Tuesday, November 12, 2013

„მაგნუმ MK5“ - კანადური მსუბუქი როდსტერი

Magnum MK5 Lightweight Sports Roadster Fully Revealed, With Specs
12 ნოემბერი
სარბოლი ავტომობილების მწარმოებელმა კანადურმა კომპანია „მაგნუმ ქარზმა“ შეიმუშავა მსუბუქი სპორტული როდსტერი, სახელად MK5, რომელიც მის ისტორიაში პირველი საკუთარი საგზაო ავტომობილი უნდა გახდეს. ისე კი, ეს კომპანია 1968 წლიდან მუშაობს და ჯერჯერობით მხოლოდ სარბოლი ავტომობილების მომზადებას სჯერდებოდა. სწორედ ამ სფეროში დაგროვილმა გამოცდილებამ მისცა მის მესვეურებს საგზაო ავტომობილის გამოშვების უნარი.
კომპანია აცხადებს, რომ MK5 არც ძვირი სუპერ ავტომობილია და არც სატრეკო დღეების ნახევრად სარბოლი ბოლიდი. ის სწორედ ამ ორ კლასს შორის დაიკავებს ადგილს და ორივეს საუკეთესო თვისებებს შესთავაზებს პოტენციურ მყიდველს. ავტომობილი მყარი აღნაგობის მქონე სპორტსმენს მოგაგონებთ. ის აგრესიული იერით გამოირჩევა და ექსტრემალური შეგრძნებების მოყვარული მძღოლისთვისაა განკუთვნილი.
ავტომობილის აგებულებაში უხვადაა გამოყენებული კარბონის კომპოზიტი და საავიაციო ალუმინი. MK5-ის გაბარიტებია: სიგრძე 3 914 მილიმეტრი, სიგანე 1 884 მილიმეტრი და სიმაღლე 1 069 მილიმეტრი. ის მხოლოდ 545 კილოგრამს იწონის. როდსტერს ისეთი აგებულება აქვს, რომ ადვილად ეხსნება წინა და უკანა ნაწილები. მას ბრტყელი ძირი და აეროდინამიკურად დახვეწილი ძარა აქვს, რომელიც მოიცავს წინა სპლიტერს და უკანა დიფუზორს.
ავტომობილს მამოძრავებელ ძალას ბაზაში მოთავსებული ოთხცილინდრიანი ძრავი ანიჭებს, რომელიც 250 ცხენის ძალას (11 000 ბრ/წთ-ზე) გამოიმუშავებს. ერთი შეხედვით, არც ისე ბევრია, თუმცა ავტომობილის წონაზე გადაანგარიშებით, ყოველ პირობით ტონაზე 460 ცხენის ძალას მივიღებთ, რაც სუპერ ავტომობილების შესაფერისი მახასიათებელია. ძრავის მიერ გამომუშავებულ მაბრუნ ძალას 6-საფეხურიანი სეკვენტალური გადაცემათა კოლოფი, უკანა წამყვან ბორბლებს გადასცემს.
რა თქმა უნდა, ძრავის და წონის ასეთი მახასიათებლები, ავტომობილს შესანიშნავ დინამიკურ მაჩვენებლებს ანიჭებს. კერძოდ, ადგილიდან ასის აკრეფა მას 3.2 წამში შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე კი მხოლოდ 240 კმ/სთ-ია. რაც მთავარია, ავტომობილი არის ძალიან ადვილად სამართავი და კარგად მანევრირებადი. დაკიდევ, მოსახვევების 2g-ზე მეტი გადატვირთვებით გავლა შეუძლია. ავტომობილის სწრაფ და ეფექტურ გაჩერებას, ოთხცილინდრიანი სუპორტები და სპეციალური სარბოლო საბურავები უზრუნველყოფს.
„მაგნუმი“ ჯერჯერობით არაფერს ამბობს MK5-ის წარმოების დაწყების დროსა და მის ფასზე.

No comments:

Post a Comment