Thursday, October 8, 2015

„ლამბორგინი“ პლაგ-ინ ჰიბრიდულ და ტურბო აგრეგატებსაც გამოიყენებს

Lamborghini Confirms Plug-In Hybrid, Turbocharged Engines For Urus SUV
8 ოქტომბერი
ტურბო და ჰიბრიდული ტრენდების მიუხედავად, „ლამბორგინი“ ჯიუტად აცხადბდა, რომ კვლავაც მხოლოდ ატმოსფერული ძრავების გამოყენებას გააგრძელებდა. მაგრამ ყველას ესმოდა, რომ ასე დიდხანს გაგრძელება შეუძლებელი იყო, რადგან იტალიური კომპანია ამ სიჯიუტით მხოლოდ წაგებული დარჩებოდა. და აი, ცნობილი გახდა, რომ სანტ’აგატა ბოლონეზელებიც „გატყდნენ“ - უგზოობის უახლეს ავტომობილს, რომელსაც ამ ეტაპზე „ურუსად“ მოიხსენიებენ, კომპანია ტურბო ძრავით აღჭურვავს, მოგვიანებით კი, მისთვისვე პლაგ-ინ ჰიბრიდულ აგრეგატსაც შეიმუშავებს.
„ჩვენი აზრით, „ურუსისთვის“ ყველაზე გამართლებული ტურბო ძღავი უნდა იყოს, რადგან შედარებით დაბალ ბრუნვებზე, მაღალი მაბრუნი მომენტი დაგვჭირდება. მომენტს კი ამ ავტომობილისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება“, - ფრანკფურტის მოტორ შოუს დროს განაცხადა „ლამბორგინის“ კვლევისა და განვითარების შეფმა მაურიციო რეჯანიმ.
მისივე თქმით, ტურბო ძრავების მთავარი ნაკლი, მათი დაბალი ხმაა. მაგრამ ასევე დასძენს: „თუ ოთხცილინდრიან ტურბო ძრავს იყენებ, რომელიც 12-იანის ხმას გამოსცემს, ეს სასაცილო იქნება“. ეს ორი ფაქტორი განსაზღვრავს შესაფერისი ძრავის არჩევას. თუმცა პირველი გაცილებით პრაგმატულია და ავტომობილის კონკურენტუნარიანობას განსაზღვრავს. ამიტომ, „ლამბოს“ მოუწევს კომპრომისული გადაწყვეტილების მიღება. ანუ, ძრავი არ იქნება ოთხცილინდრიანი (ალბათ არჩევანს V6-ზე შეაჩერებენ) და ძლიერი ხმის მისაღებად, ნამწვ აირებს ორი მილით გამოუშვებენ. მათგან ერთი ტურბინას შეუერთდება, მეორე კი - პირდაპირ გამოსაბოლქვს. მსგავსი ხერხის გამოყენებას მომავალი სეზონიდან ფ1-შიც გეგმავენ.
რეჯანიმ ასევე განაცხადა, რომ ავტომობილის შასი და ძარა მხოლოდ ფოლადისგან არ დამზადდება. მის კონსტრუქციაში, არაერთ მსუბუქ მასალას გამოიყენებენ, მათ შორის, აუცილებლად ალუმინსა და კარბონის კომპოზიტს. ამის წყალობით, „ურუსი“ იქნება მსუბუქი და მტკიცე კონსტრუქციის. ოღონდ, რეჯანი ჯერჯერობით არ აკონკრეტებს მის კონსტრუქციულ თავისებურებებს.
თუმცა, რეჯანი აღიარებს, რომ მას სურს, „ლამბომ“ ბაზარზე სუპერ სპორტული SUV’ი გამოუშვას, რომელსაც მსოფლიოში ბადალი არ ეყოლება. ეს ავტომობილი საუკეთესო უნდა იყოს არამხოლოდ ასფალტზე, არამედ უგზოობის პირობებშიც. მან იცის, რომ ეს ძალიან რთული გამოწვევა იქნბა, თუმცა ეს არ აშინებს. „ურუსის“ შექმნაზე მუშაობას ის „360 გრადუსით SUV’ის მისიას“ უწოდებს.
დაბოლოს, რეჯანი ამბობს, რომ „ურუსისთვის“ აუცილებლად გამოიყენებენ იმ ტექნოლოგიებსაც, რომლების საშუალებასაც „ფოლკსვაგენის“ ჯგუფი აძლევს. პირველ რიგში, ესაა პლაგ-ინ ჰიბრიდული ტექნოლოგია. სამაგიეროდ, ძრავების გამაში არ შევა დიზელის აგრეგატი. არა იმ სკანდალის გამო, რომელშიც გერმანული გიგანტი გაეხვა. უბრალოდ, „ლამბო“ ასეთ ძრავებს თავისთვის შეუფერებლად მიიჩნევს.

No comments:

Post a Comment