Wednesday, March 20, 2013

„სუზუკი“ ახალ SX4-ზე დიდ იმედებს ამყარებს

Suzuki Says New SX4 Will Boost Company Sales
20 მარტი

იაპონურ კომპანია „სუზუკის“ მარკეტოლოგები დარწმუნებულები არიან, რომ მათი ახალი ქროსოვერი SX4, რომელმაც უფრო მაღალ, C-სეგმენტში გადაინაცვლა, გაყიდვებში თავის მომცრო წინამორბედს უკან ჩამოიტოვებს.

„ჩვენ ადრე მსგავსი ავტომობილი გამაში არ გვყოლია. განსაკუთრებით ყურადღებას ვამახვილებთ იმაზე, რომ მისი საბარგულის მოცულობა 430 ლიტრია (ადრე მხოლოდ 270 ლიტრი იყო) და ამ მაჩვენებლით, ის თავის სეგმენტში ლიდერთა შორისაა“, - გამოცემა „ავტომოტივ ნიუს იუროპთან“ საუბრისას ამბობს „სუზუკის“ ევროპული შტოს შეფი ტაკანორი სუზუკი.
ახალი SX4 წინამორბედზე 165 მილიმეტრით გრძელი, 10 მილიმეტრით განიერი და 10 მილიმეტრითვე მაღალია. ბორბლებს შორის ბაზა 100 მილიმეტრით არის გაზრდილი. ავტომობილის გაბარიტებია: სიგრძე 4300 მმ, სიგანე 1765 მმ, სიმაღლე 1575 მმ და ბაზა 2600 მმ. კლირენსი 170 მილიმეტრს შეადგენს.
ეს არის პირველი „სუზუკი“, რომელიც „ფიატის“ წარმოების 1.6-ლიტრიანი დიზელის ძრავით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრეც 120 ცხენის ძალაა. იგივე სიმძლავრეს ავითარებს ბენზინის, ასევე 1.6-ლიტრიანი აგრეგატი. ბენზინის ძრავთან 5-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი მუშაობს, დიზელისას კი 6-საფეხურიანი ასევე მექანიკური კოლოფი უწყვილდება. მყიდველს ოპციის სახით ასევე უსაფეხურო ვარიატორსაც შესთავაზებენ.
ახალი SX4 ბაზარზე სექტემბერში გამოვა. მას „სუზუკის“ უნგრული ქარხანა გამოუშვებს. რაც შეეხება ახალ სუბკომპაქტურ ქროსოვერს, რომელმაც ძველი SX4 უნდა შეცვალოს, მას პირველად 2015 წელს გვიჩვენებენ. სავარაუდოდ, ეს ჟენევის მოტორ შოუზე მოხდება. ეს ავტომობილი კონკურენციას „ნისან ჯუკს“ და „რენო კაპტურს“ გაუწევს.

No comments:

Post a Comment