Monday, January 12, 2015

„ფორდის“ ლეგენდა ლე მანზე ბრუნდება

All-New Ford GT Supercar Arrives in 2016 with More than 600HP
12 იანვარი
„ფორდმა“ დეტროიტში გახსნილ საავტომობილო შოუზე, თავისი ახალი შუაძრავიანი სუპერ ავტომობილი GT წარადგინა, რომელიც სერია ეკობუსტის V6 ძრავითაა აღჭურვილი და ბაზარზე 2016 წელს გამოვა. ცისფერი ოვალი თავის ახალ შედევრს „ულტრა შესაძლებლობების სუპერ ავტომობილად“ მოიხსენიებს, რომელიც ეკობუსტის ტექნოლოგიის მრავალმხრივობას და ეფექტურობას კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს.
გარდა ამისა, ახალი ავტომობილის დამახასიათებელი თვისებები დახვეწილი აეროდინამიკა და ალუმინის და კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული მსუბუქი კონსტრუქცია. რაც მთავარია, ამერიკული კომპანია მომავალ სეზონში ამ ავტომობილით ლე მანის რბოლაზე დაბრუნდება, რომელიც GT-ს ლეგენდარულმა წინაპარმა GT40-მა შორეულ 1960-იან წლებში ზედიზედ ოთხჯერ მოიგო, სადებიუტო 1966 წელს კვარცხლბეკის სამივე საფეხური დაიკავა.
„ფორდი“ გვპირდება, რომ ახალ GT-ს, სერიულ ავტომობილებს შორის, სიმძლავრის და წონის ყველაზე საუკეთესო ფარდობა ექნება, რისი წყალობითაც, სუპერ ავტომობილი შესაშური აჩქარებით და მართვადობით გამორჩეული უნდა იყოს. პირველ რიგში, ეს კომპაქტური ძრავისა და მსუბუქი მასალების ინტენსიურად გამოყენების შედეგია. კერძოდ, კარბონის ბოჭკოს კომპოზიტისგანაა დამზადებული კოკპიტი, ალუმინისაა წინა და უკანა სუბ-ჩარჩოები, ძარა კი მეტწილად კარბონის კომპოზიტისგან დამზადდა. გარდა ამისა, სუპერ ავტომობილი აქტიური აეროდინამიკური ელემენტებით აღიჭურვა. მათ შორისაა უკანა სპოილერი, რომელიც ავომატურად იხსნება. კოკპიტში ცისფერმა ოვალმა თავისი უახლესი სისტემა SYNC 3 დააყენა.
სუპერ ავტომობილის ბაზაში განლაგდა სერია ეკობუსტის 3.5-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V6, რომელიც 600 ცხენის ძალაზე მეტს გამოიმუშავებს. მასთან ორქუროიანი გადაბმულობით, 7-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფია დაკავშირებული. ცისფერ ოვალს ჯერჯერობით ახალი GT-ს დინამიკურ მახასიათებლებზე ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია. ძრავის დაუყოვნებლივ რეაგირებას უზრუნველყოფს საწვავის უშუალოდ წვის კამერაში შეფრქვევის სისტემა, რომელსაც ორმაგი ფრქვევანები ემსახურება.
საკიდარში დრეკადი ელემენტის მოვალეობას ტორსიონული ღერძები ასრულებს, როგორებსაც ხშირად სარბოლო ავტომობილებში იყენებენ. დაკიდების სისტემა აქტიურია და მისი მახასიათებლები, გადაადგილების რეჟიმსა და გზის საფარზეა დამოკიდებული. ავტომატურად რეგულირებადია კლირენსი. GT-ს შენელებას და გაჩერებას კი „ბრემბოს“ მუხრუჭები უზრუნველყოფს, რომლებშიც კარბონ კერამიკული დისკოები შედის.
რაც შეეხება გარეგნობას: „ფორდმა“ შეასრულა სიტყვა და ახალი GT რეტრო სტილისთვის არ გაიმეტა. თუმცაღა ისიც ფაქტია, რომ რეტრო სტილში შესრულებული წინამორბედი, ძალიან ეფექტური ავტომობილი იყო. და მაინც, პირველი და მეორე GT-ს შთამომავლობა ახალ სუპერ ავტომობილსაც ეტყობა.თუმცა, მასში ბევრი ახალი და ძალიან ეფექტური ელემენტია შეტანილი, რისი წყალობითაც, ის უფრო აგრესიული გარეგნობით გამოირჩევა. ყველაზე ეფექტური კი მისი უკანა საყრდენებია, რომლებიც უკანა ბორბლების ღაღებზე გადადის და ასე, ავტომობილის ტანთან მსხვილ ჰაერსადინარს ქმნის. იქვე ჰაერის ამღებიცაა მოთავსებული, რომელიც სავარაუდოდ, მუხრუჭების გაგრილებას ემსახურება.
სალონში, უფრო სწორედ კოკპიტში, ორი სავარძელია, რომლებიც მზიდ სტრუქტურაზეა ინტეგრირებული. სატერფულების კვანძი და საჭის რგოლი რეგულირდება. ფ1-ის სტილის საჭის რგოლზე გადმოტანილია ძირითადი გადამრთველები. ტრანსმისიის გადამრთველი ნიჩბებიც საჭის რგოლზეა (უკანა მხრიდან) განლაგებული. მაჩვენებლების დაფა მთლიანად ციფრულია.
„ეს სრულყოფილი „ფორდია“, ჩვენი ახალი შარავანდი. მის სრულყოფილებას, ჩვენი ინოვაციები განაპირობებს. ბორბლებიდან დაწყებული, აეროდინამიკით, ძრავით დამთავრებული, ყველგან უახლესი ტექნოლოგიებია გამოყენებული. ეს ყველაფერი, „ფორდის“ მომავალი ავტომობილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. GT ჩვენი სიახლეების ფლაგმანია და ჩვენ ის სწორედ ამისათვის გავაკეთეთ. სიახლეებს შორის ყველაზე გამორჩეული ეკობუსტის ძრავია. 3.5-ლიტრიანი V6 უფრო მძლავრია, ვიდრე 6.2-ლიტრიანი V8 და ნაკლებ საწვავსაც მოიხმარს“, - ამბობს „ფორდის“ ჯგუფის ვიცე პრეზიდენტი რაჯ ნაირი და დასძენს, რომ მისი კომპანია ახალ GT-ს ძალიან შეზღუდული რაოდენობით გამოუშვებს. ლაპარაკია რამდენიმე ასეულზე და არა ათასებზე.

No comments:

Post a Comment