Thursday, October 8, 2015

ქაჯაიას გადამწყვეტი რბოლა სიცილიაში

8 ოქტომბერი
ამ უქმეებზე, ტურინგის კლასში ევროპის თასის სერიის ბოლო ეტაპია, რომელსაც იტალიის ენა პერგუზას ავტოდრომი მასპინძლობს. TC2T კლასში ჩემპიონობის რეალური შანსი აქვს დათა ქაჯაიას, რომელიც უახლოეს მდევარს, თურქ აიტეკ ბიტერს 33 ქულას უგებს. ბელგიის ცოლდერზე წარუმატებლობის მიუხედავად, ქართველს იქვე შეეძლო ჩემპიონობის განაღდება, მაგრამ ბოლო ეტაპზე ორმაგი ქულები იწერება, რაც თურქ მრბოლს და მის თანამემამულე უმიტ ულკუს მცირე შანსს უტოვებს.
ქაჯაიამ, ვინც გერმანელი ფრანც ენგსტლერის გუნდ „ბეემვე E90 320 TC-ით“ ასპარეზობს, განვლილი ხუთი ეტაპის ათიდან რვა რბოლა მოიგო. ცოლდერზე მას გამარჯვებებში ხელი ტექნიკურმა პრობლემებმა შეუშალა. არადა, კვალიფიკაცია უფრო სწრაფი „სეატებით“ მოასპარეზე მეტოქეებსაც კი მოუგო. ახლა მისთვის მთავარია, ფინიშს ორივე რბოლაში მიაღწიოს და ჯამში მინიმუმ 14 ქულა აიღოს. ამ შემთხვევაში, ის ბიტერისთვის მიუწვდომელი დარჩება.
საინტერესოა, რომ ბოლო ეტაპზე, დათასთან ერთად, ფრანც ენგლსტერიც იასპარეზებს. 54 წლის გერმანელს და მის გუნდს, შარშან WTCC-ს სერიაში (ტურინგის მსოფლიო ჩემპიონატი), TC2 კლასის ტიტული აქვს მოგებული. თავად ენგლსტერმა გასულ სეზონში 20 რბოლა მოიგო და ორი მეორეზე დაასრულა. ამ სეზონში კი ევროპის თასზე გადაინაცვლა, ოღონდ მხოლოდ გუნდის შეფის რანგში. თუმცა, სიცილიაში ასპარეზობა მაინც მოისურვა. ამგვარად, დათას ტიტულისთვის ბრძლაში ძალიან ძლიერი მოკავშირე ეყოლება - იმ შემთხვევაში, თუ მის ავტომობილს რბოლისას რაიმე პრობლემა შეექმნება, ფრანც ენგსტლერი გამარჯვებისთვის იბრძოლებს და მეტოქეებს მაქსიმალური ქულების მოპოვებაში შეუშლის ხელს.

No comments:

Post a Comment