Thursday, March 5, 2015

„ფორდი“ წლიურად 250 ცალ GT-ს გამოუშვებს

The Ford GT Will Cost $400,000, Sell 250 Per Year
5 მარტი
„ფორდმა“ თავისი ახალი სუპერ ავტომობილი GT ევროპელებს პირველად ჟენევის მოტორ შოუზე წარუდგინა. პრემიერისას, „ფორდ პერფორმენსის“ დირექტორმა დეივ პერიაკმა განაცხადა, რომ ამ ავტომობილს წლიურად მხოლოდ 250 ცალს გამოუშვებენ და თითოეული მათგანი 400 000 დოლარი ეღირება. პერიაკის თქმით, ეს არის „ლამბორგინი ავენტადორის“ საფასო არეალი.
ამგვარად, ცისფერი ოვალის ისტორიაში, ახალი GT ერთ-ერთი ყველაზე ექსკლუზიური ავტომობილი გახდება. ამ ექსკლუზიურობას ზურგს სუპერ ავტომობილის შესაფერისი გარეგნობა და აეროდინამიკური აღკაზმულობა, ასევე სერია ეკობუსტის 3.5-ლიტრიანი V6 ძრავი უმაგრებს, რომლის სიმძლავრეც 600 ცხენის ძალაზე მეტია. გარდა ამისა, ამერიკულმა კომპანიამ ამ ავტომობილში არაერთი უახლესი ტექნოლოგია ჩააქსოვა, რომელთა წყალობითაც, ახალი GT სუპერ ავტომობილების ექსკლუზიურ კლუბში თავს შინაურად იგრძნობს.
„ფორდსთვის“ მთავარი სწორედ ესაა და სიძვირის გამო, თუ წლიურად 250 ცალის გაყიდვასაც ვერ შეძლებს, პროექტი მაინც წარმატებულად ჩაითვლება, რადგან ეს ეგრეთ წოდბული „ჰალო ქარია“, ანუ ის ავტომობილი, რომელმაც ცისფერი ოვალის რეპუტაცია უნდა გაამყაროს და დილერთა შოურუმებში მყიდველი მიიზიდოს. თანაც, ეს შესანიშნავი ბაზისია იმისათვის, რომ „ფორდი“ მისთვის ჩვეულ გარემოში - დიდ ავტოსპორტში დაბრუნდეს.
ავტოსპორტში დაბრუნების საბაბი კი ამერიკულ კომპანიას აქვს - მომავალ წელს 50 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც პირველმა GT-მ ლე მანის 24-საათიანი რბოლა მოიგო, რბოლა, რომლის მოსაგებადაც შეიქმნა. სხვათა შორის, პირველ გამარჯვებას კიდევ ზედიზედ სამი მოჰყვა, რითაც ჰენრი ფორდ მეორემ ენცო ფერარიზე შური იძია (შურისძიების მიზეზი ჰქონდა - ენცომ თავისი კომპანიის ავტოსპორტულ აქტივობათა ფორდისთვის მიყიდვაზე სასტიკი უარი განაცხადა) - მანამდე მარანელოელების მანქანებს ლე მანის რბოლა ზედიზედ ექვსჯერ ჰქონდათ მოგებული. პარალელურად, „ფორდმა“ ბრიტანულ კომპანია „კოსუორტთან“ ერთად, ფორმულა ერთის ძრავების წარმოება დაიწყო, რომლებმაც არაერთი ტიტული მოაპოვებინეს „ლოტუსს“, „ტირელს“ და სხვა გუნდებს.
მოკლედ, ახალი GT არც მარტო სახელი და ტექნოლოგიებია, არც მარტო ასეულობით ცხენის ძალა და ადრენალინის წყარო. ის მფლობელს „ფორდს“ სახელოვან ავტოსპორტულ წარსულთან შეხების საშუალებას მისცემს, ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ ადამიანმა თითქმის ნახევარი მილიონი დოლარი გაიმეტოს. რა თქმა უნდა, თუ ამის შესაძლებლობას ჯიბე აძლევს...

No comments:

Post a Comment