Tuesday, July 28, 2015

„ასტონ მარტინის“ კლიენტები საგზაო „ვულკანს“ მოითხოვენ

Aston Martin Customers Want A Street-Legal Vulcan
28 ივლისი
„ასტონ მარტინი“ კონცეპტუალურ სუპერ ავტომობილ „ვულკანს“ მომავალ წელს გამოუშვებს, მაგრამ ის მხოლოდ სატრეკო დღეებზე გამოსაყენებლად იქნება გამოსადეგი. მართალია, ამ ავტომობილის საგზაო ვერსიის წარმოებას, პირვანდელი პროექტი არ ითვალისწინებს, თუმცა არაა გამორიცხული, რომ ბრიტანულმა კომპანიამ გადაწყვეტილება შეცვალოს.
ამის მიზეზი კი „ასტონ მარტინის“ ერთგულ კლიენტთა უმეტესობის სურვილი შეიძლება გახდეს. მათ სურთ, რომ ასეთი ავტომობილით, უქმეებზე სარბოლო ტრეკებზეც ისიამოვნონ და საერთო სარგებლობის გზებზეც მოიწონონ თავი. ეს საკმარისი გამოდგა იმისათვის, რომ კომპანიას საგზაო „ვულკანის“ წარმოებაზე ფიქრი დაეწყო.
ცნობისათვის, „ვულკანი“ ორკარიანი, უკანა ამძრავიანი სატრეკო ავტომობილია, რომელსაც 7.0-ლიტრიანი ატმოსფერული V12 ძრავი ემსახურება. ძრავის სიმძლავრე 800 ცხენის ძალაა. ძრავთან 6-საფეხურიანი სეკვენტალური გადაცემათა კოლოფია დაკავშირებული. ავტომობილი 1350 კილოგრამს იწონის და ის 2.2 მილიონ დოლარად გაიყიდება. ფასში სატრეკო მომსახურებაც შედის.
„ასტონ მარტინის“ წარმოების მენეჯერი საიმონ კროფტი ამბობს, რომ „ვულკანის“ საგზაო ავტომობილად გადაკეთება არ იქნება იოლი საქმე, რადგან ის სრულიად ახალ, მისთვის შესაფერის არქიტექტურაზეა აგებული. „მაკლარენ P1 GTR-ისგან“ და „ფერარი FXX-K-სგან“ განსხვავებით, რომლებიც საგზაო ავტომობილების ბაზაზე დამზადდა, „ვულკანზე“ მუშაობის დაწყებისთანავე ცნობილი იყო, რომ ეს მხოლოდ სატრეკო ავტომობილი უნდა ყოფილიყო. და ეს გარემოება, ინჟინრებმა პირველივე ნახაზებიდან გაითვალისწინეს.
ამასთან, პროექტირების ყველა ეტაპზე, ინჟინრები FIA-ს რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამის კომპონენტებს და ცალკეულ კვანძებს ამზადებდნენ. თუმცა, ავტომობილს GTE კატეგორიის რბოლებში მონაწილეობის უფლება მაინც არ აქვს, რადგან სიმძლავრისა და წონის ფარდობა, რეგლამენტს არ აკმაყოფილებს. და ეს მაჩვენებელი ადვილი შესაცვლელი არაა.
„ასტონ მარტინ“ მხოლოდ 24 ცალ „ვულკანს“ გამოუშვებს, რომლებიც მხოლოდ სატრეკო დღეებისთვის იქნება განკუთვნილი.

No comments:

Post a Comment