Wednesday, June 12, 2013

„პორშემ“ ლე მანის პროტოტიპის ტესტირება დაიწყო

Porsche Gives Its 2014 Le Mans Prototype the Maiden Test
12 ივნისი
„პორშემ“ თავის ვაიზახის ტრასაზე, ტესტებზე პირველად გამოიყვანა ლე მანის 24-საათიანი რბოლისთვის შექმნილი პირველი კატეგორიის (LMP1) სპორტული პროტოტიპი, რომლითაც გამძლეობაზე რბოლებში მომავალ სეზონში მიიღებს მონაწილეობას. პირველ ტესტზე, საჭესთან კომპანიის ტესტ პილოტი ტიმო ბერნჰარდი იჯდა.
ტესტების მიზანს, ავტომობილის ცალკეული ნაწილების და კვანძების ფუნქციური შემოწმება იყო. ტესტები „პორშეს“ დირექტორთა საბჭოს წევრების წინაშე შედგა, რაც იმ ფაქტზე მეტყველებს, რომ ცუფენჰაუზენელები ამ პროექტს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველი ტესტები, დაგეგმილზე რამდენიმე კვირით ადრე ჩატარდა.
„განრიგს ზედმიწევნით მივყვებით. ჩვენი ახლიდან შექმნილი გუნდი თავდაუზოგავად მუშაობდა, რათა მანქანის ტრეკზე გამოყვანა დროულად მოესწრო. ეს ცოტა ადრე მოხერხდა და ახლა რამდენიმე კვირა გვაქვს იმისათვის, რომ მანქანის სრულყოფისთვის დამატებითი ტესტები ჩავატაროთ“, - ამბობს „პორშეს“ LMP1-ის პროგრამის ხელმძღვანელი ფრიც ენცინგერი.
მას შემდეგ, რაც „პორშემ“ ავტოსპორტის უმაღლეს ლიგაში დაბრუნება გადაწყვიტა, ვაიზახის მოტორსპორტის ცენტრი მნიშვნელოვნად გაფართოვდა. აშენდა ადმინისტრაციული და სამუშაო ცენტრები. კომპანიამ აიყვანა დაახლოებით 200 კვალიფიცირებული სპეციალისტი, რომლებიც ავტომობილის შექმნაზე, აწყობასა და სრულყოფაზე მუშაობენ. მომავალი სეზონისთვის, კომპანიას დაკომპლექტებული ეყოლება სარბოლო გუნდი.
„ძალიან ვამაყობ, რომ ჩვენი შრომის ნაყოფის ტრეკზე პირველად გამოყვანის საშუალება მომეცა. ამ ეტაპზეც, მანქანა შესანიშნავია. მოუთმენლად ველი შემდგომ ტესტებს, რომლებზეც ჩემთან ერთად, მონაწილეობას ჩემი მეგობარი და კოლეგა რომენ დუმასი მიიღებს“, - ამბობს ტიმო ბერნჰარდი. სწორედ ის და ფრანგი რომენ დუმასი არიან პროექტ LMP1-ის ტესტ პილოტები. ტესტები კი სხვადასხვა ქვეყნების ტრეკებზე ჩატარდება. სავარაუდოდ, ამ ორ პილოტს „პორშე“ თავის საქარხნო გუნდშიც აიყვანს.
კომპანიას ჯერ ავტომობილის სახელი და ტექნიკური მონაცემები არ გამოუქვეყნებია. ერთადერთი, რაც ცნობილია ისაა, რომ პროტოტიპი ბენზინის ჰიბრიდული ძრავით აღიჭურვება.

No comments:

Post a Comment