Monday, July 8, 2013

ახალი ტიპის „ოპელ ინსიგნია“ – „ქანთრი ტურერი“

A New Kind of Opel Insignia: Country Tourer Ready for Adventure
8 ივლისი
„ოპელ ინსიგნია“ წარმატებული ავტომობილია და ბუნებრივია, გერმანული კომპანია ამ ფაქტორის გამოყენებას ცდილობს, რისთვისაც „ინსიგნიას“ ბაზაზე მთელ გამას ქმნის. ამ გამას მალე ახალი წევრი შეემატება. ესაა „ინსიგნია ქანთრი ტურერი“, ავტომობილი უნივერსალის ძარით და უგზოობის ავტომობილის თვისებებით. და მას პირველად ფრანკფურტის მოტორ შოუზე ვიხილავთ.
ამ ათლეტური ავტომობილის ყველგანმავალ თვისებებს ხაზს მისი მაღალი კლირენსი უსვამს. ბუნებრივია, მაღალი განლაგება, მას გრუნტიან გზებზე თავდაჯერებულობას სძენს. რაც მთავარია, ავტომობილი სრულ ამძრავიანია. მას მამოძრავებელ ძალას მძლავრი ტურბო ძრავები ანიჭებს, როგორებიცაა 2.0-ლიტრიანი SIDI საწვავის უშუალო შეფრქვევით, რომლის სიმძლავრე 250 ცხენის ძალაა და დიზელის 2.0-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი CDTI, რომლის სიმძლავრეც 195 ცხენის ძალაა. ორივე ძრავის მაქსიმალური მომენტი 400 ნიუტონმეტრია. ძრავებს უწყვილდება 6-საფეხურიანი მექანიკური, ან 6-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი.
განსაკუთრებულ ყურადღებას სრულამძრავიანი სისტემა იმსახურებს, რომელსაც ელექტრონიკა მართავს. მასში შედის უმაღლესი ხარისხის ქურო და ელექტრონულად კონტროლირებადი გაზრდილი ხახუნის დიფერენციალი, რომელიც ასფალტსა და გრუნტზე, ერთნაირად მაღალი ხარისხის ჩაჭიდებას უზრუნველყოფს. ამასთან, ელექტრონიკა მუდმივად აანალიზებს გზის მდგომარეობას და ამის შესაბამისად უნაწილებს წინა და უკანა ღერძებს მაბრუნ მომენტს. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, ღერძმა შეიძლება მაბრუნი მომენტი საერთოდ არ მიიღოს, ან სრულად მიიღოს. საინტერესოა, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ სამი ბორბალი საერთოდ ან ნაწილობრივ არაა გზასთან მოდებაში, დარჩენილ ერთ ბორბალს მბიძგველი ძალა მაინც მიეწოდება.
ადაპტირებადი სრულ ამძრავიანი სისტემა მაშინაც დაგეხმარებათ, თუ კრიტიკული სიტუაცია არ შეგექმნებათ. ამ შემთხვევაში, მისი აქტიურობის მიზანი, საწვავის ეკონომიაა. კერძოდ, იმისათვის, რომ ხახუნი შემცირდეს, სისტემა წინა ამძრავიანი ხდება. მაგრამ თუ ელექტრონიკა დაადგენს, რომ ჩარევაა საჭირო, მაშინვე უკანა ბორბლებს დაატრიალებს.
„ჩვენი პატარა „ოპელ მოკას“ სენსაციური წარმატება უგზოობის სუბკომპაქტური ავტომობილების სეგმენტში, იმის დემონსტრირებაა, რომ ქროსოვერის ხასიათის მქონე ავტომობილები მზარდი პოპულარობით სარგებლობს. ახალი „ინსიგნია ქანთრი ტურერის“ დახმარებით, ჩვენ ამ ნიშას უფრო დიდ, საშუალო ზომის კლასში შევავსებთ. ამ ავტომობილით, ჩვენ მომხმარებელს შევთავაზებთ ალტერნატიულ არჩევანს, როგორიც ადრე „ოპელს“ არ ჰქონია“, - ამბობს „ოპელის“ ვიცე პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი დანკან ოლდრედი, ვინც გაყიდვებს, მარკეტინგსა და მომსახურებას კურირებს.

No comments:

Post a Comment