Tuesday, October 15, 2013

„ბეემვემ“ შეიძლება i3-ის წარმოება გაზარდოს

BMW Could Increase i3 Production Over Strong Demand
15 ოქტომბერი
„ბეემვემ“ ელექტრომობილ i3-ის წარმოება ახლახანს დაიწყო და მასზე ისეთი სოლიდური მოთხოვნა აქვს, რომ უკვე წარმოების მოცულობის გაზრდის მიზანშეწონილებას განიხილავს. წინასწარი მონაცემებით, ამ სუბკომპაქტურ ელექტრულ ჰეჩბეკზე მიღებული შეკვეთები წარმოების მოცულობაზე მეტია. „ავტომოტივ ნიუსის“ ინფორმაციით, ბავარიულ კომპანიას i3-ზე უკვე 8 000-ზე მეტი შეკვეთა აქვს მიღებული.

მართალია, i3-ის წარმოება დაწყებულია, მაგრამ ის შოურუმებში ჯერ არ გამოჩენილა. ოფიციალურად გაყიდვები ნოემბერში დაიწყება. „ბეემვეს“ მთავარი ფინანსური დირექტორი ფრიდრიხ აიხინერი ამბობს, რომ თუ ელექტრომობილზე მაღალი მოთხოვნა შენარჩუნდება და როგორც ჩანს, ასეც იქნება, მაშინ წარმოების გაზრდა გარდაუვალია. ოღონდ, ამისათვის ინვესტირება იქნება საჭირო, რასაც ბავარიელები არ მოერიდებიან.
გერმანიაში „ბეემვე i3“ შოურუმებში ნოემბრის შუა რიცხვებში გამოჩნდება და იქ მისი სასტარტო ფასი 34 950 ევრო იქნება. ამერიკაში, ჩინეთსა და იაპონიაში გაყიდვები მომავალი წლის პირველ ნახევარში დაიწყება. ამერიკაში ელექტრომობილის ფასი 41 350 დოლარიდან დაიწყება.
დაბოლოს, მოკლედ „ბეემვე i3-ის“ დახასიათება. მას უკან განლაგებული ელექტრო ძრავი ემსახურება, რომელიც 170 ცხენის ძალას და 250 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. მისი მეშვეობით, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 7.2 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 150 კმ/სთ-ია. ოღონდ, მაქსიმალური სიჩქარე ხელოვნურადაა შეზღუდული.

No comments:

Post a Comment