Tuesday, November 17, 2015

ფერსტაპენმა პერესის გასწრებისას რაიკონენ-შუმახერის მომენტი გაიხსენა

Schumacher/Raikkonen moment inspired Verstappen
17 ნოემბერი
როცა „ტორო როსომ“ მართვის ლიცენზიის არმქონე თინეიჯერ მაქს ფერსტაპენთან კონტრაქტი გააფორმა, ამით ბევრის კრიტიკა გამოიწვია - ბავშვები მოგყავთ ფ1-ში და აქ მაგათი ადგილი არააო. მაგრამ პატარა ბიჭმა ყველა გააჩუმა. დღეს ბევრი ლაპარაკობს იმაზე, რომ აირტონ სენას შემდეგ, ფ1-ს ასეთი ტალანტი არ ჰყოლია. და მაქსი ამას ყოველ რბოლაში ამტკიცებს. რა თქმა უნდა, პელოტონის შუაში შედარებით ნაკლებ ყურადღებას იქცევს, მაგრამ სპეციალისტებს ვერაფერს გამოაპარებ. ისინი კი თამამად ამბობენ, რომ ფერსტაპენი ნამდვილი აღმოჩენაა.
ერთ-ერთი ასეთი მომენტი, რომელმაც მორიგი აღფრთოვანება გამოიწვია, ბრაზილიის დიდი პრიზის რბოლის დროსაც მოხდა. სტარტ-ფინიშის სწორის ბოლოს, სენას სახელობის დაღმართიან S-მოსახვევში, სადაც გასწრებას ბევრი ვერ გაბედავს, ფერსტაპენმა ოსტატურად აუარა გვერდი მასზე გამოცდილ სერხიო პერესს. მანევრი შეჯახების ზღვარზე, ბორბალი-ბორბალში შესრულდა. ჰოლანდიელმა გადამწყვეტ უპირატესობას, მოსახვევების კასკადის მეორე ნაწილში მიაღწია.

ფერსტაპენი ამბობს, რომ ეს მანვრი ზსტად ისე შეასრულა, როგორც კიმი რაიკონენმა 2012 წლის ბრაზილიის დიდი პრიზის რბოლისას, მიხაელ შუმახერს გაასწრო. „რამდენიმე წლის წინათ ვნახე, როგორ გაასწრო რაიკონენმა შუმახერს. გავიფიქრე, რომ ეს კარგი მანევრი იყო. ახლა კი იმის შანსი მომეცა, რომ მსგავსი რამ მეც გამეკეთებინა“, - იხსენებს ფერსტაპენი, რომლის მამა, იოს ფერსტაპენი ერთ დროს სწორედ შუმახერის თანაგუნდელი იყო „ბენეტონში“.
მაგრამ ფერსტაპენის ოსტატობა მარტო მანევრის ზუსტად შესრულებაში არაა. მისი თქმით, ასეთ მომენტებში აუცილებელია, რომ მეტოქის ნდობა გქონდეს, დარწმუნებული უნდა იყო, რომ ის ტრასიდან არ გადაგაგდებს: „შეიძლება ის გააკეთო, რაც შეგიძლია, მაგრამ თუ მეტოქე დაედევრად იმოქმედებს და ტრასის მიღმა გაგაგდებს, ყველაფერი მაშინვე დამთავრდება. იღბლად, ჩეკო ძალიან კორექტული პილოტია და ჩვენ შესანიშნავი ბრძოლა გამოგვივიდა. მოსახვევში შესვლამდე, ჩემ წინ საკმარისად იყო თავისუფალი სივრცე და ისე დავამუხრუჭე, რომ ბორბლები არ გამეჭედა. თან გარე ტრაექტორიაზე ვიყავი. მან სცადა, რომ ჩემთვის გზა არ მოეცა და მეორე მოსახვევში ოდნავ შევეხეთ კიდეც. მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი კარგად დამთავრდა და მე ჩემსას მივაღწიე“.
კარგი რბოლის მიუხედავად, ფერსტაპენმა მხოლოდ მე-10 ადგილი დაიკავა, მაგრამ ეს იმის ბრალია, რომ მის ძრავს სიმძლავრე აკლდა. „ვფიქრობ, მეათე ადგილით კმაყოფილი უნდა ვიყო. ეს შესაძლებლის მაქსიმუმია. უნდა გავითვალისწინოთ, რომ აქ გრძელი სწორი მონაკვეთებია, სადაც „ლოტუსის“ და „ფორს ინდიას“ უკან მოტოვება ძალიან ძნელია. მაგრამ მე ვისიამოვნე ჩემი ბრძოლებით და გასწრებებით. თქმა არ უნდა, რომ ძალიან პოზიტიური რბოლა იყო“, - ასე აფასებს თავის გამოსვლას 18 წლის ბიჭი, რომელსაც მართლა დიდი მომავალი აქვს!

No comments:

Post a Comment