით ძვირიც დაჯდებოდა და ალბათ ნაკლებად ეფექტურიც იქნებოდა...

No comments:

Post a Comment