Wednesday, June 12, 2013

„ტოიოტა კამატე 57s“ - კონცეპტუალური ასაწყობი ავტომობილი

Toyota Designs Camatte57s Concept for Tokyo Toy Show 2013
12 ივნისი
„ტოიოტა“ თავის ახალ სპორტულ, ღიასა და ოჯახზე ორიენტირებულ კონცეპტუალურ ავტომობილს, სახელად „კამატე 57s“, ტოკიოს... სათამაშოების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს, რომელიც ხვალ გაიხნება. რატომ სათამაშოების გამოფენაზე? ფოტოების ნახვის შემდეგ ალბათ მიხვდებოდთ, რატომაც - ეს ავტომობილი სათამაშოა და იმავდროულად, ნამდვილიცაა.
ეს არის სათამაშო, რომელიც მშობლებს და შვილებს კიდევ უფრო დააახლოვებს და რაც მთავარია, ბავშვებში საინჟინრო აზროვნების გამომუშავებას შეუწყობს ხელს. „ტოიოტას“ განმარტებით, ეს ასაწყობი ავტომობილი, მშობლებს და შვილებს, ავტომობილის აწყობისა და მართვის სიამოვნებას მიანიჭებს, ბავშვებს კი ავტო ენთუზიასტებად ჩამოაყალიბებს.
სხვათა შორის, იაპონურმა კომპანიამ, იმავე გამოფენაზე, იმავე სახელით, ასაწყობი ავტომობილი შარშანაც წარადგინა. ოღონდ, ის „კამატე“ დახურული ავტომობილი იყო. მისგან განსხვავებით, „კამატე 57s“ იმითაა გამორჩეული, რომ მეტი ინდვიდუალიზაციის საშუალებას იძლევა. ანუ, მის მფლობელს, საკუთარი იდეების განხორციელების მეტი საშუალება ექნება. მას აქვს ძარის 57 მოსახსნელი მსუბუქი ნაწილი, რომლებიც შეიძლება სხვადასხვა ფერში შეიღებოს. ასევე შესაძლებელია დიზაინის შეცვლაც.
ინტერიერში სამი სავარძელია. წინ ერთი მათგანია მოთავსებული, ორი კი - მის უკან და გვერდებზე. ავტომობილის მართვა ბავშვსაც კი შეუძლია. მისთვის მისაწვდომია მუხრუჭების და აქსელერატორის სატერფულები. ამასთან, შესაძლებელია სავარძლების იმგვარად დაყენება, რომ ბავშვის ნაცვლად, სატერფულები და საჭეც კი, მარჯვენა სავარძლიდან, უფროსმა მართოს. ამგვარად, მას საშუალება ექნება, ბავშვს მანქანის მართვის ჩვევების გამომუშავებაში შეუწყოს ხელი.

3.0 მეტრი სიგრძის მანქანას მამოძრავებელ ძალას ელექტრო ძრავი ანიჭებს. „ტოიოტას“ მისი მახასიათებლები არ დაუკონკრეტებია. რაც შეეხება სახელ „კამატეს“, იაპონურად ის თურმე ზრუნვას ნიშნავს, ამ შემთხვევაში კი - „სხვებზე ზრუნვას“. რაც შეეხება ასო „s-ს“, ის იაპონურ სიტყვა სავარუს პირველი ასოა. ეს სიტყვა შეხებას ნიშნავს.

No comments:

Post a Comment