Monday, July 8, 2013

„ფორდ ატლასი“ - საუკეთესო კონცეპტუალური პიკაპი

Best Concept Vehicles of the Year Announced
8 ივლისი
კონკურს ჩრდილოეთ ამერიკის წლის საუკეთესო კონცეპტუალური ავტომობილის ჟიურიმ, სამი ნომინაციის გამარჯვებულები გამოაცხადა. პიკაპების და უგზოობის ავტომობილების კლასში საუკეთესოდ „ფორდის“ კონცეპტუალური პიკაპი „ატლასი“ სცნეს, წინასერიულ ავტომობილებში გამარჯვება „ბეემვეს“ სპორტულ ელექტრომობილ „i8 სპაიდერს“ ხვდა წილად, საუკეთესო კონცეპტუალურ ავტომობილად კი „ჰიუნდაი HCD-14 ჯენეზისი“ დაასახელეს.
კონკურსში ის ავტომობილები დაიშვება, რომელთა დებიუტი ამერიკაში ჩატარებულ დიდ საავტომობილო გამოფენებზე - დეტროიტის, ტორონტოს, ლოს ანჯელესის, ნიუ იორკის და ჩიკაგოს მოტორ შოუებზე შედგა. სამი გამარჯვებულიდან ერთის - „ბეემვეi8 სპაიდერის“ პრემიერა ლოს ანჯელესის ავტო შოუზე შედგა, „ფორდ ატლასი“ და „ჰიუნდაი HCD-14 ჯენეზისი“ კი პირველად დეტროიტში ვიხილეთ.
პიკაპების კლასში „ფორდის“ კონცეპტის გამარჯვება არცაა გასაკვირი - ცისფერი ოვალი უკვე ათწლეულებია, ამ კლასში ამერიკის ბაზრის უცვლელი ლიდერია. ყველაზე მეტი პოპულარობით F-150 სერიის პიკაპები სარგებლობს, რომელიც ამერიკული ბაზრის აბსოლუტური ლიდერია. „ატლასი“ კი სწორედ შემდეგი თაობის F-150 სერიის წინამორბედია.
კონკურსის ფინალში „ატლასის“ მეტოქეები იყო: „კია ქროს GT“, „ნისან რეზონანსი“ და „ფოლკსვაგენ ქროს ბლიუ“. აღსანიშნავია, რომ „ფორდი“ კონცეპტუალური პიკაპების ფინალში ზედიზედ მეცხრედ გავიდა და მეორედ მიიღო აღიარება. ჟიურის წევრებმა, ამ ავტომობილის არამხოლოდ გარეგნობა, არამედ მასში გამოყენებული ტექნოლოგიბიც მოიწონეს. ისეთები, როგორებიცაა სტოპ/სტარტი, რადიატორის ცხაურის ჟალუზები, რომლებიც მაშინ იკეტება, როცა ინტენსიური გაგრილება საჭირო არაა და ამ დროს, ჰაერის წინააღმდეგობა მცირდება, რაც საწვავის ხარჯს ამცირებს.
„ჰიუნდაის“ კონცეპტუალური ავტომობილი კონკურსის ფინალში მეოთხედ მოხვდა და მეორედ გაიმარჯვა. HCD-14 გვიჩვენებს კორეული კომპანიის პრემიუმ ავტომობილების დიზაინის მომავალ მიმართულებას. ჟიურიმ ყველაზე მეტად სწორედ ეს სტილი მოიწონა. საბოლოოდ, ამ ავტომობილმა კონკურსში უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
რაც შეეხება „ბეემვეს“ „i8 სპაიდერს“, მან ესტაფეტა თავისი კუპე ვერსია i8-სგან მიიღო, რომელმაც ამავე კონკურსში შარშან გაიმარჯვა. ეს ავტომობილი, ჯერ კიდვ პრემიერამდე გახდა ჰიტი და სავარაუდოა, რომ „ბეემვეს“ მასზე სოლიდური მოთხოვნის დაკმაყოფილება მოუწევს. ჟიურის წევრ მარკ ფელანის თქმით, ეს არის „სუპერ ავტომობილი მწვანე მიმართულებით“.

No comments:

Post a Comment