Monday, October 14, 2013

„ფორდი“ აზიაში ევროპაზე მეტ ავტომობილს აწარმოებს

Ford's Asian plants outproduce Ford of Europe
14 ოქტომბერი
სააგენტო ბლუმბერგის ინფორმაციით, „ფორდის“ მიერ ჩინეთსა და დანარჩენ აზიაში წარმოებული ავტომობილების რაოდენობამ, ევროპაში გამოშვებულებს პირველად გადააჭარბა. უფრო მეტიც, ამერიკული კომპანიის სტატისტიკოსები ირწმუნებიან, რომ აზიაში წარმოებული ავტომობილების რაოდენობა მალე ამერიკულსაც ჩამოიტოვებს.
აზიაში მოსახლეობის მყიდველუნარიანობა გაცილებით სწრაფად იზრდება, ვიდრე მაშინ, როცა „ფორდმა“ პირველი საწარმოო ხაზი აამოქმედა და მოდელ T-ს წარმოება დაიწყო. ჩინეთსა და აზიის რიგ ქვეყნებში, საშუალო შეძლების მოსახლეობის რიცხვი ისე სწრაფად იზრდება, რომ სამიდან მინიმუმ ორი მყიდველი პირველად ყიდულობს ავტომობილს.
ახლახანს „მორგან სტენლიმ“ გამოაქვეყნა მონაცემები, რომელთა შესაბამისადაც, „ფორდის“ ჩინური ოპერაციები 15 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. ეს კი ამერიკული კომპანიის აქციების საბაზრო ღირებულების დაახლოებით მეხუთედზე მეტია. უფრო მეტიც, ეს თანხა, „მაზდა მოტორისა“ და „ფიატის“ ჯგუფის საბაზრო ღირებულებაზე მეტია.
ჩინეთში „ფორდი“ სწრაფი ტემპით ზრდის არამხოლოდ წარმოებას, არამედ სადილერო და სერვისის ქსელსაც. იზრდება შეთავაზებების მრავალფეროვნება. ასეთი აგრესიული სტრატეგიით, ცისფერი ოვალი იმ ჩამორჩენის აღმოფხვრას ცდილობს, რაც „ჯენერალ მოტორსთან“ და „ფოლკსვაგენთან“ აქვს. ამ ორმა ცისქვეშეთში ერთობლივი საწარმოების გახსნა, „ფორდზე“ შესაბამისად, ექვსი და ათი წლით ადრე დაიწყო.
პარალელურად, „ფორდი“ სწრაფი ტემპით შინაურ ბაზარზეც ვითარდება. ზედიზედ მეხუთე წელია, ამერიკაში ცისფერი ოვალის გაყიდვები იზრდება. ასეთი კი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სულ მეორედ დაფიქსირდა. კომპანიის მთავარი ფინანსური მოხელე ბობ შენკსი ამბობს, რომ აზია მისი კომპანიის მიერ ყველაზე ნაკლებად ათვისებული ბაზარია, რაც „ფორდს“ სწრაფი განვითარების პერსპექტივას უქმნის.
აღსანიშნავია, რომ სანამ ალან მიულალი „ბოინგის“ მთავარი აღმასრულებლის პოსტს დატოვებდა და იმავე თანამდებობაზე „ფორდში“ მუშაობას დასთანხმდებოდა, მას მოლაპარაკება ჰქონდა ცისფერი ოვალის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ბილ ფორდთან. შეხვედრა ფორდის სახლში შედგა და იქ მათ კომპანიის განვითარების მთავარი მიმართულება განიხილეს. მაშინ ისინი შეთანხმდნენ, რომ ეს მიმართულება აზიისკენ, კერძოდ კი ჩინეთისკენ მიდიოდა. შედეგად, მიულალი „ფორდს“ სათავეში 2006 წელს ჩაუდგა.
მიულალის ხელმძღვანელობის პირველ წელიწადს, „ფორდს“ აზიური ბაზრის მხოლოდ 2 პროცენტი ეკავა. ამჟამად ეს წილი 3 პროცენტს ასცდა და მალე ოთხს მიაღწევს. გეგმის მიხედვით კი, ორ-სამ წელიწადში ეს წილი 6 პროცენტამდე უნდა გაიზარდოს. ამ მიზნის მისაღწევად, რისთვისაც წარმოების გაორმაგებაა საჭირო, „ფორდი“ ჩინეთში 4.9 მილიარდი დოლარის ინვესტირებას განახორციელებს.

No comments:

Post a Comment