Monday, July 8, 2013

„ვოლვოს“ ავტომობილი თავად დადგება პარკინგზე

Volvo's autonomous self-parking car
8 ივლისი
საყოველთაოდაა ცნობილი, რომ „ვოლვო“ უსაფრთხო ავტომობილებს აწარმოებს. შვედურმა კომპანიამ საავტომობილო ინდუსტრია ამ მიმართულებით, არაერთი ინოვაციით გაამდიდრა. შარშან კი სულ სხვა მიმართულების სიახლით - „უსაფრთხო გზის მატარებლის“ პროგრამით გაგვაოცა. ორიოდ კვირის წინ კი შვედურმა კომპანიამ თავისი მორიგი სიახლე - თვითპარკირებადი ავტომობილის კონცეპცია გაგვაცნო.

„ვოლვოს“ ინფორმაციით, სისტემა აბსოლუტურად დამოუკიდებლად მუშაობს. შეგიძლიათ, გადმოხვიდეთ მანქანიდან, სმარტფონით შეუკვეთოთ თვითპარკირება და დამშვიდებული წახვიდეთ საქმეზე, დანარჩენს სისტემა თავად მიხედავს - მოძებნის დასადგომ ადგილს და მას დაიკავებს. უფრო მეტიც, როცა ავტომობილი ისევ დაგჭირდებათ, იმავე სმარტფონით გამოიძახებთ და იქ მოვა, სადაც დაელოდებით. ორივე შემთხვევაში, მანქანა თავისი სენსორების დახმარებით, თავად გაიკვლევს გზას პარკინგზე მდგარ მანქანებს შორის და თქვენთან მოვა, ან თავისუფალ ადგილს იპოვნის. თან, ფეხმავლებსაც მოერიდება და სხვა მოძრავ მანქანებსაც.
„ვოლვო“ აცხადებს, რომ სისტემა ჯერ მხოლოდ კონცეპტუალურ ეტაპზეა და დახვეწის პროცესს გადის. თუმცა კომპიუტერულმა ანალიზმა ცხადყო, რომ სისტემას რეალურადაც შეუძლია უსაფრთხოდ ფუნქციონირება. კომპანია ავტონომიური საჭის მქონე XC90-ს მომავალ წელს გამოუშვებს. თვითპარკირების სერიულ ვერსიას კი ცოტა დააგვიანდება. თუმცა, მასაც აუცილებლად შესთავაზებენ მყიდველს.
ზღაპარს ჰგავს? რა თქმა უნდა, მაგრამ ალბათ გსმენიათ, რომ სრულიად ავტონომიურ ავტომობილს უკვე რამდენიმე წელია, „გუგლი“ ცდის. ტესტების დროს, შესაბამისი ელექტრონიკით და ჰიდრავლიკური აღჭურვილ ავტომობილს, ასეულობით ათასი კილომეტრი აქვს გავლილი ისე, რომ მხოლოდ ერთი ინციდენტი შეემთხვა და ისიც იმ ავტომობილის ბრალი იყო, რომელსაც მძღოლი მართავდა.
ამ მიმართულებით ინტენსიურად მუშაობს „მერსედეს-ბენციც“, რომელმაც თავისი უახლესი S-კლასის პრეზენტაციაზე გამოაცხადა, რომ მალე ამ ავტომობილის მყიდველს, ოპციის სახით შესთავაზებენ სისტემას, რომელიც ავტომობილს დამოუკიდებლად მართავს.

No comments:

Post a Comment