Wednesday, January 14, 2015

„რეინჯ როვერები“ დიზელის ახალი აგრეგატით

Land Rover Adding Two Luxury Diesels at 2015 NAIAS
14 იანვარი
ნავთობის ფასი მკვეთრად დაეცა და ეს საავტომობილო ბაზარზეც აისახა - მყიდველი ნაკლებად ერიდება ისეთ ავტომობილებს, რომლებიც საწვავის ეკონომიური მოხმარებით არ გამოირჩევა. თუმცა, ეს დროებითი მოვლენაა და ადრე თუ გვიან, ეკონომიური ძრავებით აღჭურვილ ავტომობილებზე მოთხოვნა კვლავაც გაიზრდება. ამიტომ, „ლენდ როვერს“ აუცილებლად გამოადგება ტურბო დიზელის ახალი ძრავი, რომლით აღჭურვილი „რეინჯ როვერი“ და „რეინჯ როვერ სპორტი“ ამერიკელებს დეტროიტის მოტორ შოუზე წარუდგინა.
ბრიტანული კომპანიის განცხადებით, ამ ძრავით აღჭურვილი ორივე ავტომობილი, მექანიკურ დამჭირხნიან V6 ძრავით აღჭურვილ ვერსიებთან შედარებით, 32 პროცენტით ნაკლებ საწვავს მოიხმარენ. უფრო კონკრეტულად, „რეინჯ როვერ Td6“ და „რეინჯ როვერ სპორტ Td6“ ქალაქგარეთ მაგისტრალზე, 100 კილომეტრის გასავლელად 10.1 ლიტრს მოიხმარენ. ორივე აღჭურვილია 3.0-ლიტრიანი V6 ტურბო დიზელით, რომელიც 254 ცხენის ძალას და 597 ნიუტონმეტრს (1 750 ბრ/წთ-ზე) იძლევა. შედარებისთვის, ზემოთ ნახსენები მექანიკურ დამჭირხნიანი ბენზინის V6 ძრავის მაქსიმალური მომენტი 450 ნიუტონმეტრია, რომელსაც 3 500 ბრ/წთ-ზე ავითარებს.
ეს კი ნიშნავს, რომ „რეინჯ როვერის“ ორივე დიდ მოდელს, აჩქარების დაახლოებით ისეთივე მაჩვენბლები აქვს, როგორიც უფრო მეტი ცხენის ძალის მქონე, ბენზინისძრავიანი V6 ძრავით აღჭურვილ ვერსიებს. კერძოდ, „რეინჯ როვერ სპორტ Td6“ ადგილიდან ასის აკრეფას 7.1 წამს ანდომებს, რაც ბენზინისძრავიან ვერსიაზე 0.2 წამით მეტია. ასამდე ასაჩქარებლად სწორედ 7.1 წამი სჭირდება მექანკურ კომპრესორიან ბენზინსძრავიან „რეინჯ როვერსაც“, რომლის Td6 ვერსიაც მასზე 0.3 წამით ნელია.
როგორც „ლენდ როვერი“ განმარტავს, ახალი Td6 ძრავი ეფექტურობის გარდა, დახვეწილობითაც გამოირჩევა, რაც მისი კომპაქტური, ნახშირბადოვანი ფოლადისგან დამზადებული ცილინდრების ბლოკის დამსახურებაა. ამასთან, მას რუხი თუჯის ბლოკზე მეტი სიმტკიცე აქვს, ასევე ალუმინის ბლოკთან შედარებით, დაღლაზე მეტი სიმტკიცითაც გამოირჩევა და უფრო მსუბუქიცაა.
ძრავი ასევე აღჭურვილია კატალიზატორით, რომელიც გამონაბოლქვი გაზების დახმარებით, აზოტის ოქსიდებს ანეიტრალებს და აზოტის უვნებელ აირს გამოჰყოფს. გარდა ამისა, ძრავს ემსახურება გამონაბოლქვი აირის რეცირკულაციის დაბალი წნევის სისტემა, რომელიც გაზებს ნაწილაკებისა და ნაცრისგან მაქსიმალურად ასუფთავებს. სიახლეა შეფრქვევის სისტემაშიც. აქ გამოყენებულია ორსაფეხურიანი პროცესი, რომელიც დიზელის ძრავებისთვის დამახასიათებელ ხმაურს ამცირებს. ძრავის ეფექტურობის გასაზრდელად კი ზეთის ორსაფეხურიანი ტუმბო გამოიყენეს.
„ლენდ როვერი“ აცხადებს, რომ დიზელის ახალი ძრავების ტესტები კვლავაც გრძელდება და სანამ ამ ძრავებით აღჭურვილი ავტომობილები ბაზარზე გამოვა, მათ უკვე მილიონი სატესტო კილომეტრი ექნებათ დაფარული.

No comments:

Post a Comment