Sunday, September 1, 2013

ალონსოს სათქმელი აქვს...

lonso to announce “important news”
1 სექტემბერი
ფერნანდო ალონსომ ახლახანს თავის ტვიტერზე დაწერა, ამ დღეებში მნიშვნელოვან ამბავს გეტყვთო. ნეტავ, რა აქვს სათქმელი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს, რომელიც უკვე მერამდენე წელია, „ფერარისგან“ ამაოდ ელის მანქანას, რომლითაც ჩემპიონობისთვის ბრძოლას შეძლებს? ამაზე მხოლოდ მარჩიელობა თუ შეიძლება, რადგან ესპანელი მრბოლისგან ყველაზე სენსაციური გადაწყვეტილებაც კი მოსალოდნელია.
ყველაზე სენსაციური ის იქნება, თუ ის ფორმულა ერთიდან წავა. ან იქნებ ჩემპიონს ისღა დარჩენია, სატრანსფერო „სილი სიზონი“ კიდევ უფრო გადარიოს და ყირაზე დააყენოს, სათქმელი კი ისეთი არაფერი აქვს? იქნებ „ფერარის“ ტოვებს? თუ ასეა, მინიმუმ ორი ვარიანტია, თუმცა ამ განცხადების მოულოდნელობას თუ გავითვალისწინებთ, კიდევ ორი დაემატება... იქნებ, მხოლოდ, თანაგუნდელზე უნდა გვითხრას რამე?
სათქმელი რომ არაფერი აქვს, ეს ვარიანტი გამოვრიცხოთ - ალონსო ასე არ გაერთობა. უფრო იმის თქმას აპირებს, რომ მომავალ სეზონში ახალი თანაგუნდელი ეყოლება. და ეს ახალი კიმი რაიკონენი იქნება. ფინელმა არ იცის, რა დონეზე იქნება მომავალ სეზონში „ლოტუსი“ და ამიტომ, ჯერ „რედ ბულთან“ ჰქონდა მოლაპარაკება, მაგრამ ჰელმუტ მარკოს ჭირვეულობის გამო, მიზანს ვერ მიაღწია. არადა, კარიერის დასაწყისიდან, ავსტრიული კომპანია მისი პარტნიორი იყო.
შემდგ „ფერარის“ ჯერ დადგა. ეს ის საჯინიბოა, რომლის მანქანითაც კიმის თავისი ერთადერთი ტიტული აქვს მოპოვებული. მაგრამ „ფერარისგან“ წყენაც ახსოვს - სწორედ მარანელოელთა წყალობით, ფ1-დან ორი წლით ამოიკვეთა ფეხი. თუმცა თავის მეორე საყვარელ საქმეზე, რალის მსოფლიო ჩემპიონატზე გადაერთო და თანაც, იტალიური საჯინიბოსგან, იმის სანაცვლოდ, რომ მათს კონკურენტში არ გააგრძელა კარიერა, სოლიდური ანაზღაურება მიიღო. მერე რა, რომ მარანელოდან ალონსოს მისვლის გამო გაუშვეს...
და თუ ალონსო „ფერარიდან“ მიდის? ესეც ნაკლებად სავარაუდოა. ჯერ ერთი, ალონსო მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა აღფრთოვანებული, თუ მარანელოდან მილტონ კინსში გადაინაცვლებდა. მაგრამ „რედ ბულის“ ბანაკიდან ახლა უფრო აქტუალური თემა ისაა, რომ დანიელ რიკიარდოს განიერი თეძოები აქვს და სებასტიან ფეტელზე მორგებულ კოკპიტში ვერ ეტევა. და რახან ავსტრალიელისგან ზომების აღება დაიწყეს, ესე იგი, სწორედ მას ღებულობენ მარკ ვებერის ადგილზე.
სხვა ვარიანტი „მაკლარენში“ დაბრუნებაა. „მერსედესში“ მას არავინ ელის, „ლოტუსი“ კი ის გუნდი არაა, სად გადასვლის გამოცხადებასაც ალონსო ასე მოუთმენლად დაელოდებოდა. „მაკლარენი“ კი ამ სეზონში თავისი აჩრდილია და თანც, ალონსო იქიდან ისეთი განაწყენებული წამოვიდა, ძნელი სავარაუდოა, დაბრუნება ესურვა. თუ თანც ვერავინ იტყვის, „ჰონდასთან“ პარტნიორობის დაწყებისას, „მაკლარენი“ რამდენად კონკურენტუნრიანი იქნება.
გადასვლა გამოირიცხა, წასვლა მითუმეტეს - ალონსო ძალიან მოტივირებულია. სხვა საქმეა, მესამე ტიტული უკვე მოპოვებული რომ ჰქონდეს, მაშინ შეიძლება წასვლაზე მართლა ეფიქრა. მოკლედ აშკარაა, რომ ესპანელს ერთი სული აქვს, თავისი ახალი თანგუნდელი წარმოგვიდგინოს.
ან იქნებ, „ფერარიმ“ ლე მანზე გამოსვლა გადაწყვიტა და ალონსო ამ ლეგენდარულ რბოლაში მონაწილეობას მიიღებს? თან ისე, რომ ფ1-შიც დარეჩება? ან იქნებ, ფელიპე მასას რაიკონენი კი არა, ნიკო როსბერგი შეცვლის, ვისაც სამქიმიანებში კიმი ჩაანაცვლებს?
მოკლედ, „გიჟური სეზონი“ გრძელდება...

No comments:

Post a Comment