Tuesday, April 9, 2013

„ჰიუნდაი“ WRC პროექტისთვის გამოცდილ ხალხს აგროვებს

Hyundai Appoints Former Citroen, Peugeot & Toyota Key People for WRC Project
9 აპრილი
„ჰიუნდაი“ სულ უფრო ინტენსიურად ემზადება რალის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელშიც მომავალი სეზონიდან ჩაერთვება. იმისათვის, რომ თავიდანვე მოწინავეთა შორის იყოს, კორეული კომპანია თავის საქარხნო გუნდს გამოცდილი პერსონალით აძლიერებს. უკვე მიწვეული არიან სხვადასხვა მიმართულების თანამშრომლები, რომლებსაც „ტოიოტას“, „სიტროენის“, „პეჟოსა“ და „სუბარუს“ ანალოგიურ პროექტებში აქვთ მონაწილეობა მიღებული.

ჟურნალ „ავტოქარის“ ინფორმაციით, „ჰიუნდაის“ გუნდის ძრავების განყოფილებას სტეფან ჟირარი გაუძღვება, ვისაც „სუბარუს“, „პეჟოს“ და „სიტროენის“ გუნდებში აქვს ნამუშევარი. საინჟინრო განყოფილება ბერნარ ვალას ჩააბარეს, ვინც „პეჟო 207-ის“ S2000-ის კლასის შესაბამისი მანქანის შექმნაში მონაწილეობდა.
გარდა ამისა, „ჰიუნდაის“ WRC პროგრამას ასევე შეუერთდნენ: ალენ პენასე, ვინც ადრე „ტოიოტასა“ და „პეჟოში“ მუშაობდა. ის მალე გუნდის მმართველობას ჩააბარებენ. სამუშაო ჯგუფს კი ერნსტ კოპი უხელმძღვანელებს, ვინც „ტოიოტას“ WRC-ს, ლე მანისა და ფორმულა ერთის პროექტებში მონაწილეობდა.
„ძალიან სწრაფად ვვითარდებით და თითქმის ყველა რგოლში, გამოცდილი სპეციალისტებით ვკომპლექტდებით. ფაქტობრივად, მთელი გუნდის სუფთა ფურცლიდან ჩამოყალიბება გვიწევს, რაც უდიდესი გამოწვევაა. მომავალ სეზონამდე მხოლოდ ცხრა თვეღა გვრჩება და იმედია, მას კარგად მომზადებული შევხვდებით“, - ნათქვამია „ჰიუნდაის“ განცხადებაში.
ცნობისათვის, რალის მსოფლიო ჩემპიონატზე „ჰიუნდაი“ სპეციალურად მომზადებული i20-ით იასპარეზებს, რომელიც პირველად შარშან გვიჩვენა და რომლის მოდერნიზებული ვერსიაც ახლახანს, ჟენევის მოტორ შოუზე წარადგინა.

No comments:

Post a Comment