Wednesday, October 7, 2015

„ნისან GT-R LM ნისმო“ ლე მანზე მომავალ სეზონშიც გამოვა

Nissan GT-R LM Nismo To Return To Endurance Racing Next Year
7 ოქტომბერი
იმის გამო, რომ რომ ლე მანის წლევანდელ 24-საათიან რბოლაში წარუმატებელი დებიუტი ჰქონდა, LMP1 კლასის სარბოლო პროტოტიპი „ნისან GT-R LM ნისმო“ გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატიდან მოიხსნა. იყო ლაპარაკი იმაზე, რომ „ნისანი“ ამ პროექტს აღარ გააგრძელებდა და ლე მანზე დასაბრუნებლად, კლასიკური სარბოლო შეთანწყობის მქონე პროტოტიპს მოამზადებდა.
თუმცა ასე არ მოხდა. იაპონურმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ გუნდმა ყველა ტექნიკური პრობლემა გადაჭრა, რაც ავტომობილს ლე მანზე რბოლისას შეექმნა და ამიტომ, „GT-R LM ნისმო“ მსოფლიო ჩემპიონატს მომავალ სეზონში დაუბრუნდება. „ნისანის“ განცხადებით, გუნდი მალე დაასრულებს განვითარების პროგრამას, რის შემდგაც, სარბოლო ავტომობილი ლე მანისა და მსოფლიო ჩემპიონატის რბოლებისთვის მზად იქნება.
„ნისანის“ გუნდს შეფის პოსტზე, ბენ ბოულბის ნაცვლად, მაიკლ კარკამო დაინიშნა. ბოულბი მანქანის სრულყოფაზე აგრძელებს მუშაობას. კარკამო ამბობს, რომ ბოულბის რამდენიმე საქმის შეთავსება უწევდა, რის გამოც, მისი შესაძლებლობების სრულად გამოყენება გართულებული იყო. კერძოდ, ბოულბი უძღვებოდა როგორც ავტომობილის პროექტირებას, ასევე მის სრულყოფას. ამიერიდან კი „GT-R LM ნისმოს“ პოტენციალის სრულად გამოვლენაზე იმუშავებს.
მართალია, „ნისანმა“ ლე მანზე გამოსვლის შემდეგ, ავტომობილზე ბევრი რამ შეცვალა, მაგრამ ორიგინალური კონსტრუქცია და შეთანწყობა უცვლელი დარჩა. ახლახანს გუნდმა ოსტინის ტრეკზე ტესტები დაასრულა, რომელთა დროსაც, საჭეს მორიგეობით ბრიტანელი ჰარი ტინკელი და ფრანგი ოლივიე პლა მართავდნენ. ბოლო ტესტების დროს, მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილი აღჭურვილი არ იყო სისტემა კერს-ით, ის გაცილებით სწრაფი იყო, ვიდრე იმავე ტრეკზე ჩატარებული წინა ტესტებისას. და არც გამძლეობასთან დაკავშირებული პრობლემები წარმოქმნილა. ამასთან, მისთვის „მიშლენი“ ახალ საბურავებს ამზადებს, რომლებიც ლე მანზე პირველი გამოსვლისას მიღებული გამოცდილების გამოყენებით შემუშავდა.

No comments:

Post a Comment