Tuesday, January 13, 2015

ამერიკის წლის საუკეთესონი - „ფორდ F-150“ და „ფოლკსვაგენ გოლფი“

VW Golf and Ford F-150 win North American Car and Truck of the Year awards
13 იანვარი
საავტომობილო თემაზე მომუშავე კანადელი და ამერიკელი ჟურნალისტების მიერ შემდგარმა ჟიურიმ, ჩრდილოეთ ამერიკის წლის საუკეთესო ავტომობილებად, მსუბუქი ავტომობილების კატეგორიაში ჰეჩბეკი „ფოლკსვაგენ გოლფი“, პიკაპების და უგზოობის მოდელების კლასში კი პიკაპი „ფორდ F-150“ დაასახელა. ჟიურიში სულ 57 ჟურნალისტი შედიოდა. იმისათვის, რომ ავტომობილმა კონკურსში რეგისტრაცია მიიღოს, ის უნდა იყოს ან სრულიად ახალი, ან 2014 წელს უნდა იყოს ძირეულად განახლებული.
მსუბუქი ავტომობილების კატეგორიის ფინალში, მეშვიდე თაობის „გოლფს“, რომელმაც ჟიურისგან 256 ქულა მიიღო, კონკურენციას უახლესი პონი ქარი „ფორდ მუსტანგი“ (204 ქულა) და სედანი „ჰიუნდაი ჯენეზისი“ (110 ქულა) უწევდნენ, პიკაპების და უგზოობის მოდელების კატეგორიაში კი ფინალში ქროსოვერი „ლინკოლნ MKC“ (68 ქულა) და პიკაპი „შევროლე კოლორადო“ (205 ქულა) გავიდნენ. F-150-მა 297 ქულა დაიმსახურა.
კონკურსის წესების შესაბამისად, ნახევარფინალში ჟიურის თითოეული წევრის განკარგულებაში, თითოეულ კატეგორიაზე 25 ქულა იყო, რომელთაგან თითო ავტომობილზე მაქსიმუმ 10 ქულის დაწერა იყო შესაძლებელი. ფინლში კი ჟიურის გასანაწილებელი მხოლოდ 10 ქულა ჰქონდა. ავტომობილები მრავალი ფაქტორის მიხედვით ფასდება. მათ შორისა, ინოვაციურობა, დიზაინი, უსაფრთხოება, მართვადობა, კომფორტი და სხვა.
კონკურსი 1994 წლიდან ტარდება. მასში 14 საავტომობილო კომპანიას მინიმუმ ერთი ტიტული მაინც აქვს მოგებული. მსუბუქი ავტომობილების კატეგორიაში, ადგილობრივ კომპანიებს კონკურსი 12-ჯერ აქვთ მოგებული. იაპონური კომპანიების ავტომობილებმა აღიარება სამჯერ მიიღეს, ევროპელებისამ ხუთჯერ (მათ შორის, ფოლკსვაგენმა მეორედ მოიგო), კორეელებს კი - ორჯერ. უგზოობის ავტომობილებისა და პიკაპების კატეგორიაში ამერიკულ კომპანიებს კონკურესი 15-ჯერ აქვთ მოგებული. იაპონელებს ოთხჯერ აქვთ მოგებული, ევროპელებს კი - სამჯერ. კონკურსის ყველაზე ტიტულოვანი ავტომობილი არის F-150, რომელმაც ის უკვე მეოთხედ მოიგო. სულ კი „ფორდის“ ავტომობილების ანგარიშზე რვა გამარჯვებაა.
შარშან კონკურსის ორივე კატეგორიაში „შევროლეს“ ავტომობილებმა გაიმარჯვეს. მსუბუქ ავტომობილებში ტრიუმფატორი სუპერ ავტომობილი „შევროლე კორვეტ სტინგრი“ გახდა, პიკაპებსა და უგზოობის მოდელებში კი - პიკაპი „სილვერადო“.

No comments:

Post a Comment