Sunday, July 21, 2013

უახლესი „რეინჯ როვერ სპორტი“ ლეგენდარული „სპიტფაიერის“ წინააღმდეგ (ვიდეო)

All-New Range Rover Sport Takes On Mighty Spitfire In A Unique Duel Of British Legends At Goodwood
21 ივლისი
ეს დასამახსოვრებელი დაპირისპირება მანქანასა და ლეგენდარულ ავიაგამანადგურებელს შორის, გუდვუდის აეროდრომზე, გუდვუდის სიჩქარის ფესტივალის დაწყებამდე შედგა. სისწრაფეში ერთმანეთს „ლენდ როვერის“ ისტორიაში ყველაზე სწრაფი ავტომობილი, უახლესი „რეინჯ როვერ სპორტი“ და მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი საუკეთესო ბრიტანული გამანადგურებელი „სუპერმარინ სპიტფაიერი“ გაეჯიბრა.
უცნაური შეჯიბრი აეროდრომის ასაფრენ ზოლზე ჩატარდა. ავტომობილს ჰაერის სერიოზული შემხვედრი წინაღობის გადალახვის გარდა, ნამიან ბალახზე უწევდა ასპარეზობა. „სპიტფაიერმაც“ სტარტი ბალახის ასაფრენ ზოლზე აიღო, ფინიში კი ჰაერში გადაკვეთა. ორივეს მოუწია მობრუნება - ავტომობილს ბალახზევე, მოკლე რადიუსით, თვითმფრინავს კი, რა თქმა უნდა, ჰაერში. თანაც, მოტრიალებისას ურთულესი მარყუჟის გაკეთება იყო საჭირო. თვითმფრინავს, რომელიც 1945 წელსაა დამზადებული, ბულტბის საფრენოსნო აკადემიის პილოტი მეტ ჯონსი მართავდა. „რეინჯ როვერ სპორტის“ საჭესთან კი „იაგუარ ლენდ როვერის“ მთავარი ინჟინერი მაიკ ქროსი იჯდა.
რაც შეეხება მეტოქეების აღჭურვილობას და შესაძლებლობებს. თვითმფრინავი „მერლინის“ წარმოების V12 ძღავითაა აღჭურვილი, რომელიც 1750 ცხენის ძალას იძლევა. მისი მეშვეობით, ჰაერში „სპიტფაიერს“ 644 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია. დასაჯდომი სიჩქარე კი 129 კმ/სთ-ია. რაც შეეხება უგზოობის მდიდრულ ავტომობილს, მისი 5.0-ლიტრიანი V8 510 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მაგრამ ნამიან ბალახზე მანქანას თავისი მაქსიმალური სიჩქარის აკრეფის შანსიც არ ჰქონდა, რადგან ბალახზე ბორბლის ჩაჭიდება მცირეა. და მაინც, სანამ მოსახვევის წინ დამუხრუჭებას დაიწყებდა, ქროსმა სწორეზე მაინც 209 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა მოასწრო.
აჩქარების და დამუხრუჭების, ასევე მოსახვევის გავლისას, ძრავის შესაძლებლობათა უკეთ ათვისებაში, ქროსს ახალი „რეინჯ სპორტის“ ელექტრონული დამხმარე სისტემები ეხმარებოდა. მათ შორის, ტექნოლოგია „ტორქ ვექტორინგი“ (მომენტის გამანაწილებელი), რომელიც მოსახვევში მანქანის მდგრადობას, შიდა რადიუსზე მოძრავი ბორბლების შენელებით (წამუხრუჭებით) უზრუნველყოფს.
სტარტზე ავტომობილი უფრო სწრაფი გამოდგა. მან კარგა შორს ჩამოიტოვა საჰაერო მებრძოლი, თუმცა როგორც კი ეს უკანასკნელი ჰაერში აიჭრა, რბოლაშიც დაწინაურდა. მაგრამ მის მოტრიალებას გაცილებით რთული მანევრი და დიდი რადიუსი დასჭირდა. სამაგიეროდ, მანევრირებისას ის სიჩქარეს უმატებდა. ქროსმა კი მანქანა პრაქტიკულად გააჩერა და უკანა გზაზე თავიდან მოუწია აჩქარება. როცა უკანა გზაზე მოძრაობა დაიწყო, „რეინჯ როვერი“ ისევ სოლიდური უპირატესობით დაწინაურდა, მაგრამ ბოლოს ჯონსი დაეწია და... ფინიშის ხაზი ორივემ პრაქტიკულად ერთდროულად გადაკვეთა.

ვიდეო

No comments:

Post a Comment