Tuesday, November 12, 2013

ფორმულა ერთში მახინჯი მანქანების ეპოქა იწყება

Formula 1 teams worried about 'ugly' 2014 cars
12 ნოემბერი
ფორმულა ერთის უკლებლივ ყველა გუნდი აღიარებს, რომ მომავალი სეზონისთვის მათ მიერ მომზადებული სარბოლი მანქანა მახინჯი იქნება. ამის მთავარი მიზეზი კი რადიკალურად შეცვლილი ტექნიკური რეგლამენტია, რომელიც სიახლის სახით, მხოლოდ ტურბო ძრავებს როდი გვთავაზბს. ახალი წესებით, შასის წინა ტორსის სიმაღლე უნდა იყოს 525 მილიმეტრის სიმაღლეზე, ცხვირის უკიდურესი წინა ნაწილის სიმაღლე კი - 185 მილიმეტრის სიმაღლეზე.
თუმცა, რეგლამენტისვე მითითებით, ცხვირის დაბალი ნაწილის სისქე შეიძლება ვიწრო იყოს. ეს კი გუნდებს იმის საშუალებას აძლევს, რომ ეს ნაწილი მაქსიმალურად ვიწრო იყოს, ცხვირის სტრუქტურის დანარჩენ ნაწილს კი ასწევენ და ფართოს გააკეთებენ. ამის საილუსტრაციოდ, ჟურნალმა „ავტოსპორტმა“ სპეციალური ესკიზიც კი შემოგვთავაზა (ფოტოზე).
ესკიზიდან ჩანს, რომ ცხვირის ნაწილში მანქანას ვიწრო წანაზარდი ექნბა, რომელიც ინჟინრებს რეგლამენტის დაცვის საშუალებას მისცემს. თუმცა, ამ წანაზარდს არავითარი აეროდინამიკური ან სხვა დანიშნულება არ მიეცემა. იმ სიმაღლეზე კი, რომელზეც ახლანდელ ბოლიდებს აქვთ აწეული ცხვირები, დაიწყება არამხოლოდ აეროდინამიკური ნაწილი, არამედ დამცავი სტრუქტურაც, რომელმაც ქრეშ ტესტები უნდა გაიაროს.
ჯერჯერობით არავინ იცის, ყველა გუნდი ამ ესკიზზე გამოსახულ გადაწყვეტას გამოიყენებს, თუ იქნებიან ისეთებიც, რომლებიც დაწეულ ცხვირს პრაქტიკულ დანიშნულებასაც მოუძებნიან. არც ისაა გამორიცხული, რომ ფორმულა ერთის ტექნიკურმა კომისიამ რეგლამენტი რაიმე კომპრომისული პუნქტით შეავსოს, რომელიც მანქანების ესთეტიკურ მხარეს გააუმჯობესებს.
„რედ ბულის“ მთავარმა ინჟინერმა ედრიან ნიუიმ და „მაკლარენის“ სპორტულმა დირექტორმა სემ მაიკლმა უკვე აღიარეს, რომ მათი ახალი ბოლიდები საკმაოდ მახინჯებია, რასაც სწორედ ცხვირის ნაწილი განაპირობებს. თუმცა, მაიკლი ამბობს, პრობლემა დაბალი ცხვირი კი არაა, არამედ ის, რომ წარმატებით გაიარონ ქრეშ ტესტები. და ცხვირის შუა ნაწილში სტრუქტურის გაგანიერებაც სწორედ იმისთვის კეთდება, რომ მას საკმარისი სიმტკიცე მიეცეს და ქრეშ ტესტები არ ჩააგდოს.

No comments:

Post a Comment