Sunday, September 1, 2013

„ბულეტა RF22“ - კალიფორნიული გამანადგურებელი

Bulleta RF22 is a Lotus Evora-Based Sports Car from California with 505 HP
1 სექტემბერი
„ბულეტა მოტორსი“ კალიფორნიის ქალაქ ირვინში ბაზირებული პატარა, მაგრამ მეტად ამბიციური კომპანიაა, რომელმაც სუპერ ავტომობილი, სახელად RF22 შეიმუშავა. „F22 რეპტორ“, მეხუთე თაობის საბრძოლო თვითმფრინავის სახელია, რომელსაც „ლოკჰიდ მარტინი“ და „ბოინგი“ აწარმოებენ და რომელშიც „სტელსის“ ტექნოლოგიაა გამოყენებული. ოღონდ, სახელის გარდა, ავტომობილს და თვითმფრინავს საერთო არაფერი აქვთ.
თავისი პირველი ავტომობილის დახასიათებისას, კომპანია აცხადებს, რომ „ეს არის მსოფლიო კლასის სუპერ ავტომობილი, რომელმაც მემკვიდრეობა რბოლებიდან მიიღო. მისი თვისებებია სისწრაფე, სიმსუბუქე და მგრძნობიარობა, რაც ბევრ თანამედროვე სპორტულ ავტომობილს დაკარგული აქვს“. მრავლის მთქმელი დახასიათებაა, რომელიც სრულიად რეალურ კონტურებს შეიძენს, როცა გავიგებთ, რომ ავტომობილის ბაზისად გამოყენებულია „ლოტუს ევორას“ აუმინის შასი. ამასთან, მასზე მეტი სიმძლავრეც აქვს.
RF22-ს მამოძრავებელ ძალას 3.5-ლიტრიანი V6 ძრავი (სავარაუდოდ, ესეც ლოტუსისგანაა) ანიჭებს, რომელიც „ბულეტა მოტორსის“ წარმოების მექანიკური დამჭირხნითაა აღჭურვილი. ძრავის სიმძლავრე 505 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 555 ნიუტონმეტრი. ძრავთან შესაწყვილებლად, ორი კოლოფია განკუთვნილი. მყიდველს შეუძლია აირჩიოს ან 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი, რომელსაც გადაცემების დაახლოებული საფეხურები აქვს, ან 6-საფეხურიანი სეკვენტალური კოლოფი, რომლის გადაცემებიც საჭის რგოლთან მოთავსებული ნიჩბებით იცვლება. ორივე შემთხვევაში, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად 3.6 წამი ჰყოფნის.
ამერიკული კომპანია თავის პოტენციურ მყიდველს პირდება, რომ ყოველი ავტომობილი, შემკვეთის მოთხოვნების შესაბამისად აღიჭურვება და გაფორმდება. შესაძლებელი იქნება ძარის მასალის არჩევაც. სტანდარტული შესრულებით, RF22-ის ძარა შუშის ბოჭკოს კომპოზიტისგან დამზადდება, შეკვეთით კი ნახშირბადოვანი ბოჭკოს კომპოზიტს გამოიყენებენ. საერთოდ, ავტომობილი ორადგილიანია, თუმცა „ევორას“ მსგავსად, მასში ორი დამატებითი სავარძლის ჩადგმაც შესაძლებელია.
განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს მუხრუჭები, რომლების ფრიქციული ნაწილიც კერამიკული მასალითაა დამზადებული. ავტომობილი 19-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებიც კარბონის კომპოზიტისგან დამზადდება. ასევე შესაძლებელია ალუმინის 20-დუიმიანი ბორბლების დაყენებაც.
ჯერჯერობით გაურკვეველია ფასი. თუმცა, ახლავე შეიძლება იმის თქმა, რომ ავტომობილი ძვირი ეღირება. ალბათ უფრო ძვირი, ვიდრე „ლოტუს ევორა“ ღირს. „ბულეტა მოტორსი“ იმასაც არ ამბობს, სულ რამდენი RF22-ის წარმოებას აპირებს და როდის დაიწყებს მასზე შეკვეთების მიღებას.

No comments:

Post a Comment