Wednesday, October 7, 2015

ჰუნგარორინგზე რეკონსტრუქცია დაიწყო

Hungary begins F1 circuit revamp
7 ოქტომბერი
უნგრეთის დიდი პრიზის ორგანიზატორებმა, ბუდაპეშტის ფორმულა 1-ის ტრეკის რეკონსტრუქცია დაიწყეს. მათი მიზანი, გზის საფარის განახლება და რამდენიმე მოსახვევის მოდიფიკაციაა. ასფალტის საფარის გამოცვლა უკვე დაწყებულია. წინასწარი ვარაუდით, სამუშაოები ორ თვეში უნდა დასრულდეს, თუმცა ეს მეტწილად ამინდზე იქნება დამოკიდებული.
აღსანიშნავია, რომ ჰუნგარორინგზე ასფალტის უმეტესი ნაწილი ჯერ კიდევ 1985 წელს არის დაგებული, როცა ტრეკი აიგო. მას შემდეგ, მხოლოდ სტარტ/ფინიშის სწორი მონაკვეთის და ბოლო მოსახვევის ასფალტი გამოიცვალა. გზის საფარის გამოცვლა ჯერ კიდევ ოთხი წლის წინათ დაიგეგმა, თუმცა სამუშაოები არ შესრულებულა. წლევანდელი რბოლის შემდეგ კი გადაწყდა, რომ რეკონსტრუქციის გადადება აღარ შეიძლება.
გეგმის შესაბამისად, გზის საფარიდან, 3-5 სანტიმეტრის სისქის ასფალტს აიღებენ და ახლიდან დააგებენ. ხელუხლებელი დარჩება გზის ქვედა სტრუქტურა, რადგან ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ის კარგ მდგომარეობაშია. გარდა ამისა, მე-10 მოსახვევში (მარცხენა, სწრაფი მოსახვევი), უსაფრთხოების ზოლში, ხრეშის ნაცვლად, ასფალტს დააგებენ. ორმაგი კერბი დამონტაჟდება მე-4 და მე-11 მოსახვევებში.
სხვათა შორის, ჰუნგარორინგზე უფრო მასშტაბური რეკონსტრუქციაც იგეგმება, რომლის დაფინანსებაც მთავრობის დახმარებაზეა დამოკიდებული. მთავრობის რამდენიმე წევრმა, ამ გეგმას მხარდაჭერაც გამოუცხადა, თუმცა ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ტრეკის სრული რეკონსტრუქციის ღირებულება 90 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

No comments:

Post a Comment