Sunday, November 22, 2015

„ფორს ინდია“ მომავალ სეზონში „უილიამსს“ უმიზნებს

Force India targets beating Williams in 2016
22 ნოემბერი
„ფორს ინდიას“ შეფის მოადგილე ბობ ფერნლი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი მომავალ სეზონში თვით :“უილიამსთან“ ტოლსწორ პაექრობას შეძლებს. ამ სეზონს ინდური საჯინიბო, კონსტრუქტორთა თასზე მეხუთე ადგილზე დაასრულებს, რაც მის შვიდწლიან ისტორიაში საუკეთესო შედეგია. აქამდე „ფორს ინდიასთვის“ საუკეთესო შედეგი მეექვსე ადგილი იყო, რომელიც სამჯერ აქვს დაკავებული. თუმცა, სანამ სახელს გამოიცვლიდა და „ჯორდანი“ ერქვა, გუნდმა უფრო მეტიც შესძლო - 1999 წელს მესამე ადგილი დაიკავა, ერთი სეზონით ადრე კი მეოთხე იყო.
კონსტრუქტორთა თასზე დაკავებული მეხუთე ადგილის წყალობით, „ფორს ინდია“ მომავალ სეზონში, FOM-ისგან (ფორმულა ვან მენეჯმენტ) მეტ თანხას მიიღებს. ამასთან, გუნდი მოლაპარაკებას აწარმოებს „ასტონ მარტინთან“, რომელიც მის პარტნიორობას აპირებს. მათ შორის ურთიერთობა კი, სახელთან ერთად, ტექნიკური შესაძლებლობების გაზრდასაც განაპირობებს, რაც ინდურ გუნდს უფრო კონკურენტუნარიანს გახდის.
„ფაქტია, რომ ვვითარდებით. ჩვენი ძალური დანადგარი საუკეთესოა და ამიტომ, არ მგონია, ამ მხრივ რაიმე პრობლემა გვქონდეს. რაც შეეხება შასის, ამ მხრივ ჩვენ ალბათ ტოპ ოთხეულში ან ხუთეულში ვართ. იმისათვის, რომ მეოთხე გუნდი გავხდეთ, კიდევ ერთი ნაბიჯით წინ უნდა წავიწიოთ. და ჩვენ გვაქვს ამის ყველანაირი შესაძლებლობა“, - ამბობს ფერნლი და დასძენს, რომ „უილიამსი“ მხოლოდ იმის გამო ამოიღო მიზანში, რომ ამ გუნდის ბიუჯეტი მოცულობით ახლოსაა „ფორს ინდას“ ბიუჯეტთან.
ფერნლი ამბობს, რომ „ტოიოტას“ გერმანული აეროდინამიკური მილის გამოყენებამ, ამ სეზონში მისი გუნდის გამოსვლაზე დიდი გავლენა იქონია. ამასთან, ის დასძენს, რომ ამავე მილს გუნდი მომავალი სეზონისთვის მზადებისას უკვე იყენებს. „ჩვენი წარმატება, აეროდინამიკური პროგრამის გერმანიაში გადატანამ განაპირობა. გაგვიმართლა, რომ ეს ნაგებობა შარშანვე გამოვიყენეთ. რადგან ეს პროცესი ახლა რომ დაგვეწყო, 2017 წლის რეგლამენტის ცვლილებებისთვის მომზადებას ვერ მოვასწრებდით“, - ყვება ფერნლი.
ის დასძენს, რომ რამდენადაც მეხუთე ადგილი პრაქტიკულად განაღდებული აქვს, „ფორს ინდია“ აბუ დაბის ეტაპზე უფრო თავისუფლად შეძლებს იმ სიახლეების ტესტირებას, რომელთა გამოყენებასაც მომავალი სეზონიდან გეგმავს. რაც შეეხება „ასტონ მარტინთან“ პარტნიორობას, ფერნლი ამბობს, რომ მისმა გუნდმა ბრიტანულ კომპანიის საუკეთესო პირობები შესთავაზა და ახლა არჩევანი „ასტონის“ და „ფორს ინდიას“ აქციონერებზეა.

No comments:

Post a Comment